შოთა ხაბარელმა სპორტის მინისტრის პოსტზე სასურველი კანდიდატურა დაასახელა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა შოთა ხაბარელმა მინისტრის პოსტზე მისთვის სასურველი კანდიდატურა დაასახელა. კითხვაზე, არსებობს თუ არა აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურა, რომელსაც კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს, ხაბარელმა განაცხადა, რომ ასეთად ირაკლი დოლაბერიძე მიაჩნია, რომელსაც დღესდღეობით სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის პოსტი უკავია.

“თუ გათვალისწინებული იქნება ეს კანდიდატურა, ქართულ სპორტს ნამდვილად წაადგება. მას დიდი გამოცდილება აქვს. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ის სპორტის კაცია. შესაბამისი განათლებაც გააჩნია და ის წლების მანძილზე ემსახურება ქართულ სპორტს. ეს ადამიანი ნამდვილად იქნება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ღირსეული მინისტრი.

ეს გახლავთ ირაკლი დოლაბერიძე, რომელიც მართლაც პრინციპული, საკუთარი საქმის მცოდნე პიროვნებაა. ის მთელი წლების განმავლობაში იბრძოდა. სწორედ მისი დამსახურებაა 2007 წელს გაუქმებული სპორტის აკადემიის აღდგენა. ამ ადამიანის ძალისხმევით ეს ჩვენ შევინარჩუნეთ, ქართულმა სპორტმა შეინარჩუნა ახლა უკვე უმაღლეს რანგში აყვანილი სპორტის უნივერსიტეტი”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა TVS-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა.

 

ლევან ყიფიანმა მინისტრის პოსტი დატოვა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. ყიფიანმა გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინათ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არ მინდა შევიდე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან – კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა. ასევე მოიქცნენ ეს ადამიანები და ნუ გაცვლიან საკუთარ სამშობლოს პირად ინტერესებზე.

მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, მომზადებული მაქვს განცხადება, აქედან წავალ და ჩავაბარებ კანცელარიას. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მოპოვება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ჩვენს გუნდს ამ ნდობას გამოუცხადებს.

მე ამ გუნდის წევრი ვიყავი, ამ გუნდის სახელით მოვედი მთავრობაში, ამ გუნდთან ერთად გავიარე ბევრი პრობლემა და მინდა, მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის პრემიერ-მინისტს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც მოვედით მთავრობაში. ბევრი დანაპირები, რომელიც ჩვენ განვაცხადეთ, შევასრულეთ, მაგრამ ის, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს. მათ მივმართავ, რომ პროვოკაციაზე ნუ წავლენ სახელმწიფოს სახელით. სწორედ ეს არის ჩემი გადადგომის მიზეზი. არ მინდა, პრობლემა გამწვავდეს, არ მინდა, გადავიდეს იმ ზღვარს, რომელზეც, მე ვფიქრობ, უკვე გადასულია. მე არ მინდა, გავხდე სპეკულაციის ნაწილი და ვტოვებ თანამდებობას.

მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები და ყველა კითხვაზე მზად ვარ, პასუხი გავცე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს. ვთხოვ პრემიერ-მინისტს და ახალ მინისტრს, რომ შეინარჩუნონ ის კურსი, რომელიც დაისახა სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და ნუ დავბრუნდეთ უკან, რომელზეც უარი ვთქვით, რამდენიმე წლის წინათ.

მე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ მუშაობას. მომავალ წელს არის ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები და შესაძლოა, მოვემზად. შესაძლოა, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში მივიღე მონაწილეობა”, – განაცხადა ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი მინისტრთა კაბინეტის რიგით მეშვიდე წევრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა, რითაც ლიმიტი ამოიწურა. შესაბამისად, პარლამენტმა მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა ეძლევა მთავრობის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად, რის შემდეგაც პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში წარუდგინოს. მთავრობის ნდობის მოსაპოვებლად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუ პარლამენტმა ახალი მთავრობა არ დაამტკიცა, კონსტიტუციის მიხედვით, ეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საფუძველი ხდება.

 

“პირველი რადიო”: ლევან ყიფიანი მინისტრის პოსტს დღეს დატოვებს

“პირველი რადიოს” ცნობით, გვიან ღამით სახელისუფლებო გუნდში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, სადაც დახურულ კარს მიღმა გადაწყდა რომ ლევან ყიფიანი თანამდებობას დატოვებს. წყაროს თანახმად, ყიფიანი პოსტის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები მინისტრის მუშაობის უკმაყოფილონი არიან. ყიფიანის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს. “პირველი რადიოს” ინფორმაციით, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მუშაობით საპარლამენტო კომიტეტის გარდა სხვა მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებიც იყვნენ დაინტერესებულნი და პირველადი ინფორმაციით, მათ დარღვევებიც აღმოაჩინეს.

თუ ლევან ყიფიანის პოსტიდან გადადგომა დადასტურდება, ეს მეშვიდე მინისტრის შეცვლა იქნება, რითაც ლიმიტი ამოიწურება და პარლამენტმა მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს.

 

იუბილე: ჯანო ბაგრატიონს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი 4 აპრილს 76 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჯანო ბაგრატიონს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი იუბილარს შინ ეწვია და პირადად მიულოცა დაბადების დღე და სპორტის რაინდის საპატიო წოდების მინიჭება.

„ვულოცავ ბატონ ჯანოს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ! ასევე ვულოცავ სპორტის რაინდის წოდებას! ჯანო ბაგრატიონი მთელი ცხოვრება სპორტშია, ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეებთან იდგა და წლების მანძილზე მისი პრეზიდენტიც გახლდათ”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

„მიუხედავად იმისა, რომ საპატიო წოდებები თუ სხვადასხვა ჯილდოები ადრეც მიმიღია, ქართული სპორტის რაინდის წოდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ხალხმა ამ ჯილდოს ღირსად მიმიჩნია. მსურს მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მის ხელმძღვანელებს ამ გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა ბატონმა ჯანომ.

ჯანო ბაგრატიონი წარმატებული ხელბურთელი გახლდათ, რომელმაც თბილისის „ბურევესკინის” შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო და რამდენჯერმე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ხელბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ იყო მწვრთნელი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე, თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე.

1996-2004 წლებში ჯანო ბაგრატიონი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ, 2004 წლიდან კი სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტია.

ჯანო ბაგრატიონი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით, არის სპორტის საპატიო ოსტატი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური