ვენგერი: “იდეალურია, როცა ფეხბურთელებს კონტრაქტის ბოლო წელსაც ინარჩუნებ”

ლონდონის “არსენალმა”, თუ კონკრეტულ შვიდ ფეხბურთელს არ გაყიდის, შესაძლოა, დაკარგოს ის 100 მილიონი ფუნტი (დაახლოებოთ), რომელსაც ის ტრანსფერებით გამოიმუშავებდა. საქმე იმაშია, რომ იოზილს, სანჩესს, კასორლას, უილშირს, ჩემბერლენს, გიბსს და დებუშის კონტრაქტები მომავალ ზაფხულში ეწურებათ. თუ ისინი არ გაიყიდებიან ან ახალ ხელშეკრულებას არ დადებენ, შეეძლებათ, ამ სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღონ და წავიდნენ გუნდიდან.

არსენ ვენგერმა ზემოთ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.

“იდეალურია, როცა ფეხბურთელებს კონტრაქტის ბოლო წელსაც ინარჩუნებ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი პერიოდის მანძილზე გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯონ. ზოგი ამბობს, რომ სწორედ უკანასკნელ სეზონში სპორტსმენები სათანადოდ არ ირჯებიან. არ მესმის, ჩემი კლუბის წევრებთან დაკავშირებით ასეთი რამეები საიდან მოაქვთ. თუნდაც მათ არ გააფორმონ ახალი კონტრაქტი, მაინც დადებითად მიმაჩნია გუნდში მოთამაშეების წინასწარ განსაზღვრული დროის ბოლომდე დარჩენა,” – აცხადებს ვენგერი.

ვიდეო — გიბსია თუ ოქსლეიდ-ჩემბერლენი?

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გამართულ მატჩში მთავარმა არბიტრმა ანდრე მარინერმა უხეში ტექნიკური შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე განზრახ ხელით ითამაშა და სტუმართა კარის მიმართულებით გამოცდილმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მარინერს აერია, თუ ვინ დაარღვია თამაშის წესი და წითელი ბარათი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად, კირან გიბსს უჩვენა.

ეს ფაქტი კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. სოციალურ ქსელში ბევრი სახუმარო შარჟიც მიეძღვნა. Football Daily -მ კი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის ყურებისას მნახველმა უნდა გამოიცნოს, სახეაფარებული ფეხბურთელი გიბსია თუ ოქსლეიდ-ჩემბერლენი.

გთავაზობთ აღნიშნულ ვიდეოს.

 

ვენგერი: “შემადგენლობაში ცვლილებები იქნება”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ “სანდერლენდთან” შეხვედრაში როტაციას მიმართავს.

“ფიზიკურად ძალიან რთულია კვირაში სამი მატჩის ჩატარება და სხვადასხვა გუნდებთან და მათ სათამაშო სტილებთან ადაპტირება.
ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ.
რაც შეეხება ტრავმებს. გიბსი ნამდვილად ვერ დაგვეხმარება, თუმცა დისკვალიფიცირებული არტეტა გვიბრუნდება, რაც ჩვენთვის დიდი ძალაა” – განაცხადა ვენგერმა.