რამდენი წლისაა ჯოზეფ მინალა?

ფეხბურთის ქომაგები, ბლოგერები, სპორტული ექსპერტები თუ ჟურნალისტები მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთ უბრალოდ თემას განიხილავენ: რამდენი წლის არის რომის „ლაციოს“ კამერუნელი ნახევარმცველი?

რამდენიმე დღის წინათ კი გვისაყვედურეს, ჟურნალისტები ამ თემას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთო, მაგრამ კვირის ერთ-ერთ მთავარ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდით.

„ლაციოს“ ახალგაზრდული გუნდის კამერუნელი ნახევარმცველი ჯოზეფ მინალა რომაული დერბის წინ მეტად პოპულარული გახდა: ფეხბურთელი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სათადარიგოთა სკამზეც ვერ მოხვდა.

მინალამ მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. მიზეზი? ოფიციალური დოკუმეტებით, ის 1996 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ინტერნეტის მომხმარებლები ამ მონაცემს არ იჯერებენ და ფორუმებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით ასეთ კომენტარებს აკეთებენ:

„მინალა ამტკიცებს, რომ 17 წლისაა? მისი პასპორტი მხოლოდ ნაკიან წლებს თვლის?“ – @Houssem_HR.
„1996 წელს დაიბადა? მამაჩემივით გამოყურება!“ – @Akram_A.
„კამერუნის ასაკით  – 17, ევროპული ასაკით – 36“, – @nechibou.
„ეს თუ 17 წლისაა, მაშინ მე ორ თვეში უნდა დავიბადო“, – tornike.barca. (Fanebi.Com)

მინალას შემყურე, მართლაც რთულია, დაიჯერო, რომ ის ჯერ 18 წლისაც არ არის. „ლაციოში“ 2013 წლის აგვისტოში მოხვდა. რომაელთა ახალგაზრდულ გუნდში ჩემპიონატის ხუთ და თასის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასევე ითამაშა ვიარეჯოს ტურნირის ერთ შეხვედრაში. საერთო ჯამში, 5 გოლი მიითვალა. ასე გამოიყურება ჯოზეფი თავისი თანაგუნდელებისფონზე. (მარცხნიდან პირველი)

ეს კი „უდინეზეს“ თავდამსხმელ ანტონიო დი ნატალესთან ერთად გადაღებული სურათია. თუ ოფიციალურ დოკუმენტებს დავუჯერებთ, როცა მინალა ქვეყნიერებას მოევლინა, დი ნატალე უკვე 19 წლისა იყო.

ცეცხლზე ნავთი ინტერნეტ-პორტალ senego.net-ზე გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დაასხა. სენეგალელ ჟურნალისტ ლამინ სამბას მიერ მომზადებულ ინტერვიუში მინალას ციტატას ვკითხულობთ: „17 წლის არ ვარ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომეწერა ხელი კონტრაქტზე, რათა აფრიკაში დატოვებული ჩემი ოჯახისთვის ფული გამეგზავნა. აგვისტოში 42 წლის იუბილე მქონდა. იმედი მაქვს, ეს ჩემს „ლაციოში“ დარჩენას ხელს არ შეუშლის“.

მოგვიანებით ფეხბურთელმა ეს განცხადება უარყო: „ვებ-პორტალ senego.net-ზე წავიკითხე სტატია, რომელშიც თითქოს ვამბობ, რომ მე იმ ასაკის არ ვარ, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში წერია. ეს ჩემთვის უცნობი ხალხის მიერ დაწერილი ცრუ განცხადებაა“.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მაქს ევანგელისტა მხარს მინალას უჭერს და ამბობს, რომ ის მართლაც 17 წლისაა: „მინალა წარმოუდგენლად სწრაფი ფეხბურთელია. მას 41 წელს ნამდვილად ვერ მისცემთ. ძალიან სწრაფად დარბის“.

მინალას მხარესაა „ლაციოს“ კიდევ ერთი ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი მამადუ ტუნკარა, რომელიც აცხადებს, რომ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ფიფას აგენტმა დიეგო ტავანომ კი სულაც ასეთი რამ თქვა: „მინალას მისამართით უსამართლო ბრალდებები გაისმა, თუმცა ჯოზეფი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. თუ გაესაუბრებით, დარწმუნდებით, რომ მინალა მართლაც 17 წლის ბიჭი გახლავთ“.

თუმცა, senego.net-ი აგრძელებს: „ხელთ ჩაგვივარდა მინალას ფოტო, რომელზეც ის მსხვილი ხედით არის აღბეჭდილი. ეს სურათი ამტკიცებს, რომ ის ასაკოვანია. მამაკაცს პირის გარშემო ნაოჭები 30-35 წლის შემდეგ უჩნდება… თანაც, მინალას ბავშვობის რამდენიმე მეგობარმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის 37 წელზე მეტისაა“.

საქმე იქამდე მივიდა, რომ „ლაციოს“ ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწია: „კლუბი ფეხბურთელის ასაკსა და დოკუმეტებს ადასტურებს. გარდა ამისა, ვიტოვებთ უფლებას, ვუჩივლოთ მათ, ვინც ამბობს, რომ მოთამაშე უფრო ხნიერია, ვიდრე ეს დოკუმენტებშია მოცემული“.

მინალას ასაკის თემას ეხმაურება ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა „ლა გაძეტა დელო სპორტი“, „ბიბისი სპორტი“, „ESPN“. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში უნიკალურია.

ისტორიაში მოიძებნება რამდენიმე შემთხვევა, როცა აფრიკელმა ფეხბურთელმა ასაკი დაიკლო. მაგალითად, ტარიბო ვესტი… ბელგრადის „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი ჟარკო ზეჩევიჩი იხსენებს: „როდესაც ვესტი ჩვენთან გადმოვიდა, გვითხრა, რომ ის 28 წლისა იყო. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ვესტი სინამდვილეში 40 წლისა ყოფილა. თუმცა, იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მის ტრანსფერზე უარი ვთქვი“. 1997 წელს ვესტი მილანის „ინტერში“ გადავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ის ამ დროს 23 წლის იყო. თუ ზეჩევიჩს დავუჯერებთ, ვესტი სინამდვილეში მაშინ 35 წლისა იყო. მოგვიანებით ვესტმა ზეჩევიჩის სიტყვები უარყო და განაცხადა, რომ „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი საღ ჭკუაზე არ არის.

რაც შეეხება მინალას, ის მის გარშემო ამტყდარ იწილო-ბიწილოს ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „შური ადამიანის სისუსტეა… ყველას მადლობას გიხდით იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ვიღებ. მინდა, რომ ოცნება ავიხდინო და მუყაითად ვიმუშაო როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის. FORZA LAZIO!“

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-6 ნომერი გამოქვეყნდა

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეექვსე ნომერი, რომელიც ოდნავ სახეცვლილია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი ამიერიდან აღარ შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ფერად პოსტერებს. ორი ალტერნატივა გვქონდა: ან ეს შუა ორი გვერდი უნდა გაგვეუქმებინა და ჟურნალის ფორმატი შეგვემცირებინა, ან პოსტერის ნაცვლად თქვენთვის სხვა რუბრიკა შემოგვეთავაზებინა. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ პოსტერის ნაცვლად ეს ორი გვერდი დაეთმობა კვირის საფეხბურთო ამბებსა და ომარ მომანის კვირის კარიკატურების განხილვას. საერთოდ კი, დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ:

მანუელ ნოიერი: „კარში დგომა არ მინდოდა“ (ინტერვიუ)
ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა
კვირის ამბები მოკლედ
კვირის კარიკატურები
ფეხბურთოლოგია
რამდენი წლისაა ჯოზეფ  მინალა?

   კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

16 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

მინალა 42 წლის არის?

ბოლო დროს “ლაციოს” ახალწვეული ჯოზეფ მინალა მსოფლიო პრესის ყურადღბის ცენტრში მოექცა. ბევრისთვის რთული დასაჯერებელია, რომ ფეხბურთელი მართლაც 17 წლის არის.

დღეს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც მინალა თავის ასაკზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ იგი სინამდვილეში 42 წლის გახლავთ. თუმცა, რამოდენიმე საათში ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო და გამოცემა Senego.net-ს, სადაც მინალას ინტერვიუს იყო განთავსებული, სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

აგენტი: „მინალა ნამდვილად 17 წლისაა, უბრალოდ მას რთული ბავშვობა ჰქონდა“

რომის „ლაციოს“ ახალწვეულ ჯოზეფ მინალას წარმომადგენელმა ფეხბურთელის ასაკთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უპასუხა. პასპორტში კამერუნელ მოთამაშეს დაბადების თარიღად 1996 წლის 24 აგვისტო უწერია, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ მინალა მართლაც 17 წლისაა.

„მისი მისამართით უსამართლო ბრალდებები გაისმა, თუმცა ჯოზეფი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. თუ გაესაუბრებით, დარწმუნდებით, რომ მინალა მართლაც 17 წლის ბიჭი გახლავთ“, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა დიეგო ტავანომ.

ჯოზეფ მინალა „ლაციოში“ გასული წლის დეკემბრის თვეში გადავიდა.

ბექა დოგრაშვილი

„ლაციოს“ კლოზეს შენარჩუნება სურს

რომის „ლაციოს“ გერმანელ თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ იუწყება, რომ „ლაციოს“ ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი აქვს. წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგენელი მომდევნო კვირაში კლოზეს აგენტს შეხვდება და ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს გაუმართავს.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის ფორვარდის მიმართ ინტერესს გერმანული და ამერიკული კლუბები იჩენენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კლოზემ 20 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ერნანეშს ტიტულები სურს

მილანის “ინტერის” ახალწვეული ერნანეში აცხადებს, რომ მას “ნერაძურისთან” ერთად ბევრი ტიტულის მოგება სურს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი “ინტერს” “ლაციოდან”, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

“ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მე ისეთი დიდი კლუბის წევრი გაvხდი, როგორიც “ინტერია”. რა თქმა უნდა, კონკურენციას ველი, მაგრამ ყველაფრისათვის მზად ვარ. ძალიან მინდა, “ინტერთან” ერთად ბევრი ტიტული მოვიგო”, – ამბობს ერნანეში.

კაკუტა “ლაციოში” გაანათხოვრეს

ლონდონის “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფი გაელ კაკუტა სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით, რომის “ლაციოში” იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფრანგი მოთამაშე ბოლოს გურამ კაშიას, ვალერი ყაზაიშვილისა და გიორგი ჭანტურიას “ვიტესში” თამაშობდა.

გარდა “ვოტესისა” კაკუტამ სხვადასხვა დროს, იჯარით “ფულჰემში”, “ბოლტონსა” და “დიჟონში” ითამაშა.

22 წლის ფეხბურთელს საფრანგეთის 16, 17, 18, 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებში უასპარეზია.

როცა ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის: ერნანეშისა და “ლაციოს” გულშემატკივრების ცრემლები

როგორც ცნობილი გახდა, ბრაზილიელი ნახევარმცველი ერნანეში მალე “ინტერში” გადავა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის გულშერმატკივრებმა რომის “ლაციოში” კარგი თამაშით გაიცნეს. შესაბამისად, ამ მოთამაშესა და კლუბის გულშემატკივრებს ერთმანეთთან ბრწყინვალე ურთიერთობა აკავშირებთ, რაზეც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ვიდეოც მოწმობს.

ერნანეშის ლამაზი გოლი “უდინეზეს” კარში

19 იანვარს, “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში წერტილი 90-ე წუთზე, ერნანეშმა ლამაზი გოლით დასვა.

კურიოზული ავტოგოლი “უდინეზესა” და “ლაციოს” შორის გამართულ შეხვედრაში

19 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული ავტოგოლი გავიდა.

კლოზე: “მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლებ”

რომის “ლაციოს” გერმანელი თავდამსხმელი, მიროსლავ კლოზე აცხადებს, რომ ის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფეხბურთელს, მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ბრაზილიელი რონალდუს რეკორდამდე მხოლოდ ერთი გოლი აშორებს.

“ჩემი აზრით, გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გუნდში ტყუილად არავის აიყვანს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო. გერმანიის ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენციაა”, – ამბობს კლოზე.

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა: “მე გეი ვარ”

31 წლის ტომას ჰიცლშპეგერი პირველი გერმანელი ფეხბურთელია, რომელმაც აღიარა, რომ გეია.

გერმანულ პრესასთან საუბრისას, “ასტონ ვილას”, “შტუტგარტის”, “ლაციოს”, “ვესტ ჰემის”, “ვოლფსბურგისა” და “ევერტონის” ყოფილმა მოთამაშემ თქვა, რომ ახლა მისი ორიენტაციის საჯაროდ გამჟღავნება დროული საქციელია.

შეგახსენებთ, რომ ამპლუით ნახევარმცველმა ჰიცლშპეგერმა, რომელსაც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 52 მატჩი ჩაუტარებია, საფეხბურთო კარიერა 2013 წელს, “ევერტონში” დაასრულა.

“კარიერა დავასრულე და ვფიქრობ, დროულია, რომ ვაღიარო – მე გეი ვარ. იმედი მაქვს, სხვა ფეხბურთელებიც ჩემგან მაგალითს აიღებენ. ინგლისში, იტალიაში და გერმანიაში ჩემი ორიენტაციის გამო პრობლემები არასდროს შემექნება”, – ამბობს ჰიცლშპეგერი.