„დილამ“ მთავარი მწვრთნელი წარადგინა

29 მარტს გორის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელის გია გიგატაძის წარდგენა მასმედიის წინაშე. მედიასთან ერთად შეხვედრას გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ. გია გიგატაძემ ისაუბრა გუნდის მიზანზე. მან ხაზი გაუსვა ჩემპიონატში იმას, რომ არ შეიძლება იმის ჩათვლა, რომ თითქოს გუნდი დარჩენილია უმაღლეს ლიგაში.

გია გიგატაძე: „წინ კიდევ ცხრა ტურია სათამაშო და ცხრა ქულაა სხვაობა გასავარდნ ზონასთან. ყველა შეხვედრას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. რათქმაუნდა, პრიორიტეტი თასის გათამაშებაა, სადაც ჩვენი მეტოქე თბილისის „დინამო“ გახლავთ. ჩვენი მიზანიც სწორედ თავდადების და საკუთარი ძალების რწმენით ამ ბარიერის გადალახვა იქნება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ გუნდში საკმაოდ გამოცდილი კონტიგენტია თავმოყრილი. ბევრი მათგანი როგორც საქართველოს ჩემპიონი, ასევე თასის მფლობელები გახლავთ და მათ იციან ჯილდოების გემო.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო ურთიერთობას გორის „დილასთან“ ჯერჯერობით შეთანხმება სეზონის ბოლომდე მაქვს კლუბთან. სეზონის დასრულების შემდეგ, თუ კლუბის ხელმძღვანელობა ჩათვლის საჭიროდ და დადებითად შეაფასებს ჩემს მუშაობას „დილაში“ გავაგრძელებ მოღვაწეობას.“

 

ბატონმა გიამ ასევე მიმართა გულშემატკივარს რომ ურთიერთობა კლუბსა და გულშემატკივარს შორის უნდა იყოს ერთიანი. გულშემატკივრის მხარდაჭერაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანის და მოედანზე მყოფი ფეხბურთელების თავდადებაზე.

გია გიგატაძის ხელმძღვანელობით „დილა“ პირველ შეხვედრას 30 მარტს საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და მას ლაშა სილაგავამოემსახურება.

 

„დილას“ პრესსამსახური