დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას საქართველოში მოქმედი ტოტალიზატორები ეხმაურებიან.
შეგახსენებთ, რომ სფფ-მ აზარტული თამაშების კომპანიებს ფედერაციის ეგიდით გამართული ყველა მატჩზე კლიენტებზე შეთავაზებული ფსონების სიიდან ამოიღებისკენ სთხოვა.
ჩვენ, ორ წამყვან ტოტალიზატორს დავუკავშირდით და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ:
თამუნა ქვილითაია (ევროპაბეთი): გავეცანით ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ოფიციალურად არავის არ მოუმართავს.
გარიგებულ თამაშებთან ბრძოლას ჩვენი ძალებით ყოველთვის ვცდილობდით. ფსონების გამოქვეყნებით კი, გულშემატკივარს სტიმულს ვაძლევდით, რათა საქართველოს ჩემპიონატისადმი ინტერესი ამაღლებულიყო.
ჩვენი აზრით, აკრძალვა კარგს არაფერს არ მოგვიტანს. საქართველოს ბაზარზე უცხოური კომპანიებიც არიან. აკრძალვის შემთხვევაში კი, ჩვენ არათანაბარა პირობებში ვიქნებით.
საჭიროა, რომ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ აღნიშნული პრობლემა და გარიგებულ თამაშებს ერთად ვებრძოლოთ.
ოთარ შალიკაშვილი (აჭარაბეთი): ჩვენ უკვე მრავალი წელია არ ვიღებთ ფსონებს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე. როგორც ყველაზე დიდი და პასუხისმგებლიანი კომპანია, ქართული სპორტის განვითარებას ამ ხერხითაც ვუწყობთ ხელს.
უნდა ითქვას, რომ მართლაც უცნაურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. ქართულ ტოტალიზატორებში ეროვნულ ჩემპიონატზე ფსონების მიღების აკრძალვით, დიდად არაფერი იცვლება. თამაშის ჩაწყობის მსურველი, თავისი საქმის გაკეთებას ტოტალიზატორთან კავშირის გარეშეც მოახერხებს. სამუშაო სწორედ ასეთი ხალხის გამოვლენაზე და დასჯაზეა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, ბიძგი უცხოურ კომპანიებს ეძლევათ, რათა ქართულ ფეხბურთზე მათ იშოვონ ფული. მრავალი წელია უცხოური საბუკმეიკერო კანტორები ისედაც იღებენ ფსონებს საქართველოს ნებსმიერი ლიგის მატჩებზე ახლა კი, მათი მომხმარებლის რაოდენობა მნიშნველოვნად გაიზრდება.