“ზესტაფონმა” გიორგი ილურიძე დაიმატა

იმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 22 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი ილურიძე. ახალგაზრდა თავდამსხმელმა, რომელსაც გორის “დილაში”, ხორვატულ “ჰაიდუკში”, ბოლოს კი კვიპროსულ “ერმისში” უასპარეზია, “ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: გიორგი ილურიძე – თავდამსხმელი; დაბადებულია – 20.02.1992; სიმაღლე – 180 სმ, წონა – 70 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”დინამო” (თბილისი) – 2001-2010; ”ანჟი” (მახაჩკალა, რუსეთი) – 2010-2011; ”დილა” (გორი) -2012-2013; ”ჰაიდუკუ” (სპლიტი, ხორვატია) -2013-2014; “ერმისი” (არადიპუ, კვიპროსი) – 2014.
თბილისის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, გიორგი ილურიძე მახაჩკალის “ანჟიში” გადავიდა. დებიუტი რუსულ პრემიერ-ლიგაში 18 წლის ასაკში მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰქონდა.

ამის შემდეგ გიორგი გადავიდა გორის “დილაში”, რომლის შემადგენლობაშიც მან ევროპული კომპანიის რამდენიმე მატჩში წარმატებით იასპარეზა. ახალგაზრდა თავდამსხმელის შემდეგი კლუბი ხორვატიის უამღლესი ლიგის წარმომადგენელი, სპლიტის “ჰაიდუკი” გახლდათ. ბოლოს კი ფეხბურთელი კვიპროსულ “ერმისში” ირიცხებოდა.

გიორგი ილურიძეს საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებშიც წარმატებით და შედეგიანად უასპარეზია.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ილურიძე “ჰაიდუკში” აღარ ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ილურიძე სპლიტის “ჰაიდუკში” აღარ ითამაშებს. როგორც ხორვატიული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, “ჰაიდუკსა” და ილურიძეს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ილურიძე “ჰაიდუკში” გასულ ზაფხულს, გორის “დილადან” გადავიდა. გიორგიმ სპლიტელთა რიგებში სულ თხუთმეტი მატჩი ჩაატარა, აქედან ათ შემთხვევაში ის ძირითად შემადგენლობაში იყო. 22 ძლის მოთამაშის ანგარიშზე, ხორვატიული კლუბის მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში, ერთი გოლი და ერთი საგოლე პასია.

გიორგი ილურიძე ავტოავარიაში მოყვა

პარასკევს სპლიტის „ჰაიდუკის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი ილურიძე ავტოავარიაში მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ხორვატული ინტერნეტ-გამოცემა „24 საათი“ ავრცელებს.

საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოავარია სპლიტში მოხდა, როდესაც ილურიძე თანაგუნდელთან ერთად ქალაქ რიეკაში მორიგი მატჩის (1:4) გასამართად მიდიოდა. როგორც ირკვევა, დამნაშავე ქართველი ფეხბურთელი არ არის. ილურიძის წინ მიმავალმა ავტომანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, ქართველმა ლეგიონერმა შეჯახების თავიდან აცილების მიზნით მსწრაფლ გზიდან გადაუხვია, თუმცა ხეს შეასკდა. ილურიძესთან ერთად მანქანაში „ჰაიდუკის“ უზბეკი თავდამსხმელი თემურხუჯა აბდუხოლიკოვი იჯდა. ავტომობილის წინა ნაწილი მცირეოდენ დაზიანდა.

ბექა დოგრაშვილი