ლისაბონმა ჩემპიონთა ლიგის თასი ჩაიბარა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონს საზეიმოდ გადაეცა უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი.

ცერემონია ქალაქის მერიის შენობაში გაიმართა. უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ლისაბონის მერს, ანტონიუ კოშტას ჩემპიონთა ლიგის თასი ჩააბარა.

„იდეა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩატარებულიყო ლისაბონში, გახლდათ წარსულში დაბრუნება, რადგან ფინალური მატჩი პორტუგალიაში დიდი ხანია, არ ჩატარებულა. ლისაბონს გასაოცარი სტადიონი აქვს. ევრო-2004-ზე საბერძნეთის ნაკრების გამარჯვების გარდა, დამამახსოვრდა, თუ როგორ უყვართ პორტუგალიაში ფეხბურთი. ტურნირში დამარცხებულთათვის მთავარ მოგონებად პორტუგალიელთა მიერ მოწყობილი ზეიმი დარჩა“, – პლატინის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

„ლისაბონი ფეხბურთს იმსახურებს, ფეხბურთი კი ლისაბონს იმსახურებს. ამ ქალაქმა ფეხბურთს ისეთი მოთამაშეები აჩუქა, როგორებიც იყვნენ ფიგუ, ეუსებიო და კრიშტიანუ რონალდუ. სამივე მათგანი ამ ქალაქის კლუბებში აღიზარდა. მთავარი და ახალგაზრდული ტურნირის ნახევარფინალში გასულ რვავე გუნდს წარმატებას ვუსურვებ. გაშლილი ხელებით გელით“, – დაამატა ლისაბონის მერმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი