შუმახერს ცნობიერების ნიშნები უბრუნდება

გასული წლის დეკემბრის თვიდან კომაში მყოფ ავტომრბოლელ მიხაელ შუმახერს ცნობიერების ნიშნები უბრუნებდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მენეჯერი საბინა კემი ავრცელებს.

„მიხაელის მდგომარეობის პროგრესირება აშკარაა. მას ცნობიერების ნიშნები უბრუნდება და გამოფხიზლებას იწყებს. ყველას მადლობას ვუხდით თანაგრძნობისთვის. ამავე დროს, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმ ფაქტს, რომ დეტალების გამჟღავნებისგან თავს ვიკავებთ“, – ციტირებს კემის სიტყვებს „ბი ბი სი“.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი ავტომრბოლელი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს, მისი რეაქცია კი იმაზე მიუთითებს, რომ მიღებულ ინფორმაციას აღიქვამს. უცხოური პრესის ცნობით, ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები შუმახერს არ შორდებიან, მას მუდმივად ესაუბრებიან.

შეგახსენებთ, რომ შუმახერი გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას ბილიკიდან გადავიდა, ძირს დაეცა და თავი ქვას დაარტყა. გერმანელი ავტომრბოლელი გრენობლის კლინიკაშია მოთავსებული.

ბექა დოგრაშვილი