„ბენფიკამ“ „პორტუს“ სამწლიანი ჰეგემონია დაამხო

პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში „ბენფიკამ“ „ოლიანენსე“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. „ეშტადიუ და ლუჟზე“ გამართულ მატჩში ორივე გოლი ლისაბონელთა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა როდრიგო ლიმამ გაიტანა.

ამ გამარჯვებით „ბენფიკამ“ პორტუგალიის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული გაინაღდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჟორჟე ჟეზუშის გუნდი მადევარ „სპორტინგს“ 7 ქულით უსწრებს და ამ სხვაობის აღმოფხვრის თეორული შანსიც აღარ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სამი წელია, პორტუგალიის ჩემპიონი „პორტუ“ ხდებოდა, „ბენფიკა“ კი მეორე ადგილს იკავებდა.

„ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონი 33-ედ გახდა, რაც ამ ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია. „პორტუს“ პორტუგალიის ჩემპიონატი 27-ჯერ აქვს მოგებული.

ბექა დოგრაშვილი