ფლეტჩერი: „იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან ვერ გავდიოდი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა, რომელიც მოედანზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ავადმყოფობის დროს გადატანილ ტკივილებზე ისაუბრა.

შოტლანდიელ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები 2011 წლიდან აწუხებდა. ფლეტჩერმა მაშინ ხანგრძლივი პაუზა აიღო და მოედანს 2012 წელს დაუბრუნდა, თუმცა რამდენიმე ჩატარებული მატჩის შემდეგ მას წყლულოვანი კოლიტი დაუდგინეს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების XVI ტურში, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფლეტჩერის ტრიუმფალური დაბრუნება შედგა.

„იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან გასვლასაც ვერ ვახერხებდი. არც ბავშვებთან ერთად პარკში სეირნობა და არც მეუღლესთან ერთად საყიდლებზე სიარული არ შემეძლო. ტკივილი იმდენად მტანჯავდა, რომ უბრალო საქმეებსაც კი ვერ ვაკეთებდი. ოპერაციის დროს გარანტია ვერ მომცეს. რაღაც ისე რომ არ განვითარებულიყო, მოედანსაც ვერ დავუბრუნდებოდი. ფეხბურთზე უარის თქმას არ ვაპირებდი, რადგან ამ საქმისთვის ბევრი რამ გავიღე. ოპერაციას ჩემი ჯანმრთელობისა და ფეხბურთის გამო დავთანხმდი.

ბევრი შიში და შფოთვა გამოვიარე. საბედნიეროდ, დიდებული ქირურგის ხელში მოვხვდი. მე მას სრულად ვენდე. ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ამას დავძლევდით. მართალი აღმოჩნდა. თქვენს წინაშე წყლულოვანი კოლიტისგან სრულად განკურნებული ვდგავარ. მე ეს დაავადება დავამარცხე. ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი და ფეხბურთსაც ვთამაშობ“, – ფლეტჩერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის XVI ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სატურნირო ცხრილის მერვე პოზიცია აქვს დაკავებული და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება.

ბექა დოგრაშვილი