არბელოამ კარიერა დაასრულა

ესპანელმა მცველმა ალვარო არბელოამ 34 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა.

“კარიერის გასაგრძელებლად ფიზიკურად მზად ვიყავი, მაგრამ დამშვიდობების დრო დადგა. “რეალი” ჩემი ცხოვრების კლუბია. ვინმესთან დარეკვას და სამსახურში აყვანას არასდროს ვთხოვ, მაგრამ წინადადებების განხილვისთვის ყოველთვის მზად ვიქნები”, – ციტირებს არბელოას სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ალვარო არბელოა “ვესტ ჰემ იუნაიტედში” ირიცხებოდა. ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი მადრიდის “რეალის” რიგებში გაატარა (2004-06, 2009-16) და გუნდთან ერთად ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. “რეალისა” და “ვესტ ჰემის” გარდა არბელოას “დეპორტივოსა” და “ლივერპულში” უთამაშია.

ალვარო არბელოამ ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ ევროპის ჩემპიონატი (2008, 2012) და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი (2010) მოიგო.

თოკზე ხტუნვის მასტერკლასი არბელოასგან (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა ალვარო არბელოამ თოკზე ხტუნვის მასტერკლასი აჩვენა. ესპანელმა ფეხბურთელმა ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

არბელოა ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს

მადრიდის “რეალის” მცველმა ალვარო არბელოამ მარცხენა მუხლის იოგის ტრავმა მიიღო, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის ფინალს, დიდი ალბათობით, გამოტოვებს. დაზიანება უმნიშვნელო ხასიათისაა, თუმცა ესპანელი ფეხბურთელი ფინალამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

შეგახსენებთ, რომ ალვარო არბელოა სეზონის ბოლოს “რეალს” დატოვებს. 33 წლის ფეხბურთელმა კლუბსა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა და ამცნო, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა 28 მაისს, მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პიკე: “არბელოას ჩემს მეგობრად არ ვთვლი”

მადრიდის “რეალის” მცველ ალვარო არბელოასა და “ბარსელონას” უკანახაზელ ჟერარ პიკეს შორის ქიშპობა გრძელდება.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “რეალმა” დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევი ათამაშა, რის გამოც “სამეფო კლუბი” ტურნირიდან მოხსნეს.

ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა პიკე, რომელმაც “რეალის” მიმართ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ არბელოამ, რომელმაც პიკე მეგობრად მოიხსენია, განაცხადა, რომ “ბარსას” მცველს კომედიური შოუში სიამოვნებით იხილავდა.

ჟურნალისტებმა პიკეს კითხვა დაუსვეს, თვლიდა თუ არა იგი არბელოას მეგობრად, რაც ასეთი პასუხი მიიღეს:

“არბელოას, რომელსაც ვიცნობ, ჩემს მეგობრად არ ვთვლი”.

საგულისხმოა, რომ პიკემ ამ წინადადების თქმისას ახსენა ესპანური სიტყვა “conocido”, რაც თარგმნილია, როგორც “ვიცნობ”, თუმცა “ბარსას” მცველმა ეს სიტყვა პაუზით თქვა – “cono…cido”, რაც ესპანურად შეურაცხმყოფელ ფრაზად აღიქმება.

 

არბელოა შესაძლოა, “ჩელსიში” აღმოჩნდეს

ბრიტანული “დეილი ექსპრესის” ცნობით, მადრიდის “რეალის” მცველი ალვარო არბელოა, შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს.

31 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს. არბელოასთვის ინგლისი უცხო არ არის, ის ორწელიწადნახევრის განმავლობაში “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალვარო არბელოას “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც კარგად იცნობს. პორტუგალიელი სპეციალისტი ესპანელ მცველს “რეალში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

 

არბელოამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

მადრიდის რეალის მარჯვენა მცველმა ალვარო არბელოამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“საქმე მსოფლიო ჩემპიონატს საერთოდ არ ეხება. ვისენტე დელ ბოსკეს პატივს ვცემ. ახლა ის უფრო მეტად სხვა ფეხბურთელებს ენდობა და ეს ნორმალურია.ვფიქრობ ესპანეთის ნაკრებში ჩემი დრო დასრულდა.

იმედი მაქვს, ისინი მსოფლიო ჩემპიონები კიდევ ერთხელ გახდებიან. მადლობას ვუხდი იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ , ჩემს გვერდით იდგნენ და პატივს მცემდნენ” – განაცხადა ალვარო არბელოამ.

„ნაპოლის“ არბელოა სურს

Football Italia-ს ცნობით, „ნაპოლიმ“ მადრიდის „რეალის“ მცველ ალვარო არბელოას მიმართ ინტერესი გამოხატა.

იტალიური კლუბი მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 6,5 მილიონი ევრო გაიღოს, თავად არბელოას კი, ჯამაგირის სახით წელიწადში 2 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ნეაპოლიტანური კლუბის მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი არბელოას კარგად იცნობს. ისინი ერთად 2007-დან 2009 წლამდე მუშაობდნენ ინგლისურ „ლივერპულში“.

ალვარო არბელოამ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 16 მატჩი ჩაატარა.