ფილ ნევილი: “იუნაიტედს” პრემიერლიგის მოგების რეალური შანსი აქვს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა ფილ ნევილმა განაცხადა, რომ “წითელი ეშმაკებისთვის” ახალი სეზონი გაცილებით წარმატებული უნდა გამოდგეს, ვიდრე გასული გათამაშება იყო. მისი თქმით, გუნდს პრემიერლიგის მოგების რეალური შანსი აქვს.

“გასული სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ნამდვილი კატასტროფა იყო, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ამჯერად გუნდს ტიტულის მოპოვების შანსი აქვს. დადებითი ფაქტორია ისიც, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ევროთასებზე მონაწილეობას არ მიიღებს”, – ნევილის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სუონსი სიტის” შორის 16 აგვისტოს გასამართი მატჩით გაიხსნება.

 

ფილ ნევილი: „სეზონი ჩავაგდეთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ფილ ნევილმა შექმნილ რეალობას თვალი გაუსწორა და გამოტყდა, რომ კლუბმა სეზონი ჩააგდო.

ინგლისის მოქმედ ჩემპიონს 33 ტურის შემდეგ აქტივში 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია, რაც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ „წითელი ეშმაკები“ მომავალ სეზონში, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებიან.

დევიდ მოიესის სადებიუტო სეზონში გუნდმა უკვე ყველა ტურნირიდან გამოვარდნა მოასწრო (ინგლისის თასი, ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა).

„ჩვენ ამ სეზონის მოლოდინები ვერ გავამართლეთ. სეზონი ჩავაგდეთ. რთული საყურებელია სხვა გუნდების წარმატება. სატურნირო ცხრილში ჩახედვავ გვიჭირს“, – განაცხადა ფილ ნევილმა „ბი ბი სის“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი