38 წლის სევასტი თოდუა „ოთხასიანთა“ კლუბში მესამეა

დღეს, ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი სევასტი თოდუა 38 წლის გახდა.

„სევა“ ჩვენს კლუბში უკვე მესამედ დაბრუნდა და რა გასაკვირია, რომ მის პროფესიულ კარიერაში უპირველი ადგილი სწორედ „ტორპედოს“ უჭირავს, ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩიც აქ ჩაუტარებია – 142. აქვე ფრიად აღსანიშნავ საკითხზეც, გასულ ტურში თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ასპარეზობით ძალზედ გამოცდილმა მცველმა უმაღლეს ლიგაში მისი 406-ე თამაში გამართა. ამ მაჩვენებლით იგი „ოთხასიანთა“ კლუბში დამკვიდრდა, სადაც ვეტერან „ოპონენტებს“: ქვეყნის 7-გზის ჩემპიონ გივი დიდავასა და ეროვნულ პირველობებში ყველაზე ბევრი(216) გოლის ავტორ ზურაბ იონანიძეს(მან პირველ დამოუკიდებელ ეროვნულ ჩემპიონატშიც ითამაშა)ჩამორჩება, რომლებიც ფეხბურთელის რანგში ასევე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქუთაისის ღირსებას იცავდნენ, მათ ანგარიშზე, შესაბამისად, 432 და 422 მატჩია. ასე რომ, აღნიშნული რეკორდის გაუმჯობესების შესაძლებლობა თოდუას უკვე მომავალ ჩემპიონატში მიეცემა.

ვულოცავთ იუბილარს დღევანდელ დღეს, სიმხნევეს, დღეგრძელობას და წარმატებებს ვუსურვებთ.

FCTorpedo.GE

შრომისმოყვარეობის ხარჯზე გახანგრძლივებული კარიერა

იშვიათია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც 37 წლის ასაკში უმაღლეს ლიგაში ღირსეულად თამაშობს. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი სევასტი თოდუა, ვინც „ტორპედოში“ უკვე მესამედ დაბრუნდა და ტრადიციული, „5 ნომერი“ მოირგო. არ გვახსენდება ამ საუკუნეში, ანალოგიური მოსწრების მოქმედ ფეხბურთელს ჩვენს ქვეყანაში ასეთ დონეზე სხვა ვინმეს ეთამაშოს.

გარდა დადებითი პროფესიული რეპუტაციისა, ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე შეგნებული ადამიანის სახელიც აქვს. პროფესიონალური კარიერის დაწყებიდან სულ 9 ქართულ გუნდში უასპარეზია და მის ანგარიშზე უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 400-მდე შეხვედრაა. აქედან ყველაზე მეტჯერ, დღემდე 130-ში „ტორპედოს“ მაისური და თან ნახევარზე მეტ მათგანში კაპიტნის სამკლავურიც აქვს მორგებული. ქუთაისელთა რიგებში ასპარეზობისას ორჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი და ერთხელ ეროვნული თასი. ამრიგად, მის სახელსა და გვარს ჩვენი კლუბის ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს.

თუ გახსოვთ, 2012 წლის დასაწყისში, მას „ტორპედოში“ გაცილებაც მოუწყვეს, მაგრამ ცენტრალური მცველის სათამაშო მონაცემები მთავარმა მწვრთნელმა დღესაც მოიწონა. ქუთაისური გუნდის ბოლო მატჩში ბოლნისელებთან მნიშვნელოვან გამარჯვებაში მისი წვლილი გაზეთმა „ლელომ“ გამოყო და იგი „ტურის სიმბოლურ ნაკრებში“ შეიყვანა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე „სევა“-სთან ინტერვიუ ჩავწერეთ…

– სევასტი, მოდი, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ თქვენი კარიერის გასული მნიშვნელოვანი ეტაპები?
– აბაშის რაიონის სოფელ მარანში დავიბადე და იქ, ფაქტობრივად, ბავშვთა ფეხბურთი სკოლაში არ გამივლია, 20 წლისას ისე მოვხვდი პირველ ლიგაში სამტრედიის „იბერიას“ შემადგენლობაში. სამტრედიელებთან ერთად „უმაღლესში“ გადავედი და მერე „ვიტ ჯორჯიაში“ ჩავირიცხე, სადაც ძოძუაშვილმა აღმომაჩინა და ეროვნულ ნაკრებში მიმიწვია. სულ ნაკრების მაისურით 2 ოფიციალური და 7 ამხანაგური მატჩი ჩავატარე, რის შემდეგაც ჩემი საკლუბო კარიერაც „გახურდა“.

– განსაკუთრებით რომელი მიღწევა დაგამახსოვრდათ? ამასთან, იყო იმედგაცრუებებიც…
– ყველაზე მეტად „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩი მახსენდება ქუთაისში, როცა „ასკამ“(მალხაზ ასათიანმა) გაიტანა გამარჯვების პენალტი და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ დამავიწყდება ის ატმოსფერო, რაც მაშინ სავსე სტადიონზე სუფევდა. იმედგაცრუებაც ძალიან ბევრი იყო, როგორია თასის 8 ფინალიდან 6-ჯერ რომ წააგებ? 2011 წელს „გაგრასთან“ მატჩში საკუთარ კარში რომ გავიტანე ბურთი, ბუნებრივია, ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული მატჩი ის იყო. რა გასაკვირია, რომ რამდენიმე დღე არ მეძინა მას შემდეგ.

– რის ხარჯზე მოახერხეთ სათამაშო ფორმის შენარჩუნება ამ ასაკში?
– მთავარია, არასდროს თქვა, რომ დავბერდი და ახლა გამოცდილებით უნდა ვითამაშო, იმდენს არ ვირბენ, როგორც სხვა და ამით ფორმას შევინარჩუნებ. რადგან შენ ასაკში ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია მარტო გამოცდილებით თამაში, ასე ურთულესია დიდხანს დარჩე ფეხბურთში უმაღლესი ლიგის დონეზე. ასეთ კონდიციებში ყოფნას, ალბათ, თავდაუზოგავი შრომითა და ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულით ვახერხებ, ეს იმისთვის, რომ სტადიონზე, როცა გავალ ვინმემ არ დამიძახოს დაბერდი და სახლში წადიო, ვცდილობ, ამის თქმის საბაბი არავის არ მივცე. მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს და სტადიონზე რომ გახვალ გუნდს უნდა დაეხმარო და არა პირიქით. ძალზედ მცირე მოტივაცია აქვს მარტო ფინანსურ მხარეს.

– საკმაოდ ბევრ ეროვნულ ჩემპიონატში მიგიღიათ მონაწილეობა, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, არის თუ არა პროგრესი? საგულისხმოა, რომ პირობებიც მეტნაკლებად ყველგან გაუმჯობესებულია…
– ბევრი ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონატი ადვილი სათამაშოა, მაგრამ, დამტკიცებულა, რომ ეს შეხედულება მცდარია, თუნდაც იმით, რომ უამრავ ლეგიონერს ვერ გაურთმევია თავი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე ან კიდევ იშვიათად, რომ 30-32 წელს გადაცილებული ნაყოფიერად თამაშობდეს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან ძნელია აქ თამაში, თუმცა დონის ასამაღლებლად საჭიროა უკეთესი პირობები და რეკლამა, თორე ტალანტები ჩვენ ნანდვილად არ გვაკლია. ეს არის, ნაკრებში თუ ვერ ითამაშე, რა ნიჭიც არ უნდა გქონდეს, უმეტეს შემთხვევაში ჩვენს ჩემპიონატს ვერ გაცდები. რაც შეეხება პირობების გაუმჯობესებას, ვერ დაგეთანხმებით, ახლა რომ ავიღოთ, თბილისის „დინამოს“ გარდა, სხვა გუნდებში თითქმის ერთნაირი სიტუაციაა. ასე ჩვენი ჩემპიონატი ვერ გაიზრდება. 7-8 გუნდი თუ არ იქნა ერთ დონეზე, პროგრესს ვერ მივაღწევთ. ეს უბრალოდ თავის მოტყუილებაა. შეიძლება, არც ტყუიან, უბრალოდ, მეტი გამოსავალი არ აქვთ…

– მალე 38-ს გახდებით, ალბათ, მწვრთნელობაზეც გიფიქრიათ…
– არასდროს არ მიფიქრია მწვრთნელობაზე და იმისთვის „ვიკლავ“ თავს, რომ 3-4 წელი კიდევ გავაგრძელო წარმატებული თამაში, შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ, ღმერთის წყალობით, დავუმტკიცებ ყველას რომ კიდევ შემეძლება. კარიერის დასრულება ჯერ ფიქრადაც არ მაქვს და თუ თავს სისუსტეს შევატყობ, ძალიან გამიჭირდება უფეხბურთოდ გაძლება, მაგრამ ხვალვე წავალ.

– რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს?
– ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ და ნაკლები ილაპარაკონ. ივარჯიშონ და იბრძოლონ გამალებით. შეიძლება რაღაც ეტაპზე მიაღწიო ნიჭიერების გამო წარმატებას, მაგრამ წინ აუცილებლად დაგხვდება უვარჯიშებლობა და ნაკლები მომზადება.

– „ტორპედოზე“ გადავერთოთ, რა ადგილი უჭირავს თქვენთვის ამ კლუბს და რამდენად დაფასებულად გრძნობთ თავს აქ?
– ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს „ტორპედოს“, აქ მესამედ დავბრუნდი და ქუთაისი ჩემთვის ყველაფერია. სტადიონზე, როცა ვიწყებ გახურებას უკვე მიხარია. გულშემატკივრებიც გვერდში მიდგანან და ვგრძნობ, რომ თბილად არიან კონკრეტულად ჩემს მიმართ და მეც მინდა, რომ გამოვხატო საპასუხო სიყვარული „ტორპედოსთვის“ თავგანწირული თამაშით.

– კარიერის დასრულებას ქუთაისში ხომ არ აპირებთ?
– ძალით ვერავინ ვერ დარჩება გუნდში, ეგ მწვრთნელის გადასაწყვეტია და მისი თანხმობა თუ იქნება, კიდევ დიდხანს ვითამაშებ. მარტო ჩემი ნება, რომ ყოფილიყო არასდროს არ წავიდოდი ქუთაისიდან.

– ფაქტობრივად, შეკრება არ გაუვლია გუნდს და რთულია ამის შემდეგ მაღალ მიზნებზე საუბარი…
– ნამდვილად, კარგად იცით რაც ხდებოდა, სასადილო გახსნილი არ იყო და შეკრებაც ვერ გავიარეთ, ძალიან მძიმე სიტუაცია დაგვხვდა, მაგრამ ჩვენ ბიჭებმა ერთად შევიკარით და ვთქვით, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ დღეს ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და უნდა გავძლოთ. კვერცხს და ძეხვს ვჭამდით მთავარ მწვრთნელთან ერთად და ისე გადავიტანეთ ის დღეები. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვარ, მქონდა უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებიდან შემოთავაზებებიც, მაგრამ არ წავედი. მართალია, ვინც არ უნდა ყოფილიყო მწვრთნელად თუ ქუთაისში მომიწვევდნენ მაინც დავბრუნდებოდი, მაგრამ  რევაზ ძოძუაშვილმა დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში.

– „ტორპედოს“ რომელი რგოლია გამორჩეული? და თქვენს პარტნიორ ლატვიელს როგორ დაახასიათებთ?
– ვთვლი, რომ თანაბრად ვართ დაბალანსებულები და შეკრების გაუვლელობის გამო ნელ-ნელა თამაშებით შევდივართ ფორმაში. ამიტომ, ჩვენ კი არა „ბარსაც“ რომ ჩააგდო მსგავს სიტუაციაში, ასე უცებ ისიც ვერ ითამაშებს ხარისხიან ფეხბურთს. ლატვიელზე ვიტყოდი, რომ ცუდი შთაბეჭდილება არ მაქვს და კარგია, რომ მისი პლიუსი საჰაერო ორთაბრძოლებია.

– ბუნებრივია, პირველი გამარჯვება დადებით მუხტს შემოიტანდა კლუბში, მით უმეტეს, როცა ბევრისთვის მოულოდნელი იყო ეს…
– რა თქმა უნდა, „სიონის“ დამარცხებით ვიგრძნენით, რომ ჩვენც შეგვიძლია შედეგის მოტანა და ფსიქოლიგურად განგვამტკიცა ამ მოგებამ. კიდევ გამოჩნდება, რომ ჩვენთანაც არიან ძლიერი ფეხბურთელები: ელიავა, ტუღუში, კვასხვაძე, ჩიკვილაძე და სხვები…

– „ლელომ“ გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეგიყვანათ, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
– სიმართლე გითხრათ, მე იშვიათად ვკითხულობ გაზეთებს, მაგრამ მადლიერი ვარ მათი და დიდი სიამოვნებაა ასე მასშტაბურად რომ გამომარჩიეს. ეგ კი არა, ადამიანი ერთ თბილ სიტყვასაც რომ გეტყვის, ესეც საკმარისია, რომ მომდევნო თამაშები უფრო მეტი სტიმულით ჩაატარო.

– გორის „დილასთან“ საშინაო მარცხის შემდეგ(1:2) რამდენად რეალურია თასზე „ტორპედოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლა?
– გორთან ძალიან მძიმე თამაში გვქონდა, ვწუხვარ, რომ მეორე გოლი ჩემი შეცდომით გავუშვით, მაგრამ ასეც ხდება და საპასუხო თამაშში გამოსწორებას ვეცდები. ქუთაისში პირველი შეხვედრა იყო და ჩვენს მეტოქეზე გაცილებით უფრო შეუთამაშებლები და დაძაბულებიც ვიყავით. რა თქმა უნდა, შანსები გვაქვს და ფარ-ხმალს არანაირად არ დავყრით.

– შეაფასეთ უმაღლესში დარჩენისა და ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსები…
– ვფიქრობ, გამორიცხულია, რომ წელს უმაღლესიდან გავვარდეთ. საუკეთესო ექვსეულისთვის კი 9-ში, „დინამოს“ თუ მოვუგებთ დიდ ნაბიჯს გადავგდგამთ. სამწუხაროა, ჩვენ ისეთი ქულები დაგვხვდა, რომ ამ ეტაპზე ძალიან ძნელია, მაღალ ადგილებზე მოხვედრა.

– და ბოლოს, თბილისი „დინამოსთან“ მოახლოვებულ პაექრობაზეც გვითხარით, თავად ძალზედ კარგად იცით ამ თამაშის მნიშვნელობა…
– ვგრძნობთ ბიჭები, რომ „დინამო“ ჩვენი ყველაზე განსაკუთრებული მეტოქეა. ასევე, ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრები მრავლად მოვლენ ამ მატჩზე, რომელთა გასახარებლად ყველაფერს დავდებთ მოედანზე.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

FCTorpedo.Ge