თექთურმანიძე დილაში გადავიდა

ცხინვალის “სპარტაკის” შემტევი ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს.

თექთურმანიძე ცხინვალელთა შემადგენლობაში გასული სეზონის სტარტზე, თბილისის “დინამოდან” გადავიდა.  2013-2014 წლების სეზონში “სპარტაკში” 27 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კი თექთურმანიძე ცხინვალელთა შემადგენლობაში მოედანზე 15-ჯერ გამოჩნდა.

მიმდინარე სეზონში გორის “დილა” და ცხინვალის “სპარტაკი” ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტები არიან.

გიორგი თექთურმანიძე: “კობა ჟორჟიკაშვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში”

გიორგი თექთურმანიძე საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მან უკვე რამდენიმე გუნდში მოასწრო თამაში და ყველგან წამყვან მოთამაშედ იქცა.  ჩვენ გიორგის თურქეთში დავუკვაშირდით, სადაც ის ცხინვალის „სპარტაკთან“ ერთად შეკრებას გადის და მის კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.            

 

— ფეხბურთის თამაში როდის და სად დაიწყე?

— თამაში 2000 წელს, კობა ჟორჟიკაშვილთან დავიწყე, საფეხბურთო სკოლა „ირაოში“. ჟორჟიკაშვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში და ახლაც ხშირად ვითვალისწინებ მის აზრსა და რჩევებს.

 

— უმაღლეს ლიგაში დებიუტი საკმაოდ ადრეულ ასაკში გქონდა…

— დიახ, დებიუტი 17 წლისასაკში „სპარტაკის“ შემადგენლობაში მქონდა, რომელსაც იმ დროს ჟორჟიკაშვილი წვრთნიდა, რაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.

მერე იყო საფეხბურთო სკოლა „ოლიმპი“. იქ გატარებული დრო ყოველთვის კარგ მოგონებებთან იქნება დაკავშირებული. უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი და ბევრ კარგ სპეციალისტთან მომიწია მუშაობა.

 

— შემდეგ  „დინამო თბილისში“ აღმოჩნდი. როგორ გაიხსენებდი ამ პერიოდს?

— „დინამოს“ პერიოდი ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში ყველაზე დიდი სკოლაიყო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო კახა კაჭარავა, რომელიც,  ჩემიაზრით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისგან და იმ ფეხბურთელებისგან, ვისთან ერთადაც „დინამოში“ მომიწია მუშაობა, ძალიან ბევრი ვისწავლე როგორც საფეხბურთო, ასევე ცხოვრებისეული თვალსაზრისით.

 

— ალექს გარსიაზე რას იტყოდი?

—გარსიაზე საუბრისას აღსანიშნავია მისი მიდგომა ზოგადად ფეხბურთის და ფეხბურთელების მიმართ. მან სრულიად ახალი ხედვა შემოიტანა მაშინდელ „დინამოში“,  რამაც ჩვენ ერთ ოჯახად ჩამოგვაყალიბა. გარსია ცდილობდა, რომ ევროპული და შემოქმედებითი ფეხბურთი გვეთამაშა.

 

— შემდეგ იყო იჯარა რუსთავის „მეტალურგში“…

—რუსთავში გადასვლა ძირითადად კობა ჟორჟიკაშვილის ფაქტორმა განაპირობა და ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ვნანობ. „მეტალურგის“ შემადგენლობაში დაუვიწყარი წელი გავატარე, რომლის განმავლობაში უამრავი სასიხარულო მომენტი იყო.

 

— რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც „დინამოში“ ბოლომდე ვერ მოახერხე დამკვიდრება?

— ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს. ვინც საფეხბურთო სამყაროში ტრიალებს, მშვენივრად იცის გუნდის მაშინდელი სპორტული დირექტორის მიდგომა ფეხბურთისადმი.

 

— „სპარტაკზე“ და შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

— „სპარტაკი“ ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია და აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. შემადენლობიდან გამომდინარე, უმაღლესში გადარჩენისთვის არ უნდა ვიბრძოდეთ, მაგრამ რეალობა ასეთია და ჩვენ ყველა მატჩზე მოსაგებად გავალთ.