რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი შემტევი, გიორგი ალავერდაშვილი, კარიერას პოლონეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მოთამაშე პოლონურ “გურნიკთან” ერთად ემზადებოდა, თუმცა ამ გუნდთან კონტრაქტი არ გაფორმდა. გადაწყვეტილია, რომ 27 წლის ფეხბურთელი ბიდგოშჩის “ზავიშაში” ითამაშებს, რომელიც 10 ქულით ბოლო პოზიციაზეა.
“კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესიდან გავვარდებით ხელშეკრულება შეწყდება. ექსტრაკლასაში ადგილის შესანარცუნებლად შანსები გვაქვს. 10 ტურია დარჩენილი, რის შემდეგაც გუნდები გაიყოფიან, ქულები განახევრდება და კიდევ 7 ტურს ვითამაშებთ. რთული მატჩები გველის, თუმცა წარმატების რომ არ მჯეროდეს აქ არც მოვიდოდი. “ლეგიასთან”, “ვისლასთან” და “ლეხიასთან” სტუმრად ვთამაშობდთ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. აღსანიშნავია, რომ გუნდი 14-მა ფეხბურთელმა დატოვა და 12 ახალწვეული ვართ” – განაცხადა ალავერდაშვილმა Fanebi.com-თან საუბრისას.