მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოს, კომპანია „ვისოლმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაფინანსება შეწყვიტა. მოსვლის დღიდან, ნავთობკომპანიამ ჩვენი კლუბის ფეხზე დასაყენებლად, განსავითარებლად და მოწინავეთა რიგებში ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტი განახორციელა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ტორპედომ“ ევროსარბიელზე ზედიზედ ორჯერ ითამაშა და შიდა ასპარეზზე კი ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში თავის გამოჩენის საშუალება მიეცა უამრავ ახალგაზრდას, რომელთა ნაწილი დღეს უკვე საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.
„ტორპედოდან“ მფლობელის წასვლამ, ბუნებრივია, კლუბში თანამდებობრივი ცვლილებები გამოიწვია. სხვა პირებთან ერთად საკუთარი პოსტი უკვე დატოვა გოგა პაპიაშვილმაც. „ტორპედოს“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს კომენტარი მაშინ ვთხოვეთ, როცა იგი თავის ძველ კაბინეტს მისი პირადი ნივთებისგან ათავისუფლებდა…
გოგა პაპიაშვილი: „ვფიქრობ, ჩემგან რეკომენდირებული არ იქნება „ტორპედოში“ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ საუბარი. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ გადაბარების პროცესში ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე შევასრულებ და მაქსიმალურად შევეცდები, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ყოველივე.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ქუთაისელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ მართლაც წვიმასა და ქარში ერთად ვიდექით გუნდის საკეთილდღეოდ. მინდა იცოდეთ, რომ თუ რომელიმე ქართულ კლუბს ვგულშემატკივრობ, ჩემთვის პირველი ყოველთვის „ტორპედო“ იქნება. ძალიან მინდა, რომ 9 მარტს თბილისის „დინამოსთან“ თამაშზეც ჩამოვიდე და მხარი დაგიჭიროთ.
საერთოდ სენტიმენტალობა არ მახასიათებს, მაგრამ ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის დატოვება. აქაურობა ჩემი მეორე სახლი იყო. მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ „ტორპედოს“ და ზოგადად ქუთაისს”.
დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გოგას “ტორპედოსთვის” გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში.
FCTorpedo.GE