მინო რაიოლა: “ბალოტელის ენას მოვაჭრი”

საფრანგეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში “ლორიანის” წინაარმდეგ გამართულ მატჩში (1:0) “ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მთავარი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოედნიდან გააძევეს. ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ.

“ბალოტელის პრობლემების მოსაგვარებლად ერთი იდეა გამიჩნდა. მე მას ენას მოვაჭრი. ფეხბურთის სათამაშოდ ენა არ არის საჭირო.

მარიომ აღიარა, რომ გაძევება მისი ბრალი იყო. ეს მნიშვნელოვანია. მან იცის, რომ შეცდომა დაუშვა და ამას გამართლება არ აქვს. მარიოს სიტყვებმა არამხოლოდ იგი, არამედ გუნდიც დააზარალა”, – ციტირებს მინო რაიოლას სიტყვებს RMC.

რაიოლა: “ზლატანმა, პოგბა “მანჩესტერში” გამოუშვი, თორემ ფეხებს მოგტეხავო”

ცნობილი აგენტის, მინო რაიოლას თქმით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ძალიან უნდოდა, რომ პოლ პოგბა მისი თანაგუნდელი გამხდარიყო.

“როდესაც ზლატანი “იუნაიტედში” გადავიდა, დამირეკა და მითხრა: “არ გაყიდო პოგბა სხვა კლუბში, თორე ფეხებს მოგტეხავ”.

პოგბას ჯერ კიდევ მოუწევს საკუთარი თავის ძიება ახალ გუნდში. მე მის ხილვას მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვისურვებდი, მაგრამ გადაწყვეტილებას ჟოზე მოურინიო იღებს”, – ციტირებს რაიოლას სიტყვებს de Volkskrant-ი.

შეგახსენებთ, რომ ამ ორივე ფეხბურთელის აგენტი სწორედ მინო რაიოლა გახლავთ.

მინო რაიოლას “რომას” შეძენა სურს

ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ “რომას” შეძენის სურვილი გამოთქვა.

“თუ “რომას” გაყიდვას დააპირებენ, ინვესტორთა ჯგუფთან ერთად კლუბის შეძენას შევეცდები. საინტერესო პროექტი იქნებოდა. ერთხელ უკვე ვფიქრობდი “ინტერის” შეძენაზე, თუმცა შემდეგ ამ იდეაზე უარი ვთქვი. ამერიკელი მფლობელები “რომას” ცუდად მართავენ. მე მათი გეგმის არ მჯერა, როგორც არ მჯეროდა “ინტერის” პროექტის”, – ციტირებს რაიოლას სიტყვებს Squawka.

მინო რაიოლა: “მოხარული ვიქნები, თუ ზლატანს პრემიერლიგაში ვიხილავ”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ შვედი ფორვარდი ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებულად ითამაშებდა. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს პარიზული კლუბის დატოვებას აპირებს.

“მოხარული ვიქნები, თუ ზლატანს პრემიერლიგაში ვიხილავ. ვფიქრობ, რომ ეს ჩემპიონატი თავისი ძალით, ხასიათით, ტექნიკით, გადავსებული სტადიონებითა და ფანტასტიური ატმოსფეროთი სრულად შეეფერება იბრაჰიმოვიჩს. ახლა რაიმეს თქმა რთულია, რადგან ზლატანს, პირველ რიგში, სურს, რომ თავისუფალი აგენტი გახდეს, რის შემდეგაც შემოთავაზებულ წინადადებებს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. იგი ბევრ წინადადებას იღებს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი არ არის გარკვეული. თეორიულად შესაძლებელია, რომ მან კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “პარი სენ-ჟერმენში” ითამაშებს”, – მინო რაიოლას კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.

 

აგენტი: “ბალოტელი იმედგაცრუებულია”

“ლივერპულის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ იტალიელი ფეხბურთელი მერსისაიდულ გუნდში ასპარეზობით იმედგაცრუებულია.

“მისი გეგმა “ლივერპულში” თამაშის გაგრძელებაა. მარიო ამ ორშაბათს ვნახე და ვუთხარი: “მოქმედი კონტრაქტით გუნდთან ოთხი წელი გაკავშირებს, ამიტომ სხვა კლუბში შენს გადაყვანაზე არ ვიმუშავებ. ან “ლივერპულს” 60-70 მილიონ ევროდ დატოვებ და მე სანაძლეოს მოვიგებ, ან აქ მოკვდები”.

ფეხბურთელზე ასეთ რამეს პირველად ვამბობ. ის ძალიან შეიცვალა: წყნარი გახდა. ისეთი აღარ არის, როგორიც “მილანში” იყო.

მარიო ძალიან იმედგაცრუებულია, ცუდი დროება უდგას. ის რიტმიდან ამოვარდნილია”, – ციტირებს მინო რაიოლას სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი “ლივერპულში” გასულ ზაფხულს “მილანიდან” გადავიდა. მერსისაიდულმა გუნდმა იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღო.

ბალოტელიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.

 

პოგბას მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გადაჭრით ვერავინ იტყვის, თუ როგორ წარიმართება ფრანგი ფეხბურთელის კარიერა.

„ჩემი პრიორიტეტი უცვლელია, ფეხბურთელების ინტერესებს ბოლომდე ვიცავ. მსოფლიოს ჩემპიონატამდე პოგბას შესახებ არანაირ სიახლეს არ ელოდოთ. ყველაფერს, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ – კონტრაქტის გაგრძელება ან შესაძლო ტრანსფერი – ყურადღებით განვიხილავთ, მაგრამ მუნდიალის დასრულების შემდეგ.

პოგბა „იუვენტუსში“ ყველაფრით კმაყოფილია, კლუბიც კმაყოფილი უნდა იყოს მისი თამაშით. კონტრაქტს ვადა 2016 წელს ეწურება, ასე რომ საჩქარო არაფერია. ჯერჯერობით ის არსად არ მიდის. ვიმეორებ „ჯერჯერობით“. თუ ერთ დღეს საოცარ შემოთავაზებას მივიღებთ, წინადადებას ერთად განვიხილავთ.

ახლა პოლი „იუვენტუსის“ რიგებში იტალიის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაზე წარმატებით თამაშზე არის კონცენტრირებული, შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალი ელის“, – მინო რაიოლას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოგბას მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ და ფრანგული  „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენენ.

ბექა დოგრაშვილი