მარსელო ბიელსამ წლიური ხელფასი თავის პირველ კლუბს გადაურიცხა

“ლიდს იუნაიტედის” არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ, რომელსაც მეტსახელად “გიჟს” უწოდებენ, თავისი ექსტრავაგანტული საქციელით კიდევ ერთხელ გაამართლა ეს სახელი.

ბიელსამ წლიური ჯამაგირი სრულად გადაურიცხა არგენტინულ “ნიუელს ოლდ ბოისს”, სადაც როგორც მოთამაშის, ასევე სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. 63 წლის სპეციალისტის ამ შემოწირულობამ თითქმის ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

არგენტინული კლუბი აღნიშნულ თანხას ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარს.

ბიელსა: “ჟურნალისტები კონფლიქტს იქ ეძებენ, სადაც ის არ არის”

“ლილის” მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გაუჯავრდა. არგენტინელის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი დათმო (“სტრასბურგთან” 0:3, “კანთან” 0:2) და ბიელსა ფეხბურთელთა ფიზიკურ მდგომარეობაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.

“მაპატიეთ, მაგრამ უკვე 30 წელია ჟურნალისტების ინტრიგას ვეჯახები. უკვე ვიცი, ვის სურს ფეხბურთზე საუბარი და ვის – არა. თქვენი სახე და ჟესტები თქვენივე განზრახვის მაჩვენებელია. თქვენ არ იცით, როგორ მოახდინოთ მონაცემთა ინტერპრეტირება. თქვენ კონფლიქტს ეძებთ იქ, სადაც ის არ არის. როდესაც ინფორმაცია არ გაქვთ, ადამიანებს ერთმანეთს უპირისპირებთ და ამით ამბავს ქმნით. თქვენი მიზანი გუნდში დაძაბულობის შემოტანაა. ეს დესტრუქციული პროცესია” , – ციტირებს ბიელსას სიტყვებს AFP.

გვარდიოლა: “ბიელსა ჩემი ერთ-ერთი კერპია”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტის, მარსელო ბიელსას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მათ 2006 წელს 11 საათი ერთად გაატარეს. სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა ესპანელმა მწვრთნელმა.

“ბიელსასგან ბევრი რამ ვისწავლე. 11 საათის განმავლობაში მისგან ბევრ რამეს გაიგებ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეიცნობ. ამისთვის მასთან ერთად უნდა ცხოვრობდე.

იგი ჩვენს პროფესიას განასახიერებს, პატივს სცემს თავის კოლეგებს, პატივს სცემს საკუთარ გუნდებს, საკუთარ ფეხბურთელებს.

მან ყველაფერი იცის ფეხბურთის შესახებ. იგი იმსახურებს, რომ ფეხბურთში იყოს ყოველ წელს, ყოველ მომენტში. მარსელო პატიოსანი და გონიერი კაცია. იგი ძლიერი პიროვნებაა ძლიერ ადამიანებთან და კარგი პიროვნებაა სუსტ ადამიანებთან. მე მისით აღფრთოვანებული ვარ. იგი ჩემი ერთ-ერთი კერპია”, – გვარდიოლას სიტყვებს getfootballnewsfrance ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსას სამწვრთნელო კარიერაში პაუზა აქვს აღებული.

“ლაციოს” მარსელო ბიელსას აბარებენ

კვირის ბოლოს მარსელო ბიელსა რომს ეწვევა და ადგილობრივ “ლაციოსთან” კონტრაქტს გააფორმებს.

მხარეები თანამშრომლობის ბოლო დეტალებს გაარკვევენ, რის შემდეგაც შრომით ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. ორშაბათს კლუბმა ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 60 წლის არგენტინელი სპეციალისტის დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსა ბოლოს “მარსელს” თავკაცობდა, რომელიც გასული წლის აგვისტოში დატოვა.

მარსელო ბიელსამ “მარსელი” დატოვა

საფრანგეთის ჩემპიონატის I ტურში “კანთან” დამარცხების (0:1) შემდეგ “მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ პოსტი დატოვა.

60 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა ამის შესახებ მატშისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბიელსა ფრანგულ კლუბს 2014/15 წლების სეზონიდან ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით “მარსელმა” საფრანგეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

მარსელო ბიელსამ “რეალის” ჩაბარებაზე უარი თქვა

“მარსელის” მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას 2004 წელს მადრიდის “რეალის” ჩაბარება შეეძლო, თუმცა არგენტინელმა სპეციალისტმა წინადადებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლუის მარია ბონინიმ განაცხადა, რომელიც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ბიელსას თანაშემწედ მუშაობდა.

“არგენტინის ნაკრებიდან რამდენიმე დღის წამოსულები ვიყავით, როცა მარსელოს მადრიდიდან მნიშვნელოვანმა პიროვნებამ დაურეკა. ბიელსამ მას უპასუხა: “სულ ახლახან დავტოვე არგენტინის ნაკრები და თქვენ ფიქრობთ, რომ “რეალს” ჩავიბარებ?”

რთულია “სამეფო კლუბს” უარი უთხრა. ეს მხოლოდ ბიელსას შეუძლია”, – ბონინის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსამ არგენტინის ეროვნული გუნდის შემდეგ ჩილეს ნაკრები ჩაიბარა, ეს კი სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წელს მოხდა.

 

ბიელსა სეზონის ბოლოს, სავარაუდოდ, “მარსელს” დატოვებს

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მარსელო ბიელსა “მარსელის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი საკუთარი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი არ არის. გარდა ამისა, 59 წლის მწვრთნელს არც კლუბის ხელმძღვანელობასთან აქვს კარგი ურთიერთობა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსას კანდიდატურას იაპონიის ნაკრების თავკაცის პოსტზე განიხილავენ.

 

ბიელსას მასტერკლასი ზიდანს

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “მარსელის” საწვრთნელ პროცესს დაესწრო. ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტი მარსელო ბიელსას შეხვდა და მისი მუშაობის მეთოდებსაც გაეცნო. ზიზუს გარდა, ფრანგული გუნდის საწვრთნელ ცენტრს კლოდ მაკელელე, ერიკ რუა და ბერნარ დიომედიც ესტუმრნენ.

შეხვედრის შემდეგ “მარსელის” არგენტინელმა თავკაცმა ზიდანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ზიდანი ფეხბურთის ცოცხალი ძეგლია. მე მას ქანდაკებად უფრო აღვიქვამ, ვიდრე ცოცხალ არსებად. ზიდანი ჩემ გვერდით იდგა და ყურადღებით მისმენდა. დაუვიწყარი მომენტი იყო. ის ყველას ხიბლავს. ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა, რისი გამოხატვაც ძალიან რთულია”, – ბიელსას სიტყვები “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

მარსელო ბიელსამ “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორის საკუთარი ფავორიტი დაასახელა

“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, თუ ვის უნდა გადაეცეს “ოქროს ბურთი”.

“მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევს ფიფა, მე მინდა, რომ “ოქროს ბურთი” ლიონელ მესის გადაეცეს”, – განაცხადა “მარსელის” არგენტინელმა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ “ოქროს ბურთისთვის” მებრძოლ კანდიდატთა სამეულში მესი, კრიშტიანუ რონალდუ და მანუელ ნოიერი არიან.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

„მარსელს“ მარსელო ბიელსა უთავკაცებს

ფრანგული „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომავალი სეზონიდან მარსელო ბიელსა იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

მხარეები ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს შემდეგი ვიზიტის დროს მოაწერს ხელს, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის დასასრულს შედგება.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსა უკანასკნელად ბილბაოს „ატლეტიკში“ მუშაობდა. არგენტინელი სპეციალისტი ბასკურ კლუბს 2011-2013 წლებში თავკაცობდა. 2011-12 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკი“ ევროპის ლიგის ფინალშიც გავიდა.

 

ბიელსა „მარსელს“ პასუხს კვირის ბოლოს შეუთვლის

„მარსელი“ ფეხბურთის არგენტნელ სპეციალისტ მარსელო ბიელსას კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობს. ფრანგულმა მხარემ ბიელსას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. არგენტინელმა მწვრთნელმა „მარსელის“ ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ პასუხს მიმდინარე კვირის ბოლოს ეტყვის.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსა უკანასკნელად ბილბაოს „ატლეტიკში“ მუშაობდა. არგენტინელი სპეციალისტი ბასკურ კლუბს 2011-2013 წლებში თავკაცობდა. 2011-12 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკი“ ევროპის ლიგის ფინალშიც გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ბიელსას სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც აქვს, კერძოდ – საბერძნეთის ეროვნული ნაკრები და არგენტინული „ნიუელს ოლდ ბოისი“.

ბექა დოგრაშვილი