მიოლერ-ნილსენი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რიქარდ მიოლერ-ნილსენი. სწორედ მისი თავკაცობით გახდა დანიის ნაკრები 1992 წლის ევროპის ჩემპიონი. სხვა მიღწევებთან ერთად მიოლერ-ნილსენი „ოდენსესთან“ ერთად ორჯერ გახდა დანიის ჩემპიონი, 1995 წელს მოიგო მეფე ფაჰდის თასის (ამჟამინდელი კონფედერაციის თასი) მფლობელი. ჟურნალ „უორლდ სოკერის“ ვერსიით, მიოლერ-ნილსენი 1992 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

მიოლერ-ნილსენის წარმატებები დანიური ფეხბურთის ყველაზე დიდ მიღწევებთან ასოცირდება.

მიოლერ-ნილსენი 1996-1999 წლებში ფინეთის, 2000-2002 წლებში კი ისრაელის ნაკრებს ედგა სათავეში. 2000 და 2001 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ მიოლერ-ნილსენის გაწვრთნილ ისრაელის ნაკრებს გაეჯიბრა: ჩვენმა გუნდმა ისრაელში გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დაასრულა, თბილისში კი 3:2 სძლია მეტოქეს.