ჯანი ინფანტინოს ფიფას პრეზიდენტად, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ვადით აირჩევენ

ფიფას მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აღნიშნულ პოსტზე, სავარაუდოდ, კიდევ ერთი სამწლიანი ვადით იქნება არჩეული.

“ფაინენშელ თაიმსის” ცნობით, 211-დან 196-მა ეროვნულმა ფედერაციამ ინფანტინოს მხარდაჭერის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.

ჯანი ინფანტინოს მთავარი ოპონენტი რამონ ვანგა იქნება, რომელმაც ეროვნული ასოციაციებისგან დიდი გაჭირვებით მოაგროვა ხუთი ხმა, რათა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა წარედგინა.

ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის საბოლოო ვადა 5 თებერვალია, ხოლო თავად არჩევნები მიმდინარე წლის 5 ივლისს, პარიზში ჩატარდება.

მარადონა ფიფაში იმუშავებს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ფიფას სტრუქტურაში იმუშავებს.

“უკვე ოფიციალურად: როგორც იქნა, ერთ-ერთი ოცნების ახდენის საშუალება მომეცა: ფიფას სისუფთავესა და გამჭირვალობაზე ვიმუშავებ იმ ხალხთან ერთად, რომელსაც ნამდვილად უყვარს ფეხბურთი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ახალი გამოწვევის წინაშე დამაყენა”, – დაწერა სოციალურ ქსელში მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერის პრეზიდენტობის დროს დიეგო მარადონას ფიფასთან საკამოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

ჯანი ინფანტინო: “ფიფასთვის სახელწოდების შეცვლა გვინდოდა”

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.

“ფიფა უფრო გამჭირვალე ორგანიზაციად ვაქციეთ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს კარგი ხელმძღვანელობა ჰყავს. კოლეგებთან ერთად ისტორიის ახალ გვერდზე გადავედით. ჩვენ სრულიად განსხვავებულად ვმუშაობთ. ორგანიზაციაში ახალი ადამიანები მოვიდნენ, რომელთაც ახალი ფუნქციები დაეკისრათ. ახლა ფიფა უფრო გამჭირვალედ მუშაობს და ასე იქნება მომავალშიც”, – ფიფას პრეზიდენტის სიტყვებს CNN ციტირებს.

ჯანი ინფანტინომ ფიფაში განუხორციელებელ იდეებზეც გააკეთა კომენტარი.

“რასაც ახლა ვიტყვი, ყველასთვის ახალი ამბავი იქნება: ფიფას ახალი იმიჯის შექმნის პროცესში გვინდოდა, რომ ძველი აბრევიატურა ახლით შეგვეცვალა. გარდა ამისა, ფიფას შტაბ-ბინის ადგილმდებარეობის შეცვლა გვსურდა, თუმცა ეს იდეები იდეებად დარჩა. მსოფლიო საზოგადოება ამ ორგანიზაციას ფიფას სახელით იცნობს და ახალი სახელწოდების შემოღება დაბნეულობას გამოიწვევდა”, – აღნიშნა ინფანტინომ.

ინფანტინოს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებში ქალი მსაჯების დანიშვნა სურს

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ახალი ინიციატივით გამოდის. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძძღვანელს სურს, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ცალკეული მატჩები ქალმა მსაჯებმა განსაჯონ.

“დიდი სურვილი მაქვს, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრებში ქალმა არბიტრებმა იმუშაონ. ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ და ვნახოთ, რამდენად გამოვა აღნიშნული ინიციატივის რეალობაში განხორციელება”, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

თუ ინფანტინოს ეს შემოთავაზება დამტკიცდება, ქალი მსაჯები მამაკაცთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე პირველად იმსაჯებენ.

ინფანტინო: “აშშ-ს ხვალვე შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა”

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თვლის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს პრობლემა არ ექნება, თუ მას მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას ანდობენ.

“შეერთებულ შტატებს მუნდიალის მასპინძლობა ხვალვე შეუძლია. აქ ძალიან კარგად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთი ყოველწლიურად ვითარდება. აშშ-ში ქალთა ფეხბურთი ფანტასტიურ დონეზეა. გასულ წელს ვანკუვერში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დავესწარი. აშშ-ის კაცთა ნაკრები 1990 წლიდან სტაბილურად თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი შედეგი სახეზეა”, – ინფანტინოს სიტყვებს NBCSports-ი ციტირებს.

 

ინფანტინო ფეხბურთში ვიდეოგამეორებების შემოღებას აპირებს

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ფეხბურთში ვიდეოგამეორებების შემოღებას აპირებს.

“ფეხბურთი განსაკუთრებული თამაშია. ეს სპორტის ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი სახეობაა. ფეხბურთის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მატჩის მიმდინარეობაა. ფეხბურთი არ ჰგავს სპორტის სხვა სახეობებს, სადაც ვიდეოს სანახავად თამაში ჩერდება. ფეხბურთში მუშაობენ მსაჯები, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. უნდა შევამოწმოთ, რამდენად მოერგება თამაშის მიმდინარეობას ტექნოლოგიური მოწყობილობები. ღირს, რომ ტექნიკური საშუალებები ფეხბურთშიც გამოვცადოთ”, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს “გარდიანი”.

 

ინფანტინომ ფიფას ისტორიის მუზეუმი გახსნა

ფიფას პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან ორი დღის შემდეგ ჯანი ინფანტინომ პირველ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შვეიცარიელმა ციურიხში ფიფას ისტორიის მუზეუმი გახსნა. მუზეუმში ათასზე მეტი ექსპონატია დაცული. გარდა ამისა, ობიექტზე განთავსებულია ბიბლიოთეკა, კაფე და ბარი.

“ეს შესანიშნავი მუზეუმია, რომელიც ფეხბურთის უნივერსალურობას ასახავს. ეს არის ზეპ ბლატერის შესანიშნავი იდეა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ”, – ინფანტინოს სიტყვებს “ლეკიპი” ციტირებს.

 

ჯანი ინფანტინო: “ფეხბურთის ბნელი დრო დამთავრდა”

ფიფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჯანი ინფანტინო უხელმძღვანელებს. შვეიცარიელმა პოსტზე არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ახლა მიჭირს სიტყვებით იმის გამოხატვა, თუ რას ვგრძნობ. ჩვენ ფიფას იმიჯს განვაახლებთ. მთელი მსოფლიო იამაყებს ჩვენით. მადლობას ვუხდი ყველა ფედერაციასა და დანარჩენ კანდიდატებს.

მინდა, ფეხბურთის ახალი ერა დავიწყო, სადაც მთავარი იქნება უშუალოდ თამაში. ფეხბურთმა ბნელი დრო გამოიარა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულია.

ყველას გიწვევთ ჩვენთან სათანამშრომლოდ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას”, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს DW Sports-ი.

 

ინფანტინომ დაადასტურა, რომ მუნდიალის მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს

უეფას გენერალურმა მდივანმა და ფიფას საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.

“რამდენიმე ფედერაცია მზად არის, ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის მსხვილი ინვესტიციები გაიღოს. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობაც გაიზარდა, თუმცა ფეხბურთის ხარისხი შენარჩუნდა. ფეხბურთი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველდღიურად უმჯობესდება და შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მუნდიალის მონაწილე ნაკრებების რაოდენობა გავზარდოთ”, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს Goal.com-ი.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო პირველობის მონაწილე გუნდთა რაოდენობა შესაძლოა, 40-მდე გაიზარდოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 26 თებერვალს ჩატარდება.

 

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე საფრანგეთი მხარს ინფანტინოს დაუჭერს

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას დაუჭერს.

“საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას დაუჭიროს. მის კანდიდატურას ხმა აღმასკომის 12-დან 11 წევრმა მისცა.

ჯანის წარმატებულად მუშაობისთვის ყველა აუცილებელი თვისება აქვს. მას გააჩნია გამოცდილება, ნიჭი, რწმენა და არის შრომისმოყვარე. ინფანტინომ ეს უეფას გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის პერიოდში გამოავლინა.

ინფანტინოს პროგრამა მოიცავს განვითარების გონივრულ და სწორ მიმართულებას. იგი გულისხმობს ფიფას იმიჯის ამაღლებას, ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზე, საგანმანათლებლო ღირებულებებსა და მსოფლიოში ფეხბურთის ერთიანობაზე.

ჯანის სურს, რომ ფიფას 209-ვე ფედერაციაში დემოკრატია და თანასწორობა დაამყაროს”, – ნათქვამია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 26 თებერვალს ჩატარდება.

 

ინფანტინოს სურს, რომ მუნდიალი ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდეს

უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის იბრძოლებს და უკვე საარჩევნო პროგრამაც წარადგინა.

ინფანტინო თავის პროგრამაში აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ტურნირის ჩატარება ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაშია შესაძლებელი. გარდა ამისა, იგი მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების 40-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ინფანტინო იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, ფიფას მთელ ადმინისტრაციულ სტრუქტურას გარდაქმნის და ორგანიზაციის ყველა ძირითად პოსტზე მუშაობის ვადებს შეზღუდავს.

 

კონმებოლი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯანი ინფანტინოს უჭერს

კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანო) პრეზიდენტმა ხუან ანხელ ნაპუტმა განაცხადა, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში სამხრეთ ამერიკა მხარს უეფას გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ ნაპუტმა მანამდე მხარდაჭერა მიშელ პლატინის გამოუცხადა, თუმცა ფრანგი ჩინოსანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი, რის გამოც მუშაობის უფლება შეჩერებული აქვს და არც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში დაამტკიცეს მისი კანდიდატურა.

“ჩვენ ერთხმად მხარს ვუჭერთ ინფანტინოს. ჯანისთან გვქონდა საუბარი და მივხვდით, რომ სწორედ ეს ადამიანი გვჭირდება”, – ციტირებს ნაპუტის სიტყვებს AFP.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება.