ლონდონის “არსენალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა სოლ კემპბელმა “მეთოფეთა” ჩაბარების სურვილი გამოთქვა.
“ძალიან მძიმე საყურებელია “არსენალის” თამაში. ინგლისური კლუბებიდან ყველაზე მეტი თანხა სწორედ “არსენალმა” დახარჯა, მაგრამ პრობლემა ხარისხი, თანმიმდევრულობა და გამოცდილებაა.
ყოველთვის პოტენციალისა და პერსპექტივის ძიებაში ვართ, თუმცა ხანდახან მყისიერი და გარანტირებული წარმატება გვინდა.
რა დაეხმარება “არსენალს”? მათ დახმარებას მე შევძლებდი. მომეცით სამსახური და დავეხმარები. ვეტყვი ფეხბურთელებს, როგორ უნდა დააღწიონ თავი “ბრენტფორდის” ორკაციან პრესინგს”, – ციტირებს კემპბელის სიტყვებს “თოქსპორტი”.
შეგახსენებთ, რომ “არსენალი” პრემიერლიგის გათამაშების საწყისი ორი ტურის შემდეგ უქულოდაა. გუნდი სტუმრად “ბრენტფორდთან” დამარცხდა (0:2), შემდეგ კი მატჩი შინ “ჩელსისთან” დათმო (0:2).