აკობიამ მინსკის ტურნირი შეაჯამა

დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ნოდარ აკობიას პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მწვრთნელმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი შეაჯამა. პრესკონფერენციას ასევე ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზის მფლობელი, ჩვენი 17-წლამდელების მეკარე ოთო გოშაძე ესწრებოდა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირ – „Development Cup“ – ზე მეხუთე ადგილი მოიპოვა. აღნიშნული ტურნირი ელიტ-რაუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო.

ნოდარ აკობია: ტურირისთვის ერთი კვირა თბილისში ვემზადებოდით, რის შემდეგაც მინსკში გავემგზავრეთ და მზადება ადგილზე გავაგრძელეთ. პირველი ორი შეხვედრა ირანისა (8:0) და ყაზახეთის (6:0) წინააღმდეგ ადვილად მოვიგეთ. შემდეგ ეტაპზე ლიტვას დავუპირისპირდით. ეს ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა იყო ჩვეთვის. თუმცა, სირთული ლიტველების კარგ თამაშს არ განუპირობებია. ბალტიისპირელები მთელი გუნდით იცავდნენ საკუთარ თავს და ჩვენს ნახევარზე მხოლოდ ორჯერ გადმოვიდნენ. მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანეს, სადაც იღბალმა ზურგი გვაქცია. ლიტვის შემდეგ შევხვდით ფინეთისა და ირანის ნაკრებებს, რომლებიც შესაბამისად 2:0 და 1:0 დავამარცხეთ და მეხუთე ადგილი მოვიპოვეთ. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე 17 გოლი გაიტანა, საკუთარი კარი კი მშრალად შევინახეთ ყველა შეხვედრაში.

ტურნირი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. გამოვყოფდი გამოვყოფდი ფინეთის, უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის ნაკრებებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემადგენლობაში საუკეთესოები ქართველი ფეხბურთელები მელქაძე და ყიფიანი იყვნენ.

ელიტ რაუნდისთვის მომზადებას თბილისში გავაგრძელებთ. შეკრებას ნაკრების ბაზაზე გავივლით, სადაც ყველანაირი პირობაა. იყო ანტალიის ვარიანტი, თუმცა იქ სპარინგ-პარტნიორების პოვნა იმ პერიოდში რთული იქნება, შესაბამისად საქართველოში დარჩენა ვამჯობინეთ. 13 და 15 თებერვალს ორი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი ყაზახეთის ნაკრებთან.

ვნახეთ ელიტ-რაუნდში ჩვენი მეტოქეების თამაშები. გერმანია და სერბეთი საკმაოდ ძლიერები არიან. ირლანდია მათ ოდნავ ჩამორჩება, თუმცა არც ეს გუნდია სუსტი. მიუხედავად ამისა, წარმატების იმედი ყველას გვაქვს.

ოთო გოშაძე: საუკეთესო მეკარის პრიზი ნამდვილად სასიამოვნოა. საერთაშორისო ტურნირებზე თამაში მშვენიერი გამოცდილებაა, რაც უკეთესად თამაშში მიწყობს ხელს.