ოქრიაშვილი „დინამო თბილისის“ საქციელმა გაანაწყენა

როგორც მოგეხსენებათ, თურქეთში შეკრებაზე მყოფ „დინამო თბილისს“ მორიგი საკონტროლო მატჩი ოდესის „ჩერნომორეცთან“ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 25 წუთით ადრე მომხდარი ცვლილების გამო, ქართველმა ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. მატჩის 62-ე წუთზე უკრაინულმა გუნდმა ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე სათამაშოდ მწვრთნელი სტეპან მატვიივი შეუშვა, რაც „დინამომ“ უპატივცემულობად მიიღო და შეხვედრა ჩაშალა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა „ჩერნომორეცის“ ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა.

„ისე გამოვიდა, რომ ტრავმა მივიღე და ცვლილება აღარ გვქონდა, რადგან იმ დღეს ორი სხვადასხვა შემადგენლობით ვთამაშობდით. მოედანზე გამოვიდა ჩვენი გუნდის მესამე მწვრთნელი, რამაც „დინამო თბილისის“ წარმომადგენლები ძალიან გააღიზიანა და თამაში აღარ მოინდომეს. მითხრეს, რომ ეს უპატივცემულობაა.

თავადაც განაწყენებული გახლდით იმით, რომ ქართველები ასე მოიქცნენ. მე მათ ვთხოვე, მაგრამ ასე მიპასუხეს: „ოქრი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, გაფასებთ, მაგრამ თამაშს აღარ ვაპირებთ, რადგან ეს უპატივცემულობაა“. აი, ასე დასრულდა ეს ამბავი“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.

ბექა დოგრაშვილი