უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩში ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ პირეოსში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კი თქვა, საბერძნეთში რთული შეხვედრა გველისო, მაგრამ ინგლისელთა ასეთ უსუსურ თამაშს, ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა. სტუმრებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს მასპინძელთა კარში, შექმნეს ერთი რეალური მომენტი, რომელიც რობინ ვან პერსიმ ქარს გაატანა. საოცრად მოტივირებული ბერძნების ფონზე, მოიესის გუნდი სრულიად დემორალიზებული გამოიყურებოდა.
ანგარიში მატჩის 38-ე წუთზე ალეხანდრო დომინგესმა გაიტანა, რომელმაც იანის მანიატისის დარტყმის შემდეგ ბურთს მიმართულება შეუცვალა, რაზეც დავიდ დე ხეამ რეაგირება ვეღარ მოასწრო.
მასპინძელთა უპირატესონა 55-ე წუთზე ჯოელ კემპბელმა შორეული ლამაზი დარტყმით განამტკიცა.
ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიმდინარე გათამაშების მერვედფინალურ სტადიაზე პირველი სტუმარი გუნდია, რომელიც დამარცხდა. ინგლისელებმა ტურნირის მეოთხედფინალამდე მიმავალი გზა მნიშვნელოვნად გაიმრუდეს, თუმცა საქმის გამოსწორება „წითელ ეშმაკებს“„ოლდ ტრაფორდზე“, 19 მარტს შეეძლებათ.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ოლიმპიაკოსი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:0 (1:0)
„ოლიმპიაკოსი“: რობერტო ხიმენესი, ოლებასი, მარკანო, მანიატისი, მანოლასი, პერესი (ვალდესი 86′), ნდინგა, ლეანდრო სალინო, ოლაიტანი, დომინგესი (პაულუ მაშადუ 76′), კემპბელი (ფუსტერი 67′).
მთავარი მწვრთნელი: მიჩელი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, სმოლინგი, კერიკი, ვალენსია (უელბეკი 60′), იანგი, კლევერლი (კაგავა 60′), ვან პერსი, რუნი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
გოლები: დომინგესი 38′, კემპბელი 55′.
გაფრთხილებები: ევრა 3′, ფერდინანდი 90′.
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).
ბექა დოგრაშვილი