გიბრალტარის ნაკრებმა არსებობის მანძილზე პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე გიბრალტარმა უეფას წევრის რანგში მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. გიბრალტარის ნაკრებმა ფარერის კუნძულების გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 1:4 განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები დაწინაურდნენ, როდესაც გიბრალტარის ნაკრების მცველმა და კაპიტანმა როი ჩიპოლინამ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავით მიმართულება შეუცვალა და სტუმართა კარის ბადეში გაახვია. ეს ამბავი შეხცედრის 21-ე წუთზე მოხდა. ფარერის კუნძულების ნაკრების ფეხბურთელებმა ზუსტად ხუთ წუთში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კიდევ სამჯერ გაიტანეს და მეტოქე, როგორც გითხარით, ანგარიშით 4:1 დაამარცხეს, თუმცა სხვაობა შეიძლება უფრო დიდიც ყოფილიყო, 41-ე წუთზე სტუმრებს თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს რომ არ აეცილებინათ.

გიბრალტარის ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 მარტს, ესტონელებთან გამართავს.