საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის “ბ” დივიზიონი მე–10 ადგილზე დაასრულა

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონი, რომელშიც 14 ნაკრები მონაწილეობდა, მე–10 ადგილზე დაასრულა. მე–9 ადგილისთვის მატჩში დავით უსტიაშვილის გუნდი რუმინეთს შეხვდა და 50:66 დამარცხდა.

რუმინეთიის გუნდია, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე წლის ივნისში 2 მატჩი მოუგო, 1 კი დათმო. ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, „ბ“ დივიზიონის მე–9 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდნენ, რომელშიც რუმინელებმა უპრობლემოდ იმარჯვეს.

ქართველთაგან ერთადერთი ნათელი წერტილი ბექა ბურჯანაძე გახლდათ, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. მის შემდეგ საუკეთესო შედეგი ნუგზარ აბულაძეს ჰქონდა – მხოლოდდამხოლოდ 5 ქულა.

მაშ ასე, საქართველოს ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში თამაში და მომავალი წლის ზაფხულში კვლავ ანალოგიურ ეშელონში იასპარეზებს.

 

ევროპის ჩემპიონატი. B  დივიზიონი. მე–9 ადგილისთვის. ბოსნია. 20 ივლისი

რუმინეთი 66:50 საქართველო

18:11, 20:18, 13:9, 15:12

საქართველო: ბურჯანაძე (26ქ, 6მ), დარახველიძე,  ბოლქვაძე (2), ა. გოგოძე (2ქ), მიქელაძე (2ქ, 3პ), კვანტალიანი (3), ცირეკიძე, აბულაძე (5), სანაძე (2ქ), მირზიაშვილი (8ქ)

gbf.ge

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს სძლია და რუმინეთს შეხვდება

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების წარმატებული მატჩი ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში. სამწუხაროდ, დღევანდელი გამარჯვება მხოლოდ მე–9 ადგილისკენ მიმავალი გზის პირველი ნახევარია. თუკი ქართველები ხვალ რუმინეთს მოუგებენ, მე–9 ადგილს დაიკავებენ.

 

რუმინეთმა დღეს ავსტრიას დაძაბულლ ბრძოლაში – 70:68 სძლია და მე–9 ადგიისთვის მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველებმაც და რუმინელებმაც თავიანთ – A და B ჯგუფებში მე–5 ადგილი დაიკავეს და მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლიათ, მე–9 ადგილია.

 

რუმინეთი და საქართველო მიმდინარე ზაფხულში ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. სამივე მატჩი ბუქარესტში გაიმართა და ყველა ამხანაგურ ხასიათს ატარებდა. ქართველებმა 2 შეხვედრის მოგება მოახერხეს და ხვალინდელ მატჩშიც ფავორიტად დავით უსტიაშვილის გუნდი ითვლება.

 

რაც შეეხება ესტონეთთან დღევანდელ შეხვედრას, ის ქართველების უპირატესობით როგორც დაიწყო,  ისე დამთავრდა. საბოლოოდ უსტიაშვილის გუნდმა მხოლოდ 8 ქულით იმარჯვა, თუმცა ქართველები რომ ამ თამაშს მოიგებდნენ, საეჭვო მატჩის არც ერთ მონაკვეთში არ გამხდარა.

 

ქართველებს 16 ქულა–11 მოხსნით ბექა ბურჯანაძემ ულიდერა. 12 ქულა და 5 პასი მიითვალა ირაკლი მიქელაძემ, ხოლო სანდრო სანაძის ანგარიშზე 10 ქულ და 6 მოხსნა დაგროვდა.

 

მე–9 ადგილისთვის მატჩში საქართველო და რუმინეთი ერთმანეთს ხვალ – 19:30 საათზე შეხვდებიან.

gbf.ge

ბურჯანაძემ და მიქელაძემ ჯგუფურ ეტაპს ულიდერეს, საქართველო კი მე–9 ადგილისთვის იბრძვის

დასრულდა ევროპის 20–წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის ჯგუფური ეტაპი. საქართველო ბოლო ტურში ისვენებდა და ელოდებოდა მატჩების დასრულებას, რათა მომავალი მეტოქე შეეტყო.

ქართველებმა ჯგუფში 6 მატჩიდან 2 მოგება მოიპოვეს და ცხადი გახდა, რომ დავით უსტიაშვილის გუნდი მე–5 ადგილზე ზევით ვერ ავიდოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველო ბრძოლას 9–12 ადგილებისთვის გააგრძელებდა. უბრლოდ, მეტოქე არ იყო გარკვეული.

ახლა კი უკვე ცნობილია, რომ 19 ივლისს საქართველოს ნაკრები ესტონეთს შეხვდება, რომელმაც Aჯგუფში მე–6 ადგილი დაიკავა. 9–12 ადგილების ფლიგელში მეორე წყვილში ერთანეთს რუმინეთი და ავსტრია ხვდებიან. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს ხვალ მე–9 ადგილისთვის შეხვდებიან, ხოლო დამარცხებულები მე–11 ადგილისთვის იბრძოლებენ.

რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ ბოსნია–უკრაინა და ბელარუსი – ბელგია შეხვდებიან. ამ 4–დან 3 საუკეთესო „ა“ დივიზიონში გადავა. ჯგუფებში 3–4 ადგილებზე გასული გუნდები (პორტუგალია, კვიპროსი, ჰოლანდია, ფინეთი) კი ერთმანეთში 5–8 ადგილებს გაითამაშებენ.

ბოლოადგილოსანი ლუქსემბურგი და შვეიცარია ერთამნეთს მე–13 ადგილისთვის შეხვდებიან.

ქართველებისთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მექულე და მეპასე საქართველოს ნაკრების წევრები არიან. მატჩში საშუალოდ მოგროვებული 21.8 ქულით ბექა ბურჯანაძემ ჯგუფურ ეტაპს ულიდერა, ხოლო მოხსნებში ის 9.8 ერთეულით მე–3 ადგილზეა. საუკეთესო მეპასე გახდა ირაკლი მიქელაძე, რომელმაც 7 მატჩში 39 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მოხსნების ლიდერი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი გასული თვის ნბა–ს დრაფტში მე–16 ნომრად “დენვერ ნაგეტსმა” აიყვანა. ნურკიჩმა მექულეთა (18.5) რბოლა ბურჯანაძის უკან, მე–4 ადგილზე .

9–12 ადგილებისთვის

19 ივლისი

A საქართველო – ესტონეთი   21:30 (თბილისის დრო)

B რუმინეთი – ავსტრია

 

20 ივლისი

9 ადგილისთვის

A გამარჯვებული – B გამარჯვებული

11 ადგილისთვის

A დამარცხებული – B დამარცხებული

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი შვეიცარიის ძლევით დაასრულა

საქართველოს 20–წამდელთა ნაკრების შთამბეჭდავი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში. დავით უსტიაშვილის გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს, თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებს გამარჯვებისკენ ლტოლვას. დღეს ქართველებმა ისეთი მატჩი მოიგეს, ბევრი ხელჩაქნეულად რომ მიიჩნევს.

უსტიაშვილის გუნდის მეტოქე შვეიცარია იყო, რომელსაც  მართალია ჯგუფში ყველა მატჩი ჰქონდა წაგებული, თუმც აუტსაიდერად მაინც ვერ ჩაითვლებოდა. ასაკობრივ ჩემპიონატებზე გამოკვეთილი ლიდერი ან აუტსაიდერი არ არსებობს და ეს დღეს ქართველებმაც გამოსცადეს. შვეიცარიელებმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყეს დ შეხვედრის უმეტეს დროს იგებდნენ კიდეც.

შვეიცარიელებს მოგება თითქმის განაღდებული ჰქონდათ, როცა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე იონ ვოლფსბერგმა მორიგი ბურთი ჩააგდო და თავისიანები 76:71 დააწინაურა. წაგების წინაშე დამდგარმა საქართველოს ნაკრებმა მობილიზება მოახერხა და დარჩენილი 120 წამი მეტოქეს 8:0 მოუგო – შესაბამისად 79:71 გაიმარჯვა და ბოლო მატჩებში ნაწილობრივ შელახული ავტორიტეტი მნიშვნელოვნად აიმაღლა.

გადამწყვეტ წუთებში ვინც მოედანზე იყო, ყველამ ღირსეულად ითამაშა, ბურთები კი ნოდარ გოგოძემ (3–ქულიანი), ირაკლი მიქელაძემ (საჯარიმოები) და ბექა ბურჯანაძემ (3–ქულიანი) ჩააგდეს, რამაც ქართველებს ტურნირზე მეორე გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი კვლავ ბექა ბურჯანაძემ და ირაკლი მიქელაძემ დააფიქსირეს. ბურჯანაძემ 23 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, მიქელაძემ კი ორმაგი დუბლი მოიხვეჭა – 16 ქულა, 12 პასი. როგორც ჩანს, მიქელაძე შედეგიან გადაცემებში „ბ“ დივიზიონს ულიდერებს. იგი აქამდე მატჩში საშუალოდ მითვილი 6 პასით ლიდერი იყო და ახლა მეტოქეებთან უპირატესობას კიდევ უფრო გაზრდის.

 

საქართველოს ნაკრებმა ამით ჯგუფური ეტაპი დაასრულა – 2 მოგება, 4 წაგება.  ქართველები ახლა დაელოდებიან ჯგუფური ეტაპის დასრულებას (17 ივლისი), რათა საკუთარი მეტოქის ვინაობა შეიტყონ. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის, ხოლო III-VII ადგილებზე გასულები ბრძოლას 5–14 ადგილებისთვის განაგრძობენ.

ეგრედ წოდებული პლეი აუტი პლეი ოფის სისტემით ჩატარდება. გუნდები შემდეგი პრინციპით დაწყვილდებიან:

 

 

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 16 ივლისი

შვეიცარია 76:79 საართველო

19-19 19-18 19-21 19-21

საქართველო: ბურჯანაძე (23ქ, 8მ), ბოლქვაძე (5), დარახველიძე (2),  გოგოძე (16), მიქელაძე (16ქ, 12პ), კვანტალიანი, ცირეკიძე(2), აბულაძე (4), სანაძე, მირზიაშვილი (11)

სრული სტატისტიკა: http://u20men.fibaeurope.com/enDivB/cid_GtpNa-qCJkM1Osy8c8nb01.

gbf.ge

ლილუაშვილმა ნაკრები თვითნებურად დატოვა, რის გამოც სასჯელი ელის

სარაევოში, ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მოასპარეზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 1 მოთამაშე გამოაკლდა. უკანახაზელმა ზეზვა ლილუაშვილმა ნაკრები თვითნებურად დატოვა და საქართველოში გამოემგზავრა. მწვრთნელთა შტაბისთვის და ბოსნიაში მყოფ საქართელოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისთვის, კახა შენგელიასთვის მიზეზი ლულუაშვილის სარაევოდან წამოსვლის წინ გახდა ცნობილი. კალათბურთელმა ნაკრები სათამაშო დროის ნაკლებობის გამო მიატოვა. დეტალებზე გვესაუბრება 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი, რომელსაც სარაევოში შევეხმიანეთ…

– გუშინ, ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ ზეზვა ლილუაშვილმა გამოგვიცხადა, რომ თბილისის ბილეთი აქვს აღებული და საქართველოში მიემგზავრება. მიზეზად სათამაშო დროის ნაკლებობა დაასახელა.

– ჰოლანდიასთან მატჩში ლილუაშვილს არ უთამაშია…

– ზეზვამ მხოლოდ ბოლო, გუშინდელი მატჩი არ ითამაშა ჰოლანდიასთან. მანამდე მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ის მოედანზე დიდი ხნით არ გაგვყავდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელების გადასაწყვეტია, თუ რამდენს ათამაშებს კალათბურთელს. ჩვენ კარგად ვიცოდით ლილუაშვილის შესაძლებლობები, ის ამხანაგურ მატჩებშიც გამოვცადეთ და ევროპის ჩემპიონატზე შესაბამის სათამაშო დროს ვაძლევდით. ჰოლანდიამდე გამართულ 4 მატჩში მან მთლიანობაში 23 წუთი ითამაშა.

– ის, რომ ლილუაშვილი უკმაყოფილო იყო, მანამდე თუ იცოდით, ან ამის რაიმე სხვა მიზეზი ხომ არ ჰქონდა?

– არანაირი სხვა მიზეზი არ ყოფილა. ის რომ სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო, მხოლოდ გუშინ, მის თბილისში გამომგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ. როცა გუშინ, ამის შესახებ თავად გვითხრა, მე ავუხსენი, თუ რატომ თამაშობდა ის მატჩში საშუალოდ 6 წუთს და არა მეტს. ისიც ვუთხარი, თუკი ამ ფაქტს ასე განიცდიდი, რომ ნაკრების დატოვება გადაწყვიტე, აქამდე რატომ არ გვითხარი ამის შესახებო. ჯობდა, მანამდე გამოეთქვა თავისი გულისტკივილი და არა ფაქტის წინაშე დავეყენებინეთ. ამის შესახებ რომ შევიტყვეთ, მას თბილისის ბილეთი უკვე აღებული ჰქონდა.

– თქვენთან ლაპარაკის შემდეგ ხომ არ შეუცვლია მას აზრი?

– არა მხოლოდ მე, ზეზვას „დინამოში“ თავისი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელიაც ელაპარაკა. ის შარშან სახელმწიფო გამოცდების გამო არ წამოვიდა 18-წლამდელთა ნაკრებში, წელს კი 1 წლით დიდებში თამაშობს. ანუ მას კიდევ უწევს მომავალ წელს 20-წლამდელებში თამაში და ჩემი აზრით, არ უნდა ჰქონოდა ამხელა ამბიცია.

 

P. S. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა და დეტალების დადგენის შემდეგ მოთამაშის სასჯელთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.

gbf.ge

ქართველმა 20–წლამდელებმა ჰოლანდიასთან მეორე ტაიმში წააგეს

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ისევ დამარცხდა – ამჯერად ჰოლანდიასთან. როგორც ყოველთვის, ქართველებმა ამჯერადაც კარგად დაიწყეს თამაში და მეტოქეს პირველი ტაიმიც მოუგეს, მაგრამ საბოლოო წარმატების მოსაპოვებლად ძალები აღარ შერჩათ და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სხვაობით – 51:73 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ ჰქონდა, თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებდა ჰოლანდიასთან შეხვედრის მნიშვნელობას. საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 15:12 მოიგო, მეორე კი 12:14 დათმო და დიდ შესვენებაზე 1–ქულიანი უპირატესობით გავიდა – 27:26.

ცუდ ჩვეულებად იქცა, რომ საქართვეოს ნაკრები მატჩის დასკვნით ნაწილს ცუდად ატარებს. ამჯერადაც ასე მოხდა. დავით უსტიაშვილის გუნდმა მესამე პერიოდი 11:19 წააგო და ვითარება ვერც ბოლო პერიოდში გამოასწორა. საბოლოოდ ქართველები 22 ქულით დამარცხდნენ, რითაც ჰოლანდიას ჯგუფიდან გასვლის შანსი გაეზარდა.

ქართველთაგან 10–ქულიან ზღვარს 2 კალათბურთელი ასცდა – ბექა ბურჯანაძემ 17 ქულა მოაგროვა, ხოლო ირაკლი მიქელაძემ – 11.

საქართელოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ხვალ დაასრულებს. უსტიაშვილის გუნდი თბილისის დროით 17:00 საათზე შვეიცარიას შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 15 ივლისი

საქართველო 51:73 ჰოლანდია

15:12, 12:14, 11:19, 13:28

საქართველო: ბურჯანაძე (17ქ, 6მ), ბოლქვაძე (2ქ, 6მ), გოგოძე (6), ტომარაძე, მიქელაძე (11ქ, 5პ), კვანტალიანი (7), ცირეკიძე, აბულაძე (2), სანაძე(4), მირზიაშვილი (2)

სრული სტატისტიკა: http://u20men.fibaeurope.com/enDivB/

gbf.ge

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსთან 63:82 წააგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მეოთხე მატჩი გამართა და მე-3 მარცხი იწვნია. პირველ შეხვედრაში, ფინეთთის მსგავსად, ქართველებმა ამჯერადაც 19 ქულით წააგეს. ამ 2 დიდი სხვაობით მარცხს შორის არის დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრიასთან (72:55) და დასანანი მარცხი (69:71) უკრაინასთან.

დღევანდელ ტურში ქართველები ჯგუფის ფავორიტ ბელარუსთან დამარცხდნენ. არადა, დავით უსტიაშვილის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 19:17 მოიგო. მეორე პერიოდში კი ვითარება ბელარუსელთა სასარგელოდ შეიცვალა. სლავებმა მაკსიმ სალაშის ევგენი ბელიანკოვის დახმარებით ლიდერობა მოიპოვეს და დიდ შესვენებამდე 12-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

მესამე მეოთხედში ქართველებმა სცადეს ვითარების გამოსწორება, ეს გარკვეულწილად მოახერხეს კიდეც და ბოლო პერიოდის დასაწყისისთვის ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს. თუმცა ეს იყო და ეს. საქართველოს ნაკრებს ძალა აღარ ეყო, გადამწყვეტი შტურმი მიეტანა მეტოქეზე. საბოლოოდ ბელარუსებმა 63:82 წააგეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს.

საქარათველოს ნაკრებში 15 ქულა-11 მოხსნით საუკეთესო ბექა ბურჯანაძე იყო, ირაკლი მიქელაძემ კი 10 ქულა და 5 პასი მიითვალა. უკრაინელბს ზემოთხსენებულმა სალაშმა და ბელიანკოვმა ულიდერეს 20-20 ქულით. დღესვე, უკრაინის ნაკრებმა 20 ქულით გაანადგურა ფინეთი, რითაც ქართველებს გული უფრო დაუმძიმა. ჩვენს ნაკრებს უკრაინასთან ბოლო წამზე რომ არ წაეგოთ და გამარჯვება მოეხერხებინათ, ახლა გასვლის კანდიდატთა შორის იქნებოდნენ.

საქართველოს ნაკრები ხვალ, 19:30 საათზე ჰოლადნიას დაუპირისპირდება.

ვროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 14 ივლისი

ბელარუსი 82:63 საქართველო

17:19, 25:11, 15:20, 25:13

საქართველო: ბურჯანაძე (15ქ 11მ), ბოლქვაძე (8), ლილუაშვილი (2), ტომარაძე (3), გოგოძე (7), მიქელაძე (10ქ, 5პ), კვანტალიანი (2), ცირეკიძე (8), აბულაძე (8), სანაძე

სრული სტატისტიკა: http://u20men.fibaeurope.com/enDivB/

gbf.ge

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან ბოლო წამებზე 2 ქულით წააგო

დასანანი მატჩი წააგო საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა უკრაინის ნაკრების დამარცხების შანსს, თუმცა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე უკრაინელთა ლიდერმა, ვლადისლავ კორენიუკმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო და სლავებს 71:69 გაამარჯვებინა.

კორენიუკი მთელი თამაშის განმავლობაში ავიწროვებდა ქართველებს. იგი საკუთარი სიმაღლის და მობილურობის ხარჯზე ძნელად სამეურვეო იყო და საბოლოოდ 32 ქულა მოაგროვა. ჩვენი ნაკრების ძირითადი ცენტრი, მერაბ მირზიაშვილი ფინეთთან შეხვედრაში დაშავდა და მას მერე მოედანზე ვეღარ გამდის. 207 სანტიმეტრი სიმაღლის კორენიუკის შეჩერება ქართველებმა ვეღარ მოახერხეს.

არადა, ქართველებსაც ჰყავდათ თავისი ლიდერი – ბექა ბურჯანაძე, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. ბურჯანაძე ევროპის ჩემპიონატის საწყისი 2  მატჩის შემდეგ საშუალოდ მოგროვებული 16,5 მოხსნით ტურნირს ამ კატეგორიაში ლიდერობდა, თუმცა უკრაინელებთან ყველას გასაოცრად მხოლოდ 1 (!) მოხსნას დასჯერდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ქართველები იგებდნენ, ხან – სლავები. ბოლო პერიოდი უკრაინელთა 4–ქულიანი ლიდერობით განახლდა და ცხადი იყო, მატჩის გამარჯვებული ბოლო წუთებამდე არ გამოვლინდებოდა.

უკრაინელებმა ბოლო პერიოდის შუაწელში 9–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (64:55), თუმცა ბექა ბურჯანაძისა და ირაკლი მიქელაძის შედეგიანობის წყალობით ჩვენები შანსს ინარჩუნებდნენ. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სლავები 68:62 იგებდნენ, ტაქტიკურად გამართული თამაშის წყალობით შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. ეს ბექა ბურჯანაძის სროლის შემდეგ მოხდა.

ქართველებმა უკრაინელთა ბოლო, მატჩის გადამწყვეტი შეტევა ვეღარ შეაკავეს. კორენიუკმა კარგო პასი მიიღო იგორ ბოიარკინისგან და ფარქვეშიდან გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

ბურჯანაძის შემდეგ ქართველებში შედეგიანობით ნოდარ გოგოძე (13 ქულა) გამოირჩა, ირაკლი მიქელაძემ 8 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო ლერი კვანტალიანის ანგარიშზე 5 ქულა დაგროვდა.

ქართველები მომდევნო მატჩს ხვალ, ბელარუსთან, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავენ.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 12 ივლისი

საქართველო 69:71 უკრაინა

20:21, 22:19, 12:18, 15:13

საქართველო: ბურჯანაძე (30ქ), ბოლქვაძე (3), ლილუაშვილი, ტომარაძე (2), გოგოძე (13), მიქელაძე

(8ქ, 6მ, 5პ), კვანტალიანი (5), ცირეკიძე (2), აბულაძე (4), სანაძე (2)

სრული სტატისტიკა: http://u20men.fibaeurope.com/enDivB/cid_GtpNa-qCJkM1Osy8c8nb01.

gbf.ge

დავით უსტიაშვილი: ფინეთთან მატჩის წინ სასტრუმროში გადაბარგება მოგვიხდა

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში ავსტრიის საკმაოდ ძლიერ გუნდს 17 ქულით მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ ბოსნიაში ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ, დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ.

კარგი თამაში იყო, განსაკუთრებით კარგად დაცვაში ვითამაშეთ და მნიშვნელოვან წილად ამან განაპირობა გამარჯვება. მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო და ბოლომდე გვებრძოლა. მთელი თამაში უკან მოგვსდევდა, სოლიდურად დაწინაურებას ბოლო წუთებამდე ვერ ვახერხებდით. საბოლოოდ ჩვენი ბიჭების მონდომებამ დამსახურებული შედეგი გამოიღო.

        გუშინ ფინეთთან წააგეთ, რას იტყვით ამ მატჩზე?

        არაა ლამაზი, რომ მარცხი გარე, არასპორტულ ფაქტორებს დავაბრალოთ, თუმცა იმის მიზეზი, რომ დიდი სხვაობით დავმარცხდით, სწორედ არასპორტულია. ერთი, რომ ჩვენი მატჩი გახსნის იყო და დღის 1 საათზე გაიმართა. ჩვენი გუნდი წინა დღეს ჩავიდა და ისედაც ნაკლები დრო გვქონდა ძალების აღსადგენად, მაგრამ ამას ცუდი დახვედრა დაერთო. ორგანიზატორებმა გაუგებარი მიზეზით თამაშის დღეს გადაწყვიტეს, რომ ნომრები გამოეცვალათ ჩვენთვის. ისე გამოვიდა, რომ გუნდი ისე წავიდა მატჩზე, რომ ბიჭებს საკუთარ ოთახში არ დაუსვენიათ. აშკარაა, რომ გუნდმა ძალები ვერ აღიდგინა და ფინეთთან მატჩში უშანსოდ დამარცხდა.

        თვენ უყურეთ სხვა გუნდების თამაშებსაც და რას იტყვით ჩვენს მეტოქეებზე?

        არც ერთი არაა ხელწამოსაკრავი. ძლიერი გუნდები ჰყავთ ჰოლანდიას, უკრაინას, ბელარუსს. ავსტრიაც საკმაოდ ძლიერია, გუშინ ამ გუნდმა შვეიცარია 24 ქულით დაამარცხა. ყველაფერი წინაა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

        ფინეთთან მხოლოდ ბექა ბურჯანაძემ ითამაშა შედეგიანად, დღეს კი მას სხვებმაც აუბეს მხარი…

        ეს ისევ და ისევ გუშინდელი მოუმზადებლობის ბრალია. გადაღლილმა შემადგენლობამ ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობების გამოვლენა. სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო მერაბ მირზიაშვილმა, რომელმაც დღევანდელ მატჩში ვერ ითამაშა და არ ვიცით, მოახერხებს თუ არა რეაბილიტაციას.

        მომდევნო მატჩში უკრაინას ხვდებით…

        უკრაინის თამაშის ფირი მოვიპოვეთ და ხვალ მას ვიდეოანალიზს გავუკეთებთ. ხვალ დილით ვივარჯიშებთ, აქაური დროით კი 17:00 საათზე თამაში დაიწყება.

gbf.ge

ქართველმა 20–წლამდელებმა გუნდური თამაშით ავსტრია 17 ქულით გაანადგურეს

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების პირველი გამარჯვება ბოსნიაში, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩები მიმდინარეობს. დავით უსტიაშვილის გუნდმა ის გუნდი დაამარცხა, რომელმაც გუშინ, პირველ ტურში შვეიცარია 24 ქულით გაანადგურა. ქართველებმა ავსტრიას სძლიეს და ეს დამაჯერებლად , 17 ქულის სხვაობით მოახერხეს.

მატჩი მთლიანობაში დაძაბული იყო, რაკი ბოლო პერიოდში სხვაობა მხოლოდ 3 ქულა (50:47) იყო, მაგრამ ქართველების დამაჯერებელი და რაც მთავარია, გუნდური თამაშის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და 14:7 დაწინაურდა, თუმცა პირველი პერიოდის დარჩენილ 3 წუთში ბურთი ვეღარ ჩააგდო და პერიოდი 14:17 დათმო.

მეორე მეოთხედიდან ქართველები გუნდურად ათამაშდნენ, რაც წარმატების უმთავრესი საწინდარი გახდა. გუშინ, ფინეთთან მატჩში ბექა ბურჯანაძემ 21 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა, თუმცა თანაგუნდელთაგან 10–ქულიან ზღვარსაც ვერავინ მიაღწია და წაგებაც გარდაუვალი გახდა. დღეს კი ქართველები გუნდურად გაისარჯნენ და შედეგიც სახეზეა.

ჩვენი ნაკრების წინამძღოლი ისევ ბურჯანაძე იყო, რომელმაც შეხვედრა 25 ქულა–14 მოხსნით დაასრულა, თუმცა გუნდის მოტორს ირაკლი მიქელაძე წარმოადგენდა, რომელმაც თავად ხომ 19 ქულა ჩააგდო, 9 შედეგიანი გადაცემა გასცა და ბურთი 7–ჯერ მოხსნა. ყველაზე საჭირო მომენტში, ბოლო პერიოდში, მიქელაძის ზუსტი გარღვევები და გამოზომილი პასები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა გამარჯვების მოპოვების საქმე.

აღსანიშნავია, რომ ქართველებმა მძლავრად ჩაატარეს მეორე პერიოდი, რომელიც 10 ქულით მოიგეს და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. მესამე პერიოდში დიდი ბრძლა გაიმართა, რომელშიც ქართველებმა ავსტრიელებს საშუალება არ მისცეს, თამაშში გარდატეხა შეეტანათ. ბოლო პერიოდის წინ ქართველების ლიდერობა მხოლოდ 5 ქულას შეადგენდა, რაც მალევე 3 ქულამდე შემცირდა. გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა გუნდურობა გამოავლინეს და მიქელაძის, ბურჯანაძის, ცირეკიძის და კვანტალიანის შედეგიანობით სოლიდურ ლიდერობას და ამას მოყოლილ 17–ქულიან გამარჯვებას მიაღწიეს.

დღესვე, ჩვენს ჯგუფში ბელარუსმა უკრაინა გაანადგურა. უკრაინა კი ის გუნდია, გუშინ ჰოლანდიას რომ სძლია. დღესვე უკრაინამ შვეიცარია გაანადგურა. ერთი სიტყვით, ყველაფერი წინაა და ის, თუ ვინ გავა ჯგუფიდან, ბოლო ტურებისკენ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფი 7–გუნდიანია და საუკეთესო 2 მათგანი ნახევარფინალში გადის.

საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 11ივლისი

ავსტრია 55:72 საქართველო

17:14, 7:17, 17:15, 14:26

საქართველო: ბურჯანაძე (25ქ, 14მ, 4ჩ), ბოლქვაძე (3), ლილუაშვილი, ტომარაძე, გოგოძე (2), მიქელაძე (19ქ, 7მ, 9პ), კვანტალიანი (10ქ), ცირეკიძე (11), აბულაძე (2), სანაძე, მირზიაშვილი

სრული სტატისტიკა: http://u20men.fibaeurope.com/enDivB/

gbf.ge

ბურჯანაძის 21 ქულამ და 19 მოხსნამ 20-წლამდელთა ნაკრებს ფინეთან ვერ უშველა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობა მარცხით დაიწყო. დავით უსტიაშვილის გუნდი სადებიუტო მატჩში ფინეთს შეხვდა და 56:75 წააგო.

ქართველებმა ბოლო მეოთხედი 10 ქულით (9:19) დათმეს და საბოლოოდ დიდი სხვაობითაც იმიტომ წააგეს. ბოლო მეოთხედამდე კი შედარებით თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ჩვენს ნაკრებში გამოირჩეოდა ბექა ბურჯანაძე, რომელმაც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ბურჯანაძემ საბოლოოდ 21 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა.

პირველი მეოთხედი ფინელებმა 22:15 მოიგეს, მეორე პერიოდშიც თითქმის ასეთი ანგარიში დაფიქსირდა – 22:17. დიდი შესვენების შემდეგ ქართველებმა თამაში გამოასწორეს და მესამე ათწუთეულში 15:12 იმარჯვეს. ბოლო პერიოდში უფრო მობილურად მოთამაშე ფინელებმა მატჩზე კონტროლი დაამყარეს და საბოლოოდ 19 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

ბექა ბურჯანაძის გარდა ქართველთაგან საკუთარი მონაგარი ორციფრიანი რიცხვით ვერავინ გამოხატა. 8 ქულა დააგროვა ირაკლი მიქელაძემ, 6 – სანდრო სანაძემ, ხოლო ლერი კვანტალიანმა და ნოდარ გოგოძემ პირად ანგარიშზე 5-5 ქულა ჩაიწერეს.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 10 ივლისი

საქართველო 56:75 ფინეთი

15:22, 17:22, 15:12, 9:19

საქართველო: ბურჯანაძე (21ქ, 19მ), ბოლქვაძე (1), ლილუაშვილი, ტომარაძე (2), გოგოძე (5), მიქელაძე (8ქ, 5პ), კვანტალიანი (5ქ, 7მ), ცირეკიძე, აბულაძე (4), სანაძე (6), მირზიაშვილი (4)

gbf.ge

 

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. დავით უსტიაშვილის გუნდი „ბ“ დივიზიონში იასპარეზებს და საუკეთესო სამეულში მოხვედრის შემთხვევაში „ა“ დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

20-წლამდელებმა შეკრება რუმინეთსა და ლუქსემბურგში გაიარეს, სადაც მთლიანობაში 6 მატჩი გამართეს. ქართველებმა რუმინეთისა და ლუქსემბურგის 20-წლამდელთა ნაკრებები 2-2-ჯერ დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის B ჯგუფში მოხვდა ფინეთთან, ჰოლანდიასთან, უკრაინასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და ბელარუსთან ერთად. მთლიანად „ბ“ დივიზიონში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფშია განაწილებული. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადის, ხოლო „ა“ დივიზიონის საგზურებს სამეულში მოხვედრილი გუნდები მოიპოვებენ.

ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩები 10-20 ივლისს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.

დღეს, საკალათბურთო აკადემიაში 20-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა.

შალვა ონიანი, 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი: ნაკრებმა მაღალი დონის მოსამზადებელი ეტაპი გაიარა რუმინეთსა და ლუქსემბურგში, სადაც იდეალურ პირობებში ვარჯიშობდა. გავმართეთ 6 საკონტროლო მატჩი, 3 რუმინეთთან და 3 ლუქსემბურგთან, რომლებიდანაც 4 მოვიგეთ. კალათბურთის ფედერაციამ მაქსიმუმი გააკეთა, რათა 20-წლამდელთა ნაკრები მაღალ დონეზე მომზადებულიყო. ახლა ჯერი ბიჭებზეა. ვნახოთ, ოფიციალურ მატჩებში როგორ გამოავლენენ საკუთარ თავს.

gbf.ge