24 საათზე ნაკლები დრო რჩება ევროპული სარაგო კალენდრის კულმინაციამდე. ხვალ, 15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება 2014 წლის ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ევროპის ერთა თასის 6 გზის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
ყველაფერი ან არაფერი
ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისათვის. გამარჯვებული ნაკრები მოიპოვებს ევროპის ერთა თასს, ანთიმოზ ივერიელის თასს და განსაზღვრავს 2015 წლის მსოფლიო თასზე C და D ჯგუფებში მონაწილე გუნდებს.
კაპიტნის ვარჯიში და წინა სამატჩო პრეს-კონფერენცია
დღეს, ტრადიციული კაპიტნის ვარჯიშის გასამართად, ორივე ნაკრებმა მესხის სტადიონს მიაშურა. იმავდროულად საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა წინა სამატჩო პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხებს გასცეს პასუხი.
“გუნდში წინა მატჩისგან განსხვავებით რამდენიმე ცვლილებაა. სასიხარულოა, რომ ტრავმების შემდეგ დავით ზირაქაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი დაგვიბრუნდნენ. მხოლოდ შერკინებაში, სულ ხუთი ცვლილება განვახორციელეთ.
მიმაჩნია, რომ ხვალლინდელი თამაშისათვის ძალზედ გამოცდილ გუნდს მოვუყარეთ თავი. შაბათს რუმინეთის წინააღმდეგ თამაში დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენთვის, მაგრამ სწორი მიდგომით, თავდადებით და სათამაშო გეგმის მიხედვით მოქმედებით და ჩვენი ქომაგების მხარში დადგომით რათმაუნდა ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს“ – განაცხადა მილტონ ჰეიგმა
„დაძაბული თამაშის მოლოდინში ვართ. ვფიქრობ, ორი ისეთი გუნდის დაპირისპირება, რომლებმაც მსოფლიო თასის საგზური უკვე გაინაღდეს და ამ კუთხით წნეხი მოიხსნეს, მაყურებელს სანახაობრივ თამაშს შესთავაზებს. ვიცით, რომ სტადიონი პირთამდე იქნება სავსე და ეს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. ვეცდებით ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს დავანახოთ, რომ რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა და ეგებ ამით ჩვენდამი ყურადღება კიდევ უფრო გაიზარდოს.
„მოედნის საფარი ძალიან კარგია და ორი თანაბარი ძალის გუნდს ყველა პირობა აქვს საიმისოდ შექმნილი, რომ მაყურებელს ლამაზი რაგბი აჩვენოს. ჩვენი უმთავრესი მიზანი მსოფლიო თასზე მოხვედრა იყო და დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმას, თუ რომელ ჯგუფში მოვხვდებით. ახალი ზელანდია იქნება თუ საფრანგეთი, ან ნებისმიერი სხვა გუნდი, ყველასთან მაქსიმალური მონდომებით უნდა ვითამაშოთ. თუმცა, მე როგორც უელსელს, ძალიან მინდა ახალ ზელანდიას კარდიფში, ‘მილენიუმზე’ დავუხვდე”- განაცხადა ლინ ჰოუელსმა, რუმინეთის ნაკრების უელსელმა მწვრთნელმა.
Rugby.GE