გიორგი შერმადინი საბერძნეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. მისმა “ოლიმპიაკოსმა” ათენში, ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა მასპინძელ “პანათინაიკოსთან” 71:82 წააგო და ჩემპიონობა დაკარგა.
არადა, 1 კვირის წინ, პირეოსელებმა ათენში გამარჯვებით სერიაში 2:1 ლიდერობა მოიპოვეს და ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი აშორებდათ, რომელიც 2 ცდაზე ვერა და ვერ გადადგეს და სანუკვარი ტიტული მარადიულ მეტოქეს დაუთმეს.
გიორგი შერმადინის როლი არათუ ბოლო მატჩში, არამდედ მთლიან სერიაში უმნიშვნელო იყო. შერმადინმა 5-დან 3 მატჩში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო, 2-ში კი მოედანზე მცირე ხნით გამოჩნდა. წუხანდელ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 4 წუთი ითამაშა და 3 ჯარიმა მიიღო, 1 სროლაზე დაუფარეს და ბურთი 1-ჯერ დაკარგა.
ფინალის საუკეთესო მოთამაშე “პანათინაიკოსის” ლიტველი ლეგიონერი იონას მაციულისი გახდა, რომელმაც 15 ქულა დააგროვა. ათენელების გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო უბერებელმა დიმიტრის დიამანტიდისმა 11 ქულით, 7 პასით, 3 ჩაჭრით და 2 მოხსნით. პირეოსელთა ლიდერმა ვასილის სპანულისმა შეხვედრა 6ქულით დაასრულა.
გიორგი შერმადინისთვის მომქანცველი სეზონი, რომელიც ესპანურ “სარაგოსაში” დაიწყო და “ოლიმპიაკოსში” გაგრძელდა, დასრულებულია.
gbf.ge