„ბაიერნმა“ სტუმრად ათკაციანი „არსენალი“ წააქცია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე სტუმართა დომინაცია გრძელდება. მეორე დღესაც ორივე სტუმარმა გუნდმა მოიპოვა გამარჯვება, თანაც ისე, რომ კარი მშრალად შეინახეს. „ემირეითსზე“ ლონდონის „არსენალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. წყვილში ფავორიტად გერმანული გუნდი სახელდება და ეს რომ ასეა, პირველივე შეხვედრაში დამტკიცდა.

მატჩი ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და გოლის გატანის შანსიც მიეცათ, თუმცა ჯერ ტონი კროოსის შორეულ დარტყმულს გაუმკლავდა ვოიცეხ შჩესნი, შემდეგ კი მანუელ ნოიერმა აუღო იაია სანოგოს. მალევე „ბაიერნის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. საჯარიმო მოედანზე ჟერომ ბოატენგმა მესუთ იოზილი წააქცია. პენალტის შესრულება თავად დაზარალებულმა ითავა. იოზილმა ისე ცუდად დაარტყა, რომ უკვე გადამხტარმა ნოიერმა მაინც მოახერხა ბურთის მოგერიება. ასე გაანიავეს „მეთოფეებმა“ დაწინაურების კარგი შანსი. შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე თერთმეტმეტრიანი დარტყმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. მეკარესთან ერთი ერთზე გაჭრილი არიენ რობენი შჩესნიმ წააქცია, რის გამოც პოლონელი კიპერი წითელი ბარათით დაისაჯა. შჩესნიმ მოედნის დატოვებამდე უცენზურო ჟესტი აჩვენა, რის გამოც, არ არის გამორიცხული, უეფამ ის კიდევ უფრო მკაცრად დასაჯოს. პენალტის ნიშნულთან დავიდ ალაბა მივიდა. მოედანზე ახლადშემოსულმა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ კუთხე ვერ გამოიცნო, თუმცა ბავარიელთა მცველმა ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, თუმცა ვიხილეთ ორი გაფუჭებული პენალტი და წითელი ბარათი.

შეხვედრის მეორე ნახევარში სრულ უპრატესობას რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილი „ბაიერნი“ დაეუფლა. მასპინძლებს უფრო და უფრო უჭირდათ გერმანელთა შემოტევის გაძლება. შედეგად, მატჩის 54-ე წუთზე კროოსმა ლამაზი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა. არც გატანილი გოლის შემდეგ დათმო სათამაშო უპირატესობა „ბაიერნმა“, „არსენალს“ კი ძირითადად გაძლებაზე თამაში უწევდა, თუმცა ლონდონელებმა მეორე ბურთიც მიიღეს: 88-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმა თავური დარტყმით მეორედ შეარხია ფაბიანსკის კარის ბადე და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა – 0:2.

განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„არსენალი“ – „ბაიერნი“ 0:2 (0:0)

„არსენალი“: შჩესნი მერტეზაკერი, სანია, გიბსი (ნაჩო მონრეალი 31′), კოსელნი, იოზილი, ფლამინი, კასორლა (ფაბიანსკი 39′), უილშირი, სანოგო, ოქსლეიდ ჩემბერლენი (როსიცკი 74′).
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, ბოატენგი (რაფინია 46′), ალაბა, დანტე, რობენი, ხავი მარტინესი, კროოსი, ტიაგო ალკანტარა (პიზარო 79′), გიოტცე, მანჯუკიჩი (მიულერი 64′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: კროოსი, 54′, მიულერი 88′.
გაფრთხილებები: სანოგო 55′, როსიცკი 86′ – ბოატენგი 8′, მანჯუკიჩი 45+2′.
გაძევება: შჩესნი 37′.
გამოუყენებელი პენალტები: იოზილი 8′ (მეკარე) – ალაბა 40′ (ააცილა).
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბექა დოგრაშვილი