რონალდუმ თვითმფრინავი შეიძინა (ფოტოები)

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ თავს ახალი საჩუქარი გაუკეთა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბიზნეს კლასის თვითმფრინავი Gulfstream G200 შეიძინა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 19 მილიონ ევროს შეადგენს. თვითმფრინავი განკუთვნილია მაქსიმუმ ათ ადამიანზე და გამოირჩევა მდიდრული ინტერიერით: განთავსებულია ინდივიდუალური სველი წერტილები, კარადები, ტელეფონი, ფაქსი, მიკროტალღოვანი ღუმელი, ელექტროღუმელი, მაცივარი და CD და DVD სისტემები, აღჭურვილია ინტერნეტით.

პრიმერადივიზიონში გატანილი ჰეთთრიკების რაოდენობით მესი რონალდუს მიუახლოვდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “დეპორტივო” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ სამი გოლი გაიტანა. არგენტინელი ფეხბურთელისთვის ეს კარიერის განმავლობაში გატანილი 33-ე ჰეთთრიკი გახლავთ, აქედან 22 ჰეთთრიკი მან ესპანეთის ჩემპიონატში შეასრულა.

ამ მაჩვენებლით მესი ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილ თავდამსხმელ ტელმო სარას და მადრიდის “რეალის” ყოფილ ფორვარდ ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა.

ლეო მესი პრიმერადივიზიონში გატანილი ჰეთთრიკების რაოდენობით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში 23 ჰეთთრიკი აქვს შესრულებული.

 

რონალდუს „ბარსელონაში“ გადასვლა შეეძლო, თუმცა „რეალი“ აირჩია

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა ესპანურ გამოცემებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ბარსელონა“ რამდენიმე წლის წინ კრიშტიანუ რონალდუთი იყო დაინტერესებული, თუმცა პორტუგალიელისგან უარი მიიღო.

„ეს სიმართლეა. ფერგიუსონს არ სურდა, რომ კრიშტიანუ „რეალში“ გადასულიყო, ამიტომაც მისი ტრანსფერი „ბარსელონას“ შესთავაზა. კატალონიელები რონალდუს დაუკავშირდნენ, მაგრამ ფეხბურთელს „რეალის“ გარდა სხვაგან გადასვლა არ სურდა. რონი მადრიდში ზუსტად ამიტომ აღმოჩნდა. საბოლოოდ, ყველა ბედნიერი იყო: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 80 მილიონი ფუნტი მიიღო, „რეალმა“ – საუკეთესო მოთამაშე, ხოლო რონალდუმ ოცნება აისრულა“, – განაცხადა კალდერონმა.

ალექსანდრე მატევოსოვი