ბენდტნერმა „არსენალის“ მარცხი ღამის კლუბში „აღნიშნა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „არსენალი“ შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა და წესით, ლონდონურ კლუბის ფეხბურთელებს სირცხვილით სახლიდან ცხვირიც არ უნდა გამოეყოთ, მაგრამ ნიკლას ბენდტნერი რისი ნიკლას ბენდტნერი იქნებოდა, საკუთარი სურვილის მიხედვით რომ არ ემოქმედა.

„მეთოფეთა“ დანიელმა თავდამსხმელმა არც აცია, არც აცხელა და წაგებული მატჩის შემდეგ ღამის კლუბს ეწვია, დრო ლამაზ გოგონებთან ერთად გაატარა და გუნდის წარუმატებლობაც უმალ დაივიწყა.

ღამის კლუბის მფლობელი საიმონ ჰამერშტეინი თავის დაწესებულებას მისტიკის, საიდუმლოებებისა და სექსუალური აღვირახსნილობის ადგილს უწოდებს. აღნიშნული კლუბი მთელს ბრიტანეთში ცნობილია თავისი ორსაათიანი სექს-შოუებით. ლონდონის ამ კლუბში ისეთი ცნობილი სტუმრები ჰყავთ გამოჭერილი, როგორებიც არიან პრინცი ჰარი, კეიტ მოსი და ჯუდ ლოუ.

ბენდტნერი ბევრს კი ეცადა, არავის შეემჩნია, მაგრამ ბრიტანელ პაპარაცებს ასეთი ფაქტების გამოჭერა არ ესწავლებათ. დანიელმა ფეხბურთელმა კლუბი დილის 5 საათზე დატოვა.

ბექა დოგრაშვილი