საქართველოს 3X3 საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე 1 ჩაგდებული ბურთი დააკლდა

3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრებს ერთი ჩაგდებული ქულა დააკლდა ევროპის ჩემპიონატის საგზურამდე. ქართველებს საგზურის მოპოვება მეოთხედფინალში რუმინეთის ძლევით შეეძლოთ, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში ქართველებმა ეს გადამწყვეტი მატჩი 17:21 დათმეს.

რუმინეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძელია და შესაბამისად, კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს. საქართველოს ძლევით რუმინელები მეოთხედფინალში გავიდნენ, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საგზური რუმინეთის ნაცვლად ამსტერდამის საკვალიფიკაციო ტურნირის მე–5 საუკეთესო გუნდს უნდა გადასცემოდა.

მე–5 ადგილზე გასული გუნდი მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდებიდან – საქართველო, ანდორა, შვედეთი, ჰოლანდია – უნდა გამოვლენილიყო. უპირატესობა მიმდინარე ტურნირზე ნაჩვენებ შედეგებს ენიჭებოდა და ამ მხრივ საუკეთესო შედეგი ანდორას აღმოაჩნდა. ოღონდ, ყველაფერი ერთმამა ჩაგდებულმა ქულამ გადაწყვიტა. რომ დაიანგარიშეს, აღმოჩნდა, რომ ქართველებს 1 ქულით მეტი რომ ჰქონოდა გასულ მატჩებში ჩაგდებული, ფინალური ეტპის საგზურს მოიპოვებდა.

ასე დასანანად დარჩა საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მიღმა, რომელიც 5–7 სექტემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.

საქართველოს მძლეველი რუმინეთი ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის ღირსებას ქართველი კალათბურთელი, გასულ სეზონში “ქუთაისის” შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, დავით ბარბაქაძე იცავს. აზერბაიჯანმა საკმაოდ იოლად – 21:8 სძლია რუმინელებს და ამსტერდამის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალის ვიდეო-კლიპი

გთავაზობთ3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალის ვიდეო-კლიპის

superleague.ge

3X3 კალათბურთში საქართველოს ნაკრებს ევროპირველობაზე გასასვლელად რუმინეთის ძლევა სჭირდება

3X3 კალათბურთშ საქართველოს ეროვნული ნაკრები ამსტერდამში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძვის. ვახტანგ ქადარიას, ირაკლი ჩლაიძის, მიხეილ ფანჩულიძისა და ირაკლი ალხანაიძის შემადგენლობით ჩვენმა ნაკრებმა ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შესარჩევ ტურნირში დღეს ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველებს წინ მეოთხედფინალური მატჩი აქვთ, რომლის მოგების შემთხვევაშიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.

ტურნირის ფორმატის თანახმად, შესარჩევ ტურნირში თავმოყრილი 8 გუნდი 2 ჯგუფში იყო განაწილებული. ერთი წრის შემდეგ გუნდებმა ნაჩვენები შედეგების შესაბამისად ჯგუფებში ადგილები გაინაწილეს, რის შემდეგაც ისინი – A და B ჯგუფების გგუნდები მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ.

ქართველებმა ჯგუფის პირველ მატჩში რუსეთთან 13:19 წააგეს, მეორე შეხვედრაში შვედეთი 16:3 გაანადგურეს, რის შემდეგაც, დასკვნით ტურში თურქეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბულად წარიმართა, რომლის დასკვნით ნაწილში თურქებმა იძალეს და 4 ქულის სხვაობით – 16:12 გაიმარჯვეს.  საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე–3 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში A ჯგუფის  მეორეადგილოსან  რუმინეთს შეხვდება. 

სამე იმაშია, რომ რუმინეთს, როგორც ევროპის ჩემპიონატის (5–7 სექტემბერი) მასპინძელს, ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული აქვს. რუმინელებმა რომ მოგვიგონ და ნაევარფინალში გავიდნენ, ევროპირველობის მეოთხე საგზურს ამსტერდამულ ტურნირზე საუკეთესო მე–5 გუნდი მიიღებს. მე–5 ადგილზე გასული მიმდინარე ტურნირზე ნაჩვენები რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება.

საქართველოსა და რუმინეთის მატჩი თბილისის დროით 18:20 საათზეა დანიშნული.

 

ბაჩოს თასის გამარჯვებული 3X3 კალათბურთში “რუსთავი2” გახდა

13 ივლისს, 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის წინ გაიმართა „ბაჩოს თასის“ ფინალური მატჩი. ეს გახლდათ 29 ივნისს გამართული, ტრაგიკულად დაღუპული ჟუგაზეთ „სარბიელის“ ჟურნალისტის, ბაჩი სვანიძის ხსოვნის ტურნირის ფინალი.

„ბაჩოს თასის“ ორგანიზატორთა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შეთანხმებით, 29 ივნისს გამართული მედიატურნირის ფინალი 3×3 კალათბურთში საქართელოს ჩემპიონატის ფინალს დაამთხვიეს.“ბაჩოს თასის“ ფინალში ერთმანეთს „რუსთვი 2“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შეხვდნენ.

მატჩი ტელევიზიის გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა. „რუსთავი 2“-მა მეტოქე 14:4 დაამარცხა და „ბაჩოს“ თასს დაეუფლა. თასი და სპორტის სამინისტროსგან დაწესებული საჩუქრები გამარჯვებულს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კანდელაკმა გადასცა.

საუკეთესო მოთამაშედ „რუსთავი 2“-ის წევრი, დიმიტრი ობოლაძე დასახელდა, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სუპერლიგის პრეს-სამსახურის უფროსმა თამუნა რუაძემ გადასცა.

რუსთავი 2-ის გუნდი  3X3 კალათბურთში ფინალური ეტაპის სპონსორის – კლუბ „იუნიქის“ ვაუჩერით დაჯილდოვდა.

პაპუნა ფირალიშვილი („ბაჩოს თასის“ მონაწილე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდის წევრი): მეოთხე  წელია,  რაც  სამინისტრო ბაჩო სვანიძის სახელობის ტურნირს ატარებს. წელს პირველად ჩატარდა ტურნირი 3X3 კალათბურთში და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ჯერ ფეხბურთის ტურნირი გქონდა ფეხბურთის ფედერაციის მოედანზე, შემდეგ კი კალათბურთი დავიწყეთ ვაკის პარკში და დღეს, ,,თბილისი მოლში’’ დავასრულეთ. ფინალში, სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ვულოცავ ,,რუსთავი 2’’-ს დამსახურებულ გამარჯვებას.

დიმიტრი ობოლაძე („ბაჩოს თასის“ მონაწილე, „რუსთავი 2-ის“  გუნდის წევრი):  მახსოვს პირველი ტურნირები ქუჩის კალათბურთში, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ვატარებდით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ვხედავთ რა ხდება კალათბურთში. გრანდიოზული ტურნირი გაიმართა და ვფიქრობ, სპორტის ამ სახეობას კიდევ უფრო დიდი მომავალი აქვს და უფრო მაღალ დონეზე ავალთ. რაც შეეხება ბაჩოს  თასს, ბაჩო ჩემი მეგობარი იყო, საუკეთესო ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს,  პრიზები სიმბოლურია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი და იმედია ეს ტურნირი  მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.  

superleague.ge

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი სამეგრელოს წარმომადგენელი – L.R.G. გახდა

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გუნდი L.R.G-ია. მიხეილ ფანჩულიძის, კირილე ტატუნაშვილის, ტატო ჩაჩიბაიას და გიორგი ბოხუას გუნდი, რომელიც ფინალურ ეტაპში სამეგრელოს რეგიონს წარმოადგენდა, პირველი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გუნდის სახელიც მეგრულ საფირმო კერძს – ელარჯს უკავშირდება – L.R.G გახდა ზუგდიდში 1 ივლისს გამართული შესარჩევი ტურის გამარჯვებული, რამაც ამ გუნდს ფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.

„თბილისი მოლში“ გამართული საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი შთამბეჭდავი გამოდგა როგორც სპორტული, ისე სანახაობრივი კუთხით. ფინალში თავი მოიყარა საქართველოს უძლიერესმა გუნდებმა და თამაშებიც ძალიან საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ტურნირის პარალელურად გაიმართა კონკურსები 3–ქულიან სროლებსა და ბურთის ეფექტურ გდებებში. გამარჯვებულები გუნდები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელი მოთამაშეები ტურნირის ორგანიზატორებისა და სპონსორებისგან უხვად დასაჩუქრდნენ. საქართველოს ჩემპიონატის ორგანიზატორი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გახლდათ.

თამაშებს დაძაბულობა განსაკუთრებით პლეი ოფიდან შეემატა, როცა პირველობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, თუმც მანამდეც დიდი ბრძოლები გაიმართა საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრისთვის. მთლიანობაში ფინალურ ეტაპში მონაწილეობა 16–მა გუნდმა მიიღო. რიგი მიზეზების გამო ტურნირზე რაჭის წარმომადგენელი ვერ ჩამოვიდა, რომლის მეტოქეებსაც ჯგუფში ავტომატური მოგებები ჩაეთვალათ.

მეოთხედფინალში 8 ისეთი გუნდი შეგროვდა, გამარჯვება ყველაზე ალალი იყო. პლეი ოფის პირველი რაუნდიდან გამოვარდა თბილისის ტურის გამარჯვებული გუნდი 13 (ვატო ბააკაშვილი, ვახტანგ ქადარია, ოთო ბულიავა, ზაზა სვანიძე) , რომელსაც მომავალმა ფინალისტმა, „ელიტ კაკტუსმა“ (ბექა გოლეთიანი, ირაკლი ალხანაიძე, ბუბა ბერიშვილი, თემურ კანკია) დაძაბულ ბრძოლაში სძლია.

პირველ წრეში უაღრესად დაძაბულ მატჩში იმარჯვა მომავალმა ჩემპიონმა, რომელმაც გუნდი YOLO 21:20 დაამარცხა. ფინალამდე სულ ერთი მეორეზე საინტერესო და სანახაობრივი მატჩები გაიმართა და საჩემპიონო მატჩი გვირგვინი გამოდგა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ბოლო წამზე მომავალმა MVP-მ, მიხეილ ფანჩულიძემ, ურთულესი პოზიციიდან შორი სროლა ჩააგდო და ნგარიში გაათანაბრა.

ფინალური მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდ. „ელიტ კაკტუსი“ ბოლომდე იბრძოდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. 1 ქულით დაწინაურებული კაკტუსელების მეფარე ირაკლი ალხანაიძე 2 საჯარიმოს ესროდა, საიდანაც ერთიც რომ ჩაეგდო, თავის გუნდს გამარჯვებას უნაღდებდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მოგების რეალური შანსი „ელარჯმაც“ გაუშვა, როცა ფანჩულიძემ გამარჯვების მომტანი საჯარიმო ააცილა, თუმცა მას ამის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, რაც გამოცდილმა სტრიტბოლერმა ხელიდან აღარ გაუშვა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

 

3–ქულიანების კონკურსი

 

აღნიშნული კონკურსი საინტერესოდ ჩატარდა. ტურნირში მეოთხედფინალში გასული გუნდების თითო წარმომადგენელი და შეჯიბრებაც პლეი ოფის სისტემით ჩატარდა. კონკურსანტები ისე დაწყვილდნენ მეოთხედფინალში, როგორც მათი გუნდები პლეი ოფში.

 

 

გამარჯვება ყოფილმა კალათბურთელმა, ბექა გოლეთიანმა მოიპოვა, რომელმაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებულ სპეციალურ თასთან ერთად ტურნირის ერთ–ერთი სპონსორისგან, კომპანია „სალერის” აღმასრულებელ დირექტორ ლევან ხარებავასგან  სპორტული ეკიპირების კრებული ჩაიბარა. 

 ჩატენვების კონკურსი

 ამ კონკურსს ტრადიციული გამარჯვებული ჰყავს. ბოლო წლებია, ჩატენვებში პირველობას არავის უთმობს ირაკლი ალხანაიძე. „მფრინავმა წვეროსანმა“ არც ამჯერად დაუთმო ვინმეს პირველობა. ალხანაიძემ დამსახურებულად აჯობა კონკურენტებს – ოთო ბულიავას, კახა გიორგაძეს და დავით იოსელიანს.

ირაკლი ალხანაიძეს კალათბურთის ფედერაციისგან და კომპანია „სალერისგან“ პრიზები გადაეცათ.

 M V P

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე დამსახურებულად გახდა მიხეილ ფანჩულიძე, რომელიც თავის გუნდს გამარჯვებისკენ მიუძღვოდა. ფანჩულიძემ არაერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო გამოუვალ სიტუაციაში და წასაგებად განწირულ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მიხეილ ფანჩულიძემ კალათბურთის ფედერაციისგან სპეციალური პრიზი, ხოლო ტურნირის გენერალური პარტნიორისგან, კომპანია „ბორჯომისგან“ პლანშეტური კომპიუტერი მიიღო. ტურნირის ოფიციალურმა მასპინძელმა, ,,თბილისი მოლმა’’ საუკეთესო მოთამაშეს სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.  ფანჩულიძე აღნიშნული პრიზით “თბილისი მოლის” დირექტორის, გარი დარკლისგან დაჯილდოვდა.

 საქართველოს ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი გუნდი „ელიტ კაკტუსი“ შესაბამისი მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

3X3 საქართველოს ჩემპიონატის გერენალურმა სპონსორმა, კომპანია ,,სამსუნგმა’’ მეორე ადგილოსან გუნდს  ,,სამსუნგის’’ ტელევიზორები გადასცა. გუნდის წევრები პრიზებით კომპანიის წარმომადგენელმა ზაალ ხელაძემ დააჯილდოვა.

 L.R.G-ის გუნდი მედლებით, სიგელებით და ჩემპიონის თასით  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანმა დააჯილდოვეს.  მთავარი პრიზი, რუმინეთში ერთ-ერთ ევროტურზე გასამგზავრებელი საგზური კი  ჩემპიონ გუნდს ტურნირის პარტნიორმა, ტურისტული კომპანია ‘’თრეველ ინის’’ წარმომადგენელმა თათა წიკლაურმა გადასცა. 

ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი):3X3 კალათბურთი არის მასობრივი სპორტი. ეს ტურნირი კალათბურთის პოპურაზიციისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია,  რადგანაც ჩემპიონატში უმარავი სპორტსმენი ჩაერთო- ზოგი ვეტერანი დაუბრუნდა კალათბურთს, ზოგი მოყვარული ჩაერთო და  როგორც ვნახეთ, ამ ერთი თვის განმავლობაში  ტურნირმა მთელი ქვეყანა მოიცვა და 13 ივლისს გამოვლინდა ჩემპიონი გუნდი. 3X3 კალათბურთის განვითარება დიდი ტემპებით მიდის და იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ნბა-ს 30 პროცენტამდე კალათბურთელი ქუჩის კალაბურთიდან მოდის, ამ სპორტის სახეობას ნამდვილად დიდი მომავალი აქვს და ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი კიდევ უფრო ვითარდება და სულ უფრო მნიშვნელოვანი სახეობა ხდება.

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): ტურნირმა მოლოდინა გაამართლა. სასიხარულოა, რომ რეგიონებში დიდი აქტივობა იყო და უამრვაი მოთამაშე თუ მოყვარული ჩაერთო ამ სპორტში და  ჩემპიონატმა კალათბურთის პოპულარიზაციას უდავოდ  შეუწყო ხელი.  ასეთი დიდი მასშტაბით პირველად ჩატარდა ეს ტურნირი და  ბუნებრივია ხარვეზები იყო, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს შევისწავლით და მომავალ ჩემპიონატები კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

ზაალ ხელაძე (კომპანია „სამსუნგის წარმომადგენელი): 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი  იყო ჩვენი და ეროვნული ფედერაციის პირველი თანამშრომლობის შედეგი. ვფიქრობ, ტურნირმა ძალიან კარგად ჩაიარა, მას საკმაოდ დიდი რეზონანსი ჰქონდა. რაც მთავარია, ჩემპიონატმა რეგიონები მოიცვა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთვნენ ტურნირში. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სპორტის და ტექნოლოგიების ტანდემი ძალიან კარგ შედეგს იძლევა და ეს ჩემპიონატი ამის დასტურია. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობთ.

ნანიკო კუპრაშვილი (კომპანია ,,ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი): ძალიან მიხარია, რომ ასეთი მასშტაბური და მაღალი დონის ტურნირი ჩატარდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა ქალაქი ჩაერთო და მისასალმებელია, რომ ახალგაზრდები ასე აქტიურად არიან ჩართული სპორტის ამ სახეობაში. დიდი მადლობა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ასეთი ორგანიზებული ტურნირისთვის, ჩვენი კომპანია კი ჩემპიონატზე ახალი ბრენდით, ,,მიტარბით’’ იყო წარმოდგენილი. სწორედ ,,მიტარბი’’ ზრუნავდა მონაწილეთა და მათ მხარდამჭერთა ხალისიან განწყობაზე მთელი ტურნირის განმავლობაში.

თათა წიკლაური (ტურისტული კომპანია  „თრეველ ინის“ წარმომადგენელი): პირველ რიგში, დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას იმისთვის, რომ მოგვცა საშუალება ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა ამ წარმატებული ტურნირის ჩატარებაში.  კომპანია ,,თრეველინი’’ უზრუნველყოფს გამარჯვებული გუნდის გამგზავრებას რუმინეთში და მინდა ჩვენი კომპანიის სახელით წარმატებები ვუსურვო მათ.

მიხეილ ფანჩულიძე  (გამარჯვებული გუნდის,  L.R.G-ის წევრი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე): ძალიან ორგანიზებული ტურნირი იყო და  სასიხარულოა, რომ ის ყველა რეგიონში ჩატარდა. ამ ყველაფერმა კალათბურთის პოპულარიზაციას დიდად  შეუწყო ხელი და ვფიქრობ მომდევნო ტურნირებზე კიდევ უფრო გაიზრდება მონაწილეთა რაიცხი.  დამტკიცდა რომ 3X3 კალათბურთი  სანახაობრივია და აღსანიშნავია, რომ დღეს ბევრ მატჩში და მათ შორის  ფინალში, თამაშის ბედი ბოლო წამეზე გადაწყდა. ჩვენი გუნდი ბუქარესტში მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და  როგორც დღეს, იქაც ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის.

ბექა გოლეთიანი (გუნდი ,,ელიტ კაქტუსი’’, ფინალისტი, 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული): ძალიან მაგარი ტურნირი გამოვიდა. ჩემი გუნდის მივულოცავ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და კალათბურთის ყველა გულსემატკივარს ამ დღეს. ა კარგად ვიცი, რა რთულია და რა შრომა სჭირდება ასეთი ტურნირის ჩატარებას. მისასალმებელია, რომ ჩემპიონატმა ამდენი რეგიონი მოიცვა და მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს, რომლებიც დღეს ჩამოვიდნენ და ძალიან ლამაზი თამაში აჩვენეს. ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვართ,  ფინალში გავედით და თან ძალიან ძლიერი გუნდები დავამარცხეთ, საინტერესო და დაძაბული თამაშები გამოვიარეთ. რაც შეეხება 3-ქულიანების კონკურსში გამარჯვებას, გახარებული ვარ, თუმცა ეს კონკურსი უფრო გამართლებაზეა. სუპერლიგის გამორჩეული მსროლებები -ბააკაშვილი, ლომოური, ბააკაშვილი და სხვები დარჩნენ ფინალს მიღმა და ეს იმას ნიშმავს, რომ იღბალი აქ ბევრს ნიშნავს – ან წაგივა სროლა, ან არა. ამ შემთხვევაში მე გამიმართლა და მოვიგე. მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას, სპონსორებს, მხარდამჭერებს, მოთამაშეებს და მაყურებლებს ამ ტურნირისთვის.

ირაკლი ალხანაიძე(გუნდი ,,კაკტუსი’’, ფინალისტი, ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული):  მაქსიმალურად შევეცადეთ ჩვენი შესაძლებლობები წარმოგვეჩინა და თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმუმი გააკეთა. ფინალში კი ბევრი რამე იღბალზეც არის დამოკიდებული. ჩატენვების კონკურსი წელსაც მოვიგე, ფინალში საკმაოდ ძლიერი მეტოქე მყავდა, თუმცა მოგება მოვახერხე და ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა.

 

თბილისი მოლში 3×3 კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური ტური მიმდინარეობს

თბილისი მოლში საქართველოს 3×3 კალათბურთის პირველი ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ტური მიმდინარეობს.

თბილისურ და რეგიონალურ შესარჩევ ტურებში გამოვლენილი 16 საუკეთესო გუნდი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდა. გუნდები ჯერ ჯგუფური სისტემით ითამაშებენ, ამის შემდეგ კი პლეი ოფში თითო ქვეჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. ისინი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

ასევე გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ბურთის ეფექტურ გდებებში – ჩატენვებში. ფინალური მატჩის წინ, 19:00 საათზე გაიმართება ტრაგიკულად დაღუპული ბაჩო სვანიძის მედია-ტურნირის ფინალი. „ბაჩოს თასი“ 29 ივლისს გაიმართა და ფინალში გასულმა გუნდებმა კალათბურთის ფედერაციისგან 3X3 კალათბურთის მაისურები მიიღეს, რომლებითაც 13 ივლისს, „თბილისი მოლში“ იასპარეზებენ.

19:30 წუთზე გაიმართება 3-ქულიანების კონკურსის ფინალი, 19:45 წუთზე ერთმანეთს ჩატენვების კონკურსის ფინალისტები შეეჯიბრებიან, 20:00 საათზე კი საქართველოს 3X3 ჩემპიონატის ფინალური მატჩი დაიწყება.

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის გენერალური სპონსორია კომპანია „სამსუნგი“. გენერალური პარტნიორი „ბორჯომი“. ტურნირის ოფიციალური მასპინძელია „თბილისი მოლი“, პარტნიორი კი – ტურისტული კომპანია „თრეველინი“, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გუნდის გამგზავრებას უზრუნველყოფს რუმინეთში, 3X3 კალათბურთის ევროტურის ერთ-ერთ ეტაპზე.

IMG_0414IMG_0413IMG_0407IMG_0395IMG_0371IMG_0368IMG_0329IMG_0322

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

შესარჩევი ტურნირები რუსთავის ტურით დასრულდა

რუსთავის ტურით დასრულდა საქართველოს ჩემპიონტის შესარჩევი ტურნირები, რომელმაც ქვეყნის ყველა რეგიონი, მთლიანობაში – 11 ქალაქი მოიცვა. ჩემპიონატის დაიწყო თბილისში, 22 ივნისს, სადაც 6 გუნდის გამოვლინდა, რომლებმაც ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.

დედაქალაქის შემდეგ ყველა მომდევნო ქალაქის ტურმა თითო საუკეთესო გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში თბილისის გუნდებიც მონაწილეობდნენ და ხანდახან იმარჯვებდნენ კიდეც, ფინალური ეტაპის საგზური შესარჩევი ტურის მასპინძელი რეგიონის გუნდს ხვდებოდა – ცხადია მას,  ვინც საუკეთესო შედეგს აჩვენებდა.

თბილისის შემდეგ შესარჩევი ტურნირები გაიმართა მცხეთაში, თელავში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ამბროლაურში, ბორჯომში, გორსა და რუსთავში. მთლიანობაში გამოვლინდა 16 გუნდი, რომლებიც 13 ივლისს, „თბილისი მოლში“, ფინალურ ტურნირში საქართველოს ჩემპიონს გამოავლენენ.

ფინალის ბოლო საგზური რუსთავულმა გუნდმა „დრიმ თიმმა“ (გიორგი დვალი, ლევან ურიდია, ერეკლე ლორთქიფანიძე, შოთა ნარჩომაშვილი) მოიპოვა. ეს გუნდი გავიდა რუსთავის შესარჩევი ტურნირის ფინალში, სადაც დაძაბულ ბრძოლაში –9:10 დამარცხდა თბილისურ „საკაკტუსესთან“(მიხეილ ამაშუკელი, გიორგი ბოხუა, ნიკა ბაქრაძე, დავით გასიტშვილი).

მთლიანობაში რუსთავულ ტურში 10 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ თავმოყრილნი. ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება ზემოთნახსენებ ფინალისტებთან ერთად თბილისურმა AND1–მა და რუსთავულმა „ილომ“ მოახერხა. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში  ბრძოლაში, ბოლო წამებზე დამარცხდა „დრიმ თუმთან“, ხოლო „საკაკტუსემ“ შედარებით იოლად სძლია AND-ს.

მეორე ადგილზე გასულ „დრიმ თიმს“ მედლები და სიგელები რუსთავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა, მარიკა ფიროსმანაშვილმა გადასცა. გამარჯვებული ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ილია კეჭაყმაძემ დააჯილდოვა.

http://superleague.ge/

გორში გამართული შიდა ქართლის შესარჩევი ტური BLOW-UP-მა მოიგო

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის ბოლოსწინა შესარჩევი ტურნირი 3×3კალათბურთში. რიგით მეცხრე ტური შიდა ქართლის გახლდათ და მას გორმა უმასპინძლა. ტურნირი გორის ცენტრალურ მოედანზე, სასიამოვნო და ლამაზ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, თუმცა კოკისპირულმა წვიმამ და სეტყვამ ორგანიზატორებს იმის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა, შეჯიბრება დარბაზში ჩაეტარებინათ.

რამდენიმე წუთში მოედანი სეტყვისგან გადათეთრდა, სარეკლამო აბრები და ბუშტები ჩაიფუშა. გორელები ამბობდნენ, ასეთი სეტყვა ათწლეულებია, არ ყოფილაო. სეტყვამ ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე მოუსწრო, რის შემდეგაც მონაწილეებმა გორის სპორტსკოლაში გადაინაცვლეს და თამაში განახლდა.

გორის შესარჩევ ტურში 15 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. პლეი ოფში 8 გუნდი გავიდა, რომლებმაც პირველობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან განაგრძეს. ფინალში გავიდნენ გუნდები BLOW UP და  BLACK WINGS. დაძაბულ ბრძოლაში 16:15 გაიმარჯვა BLOW UP-მა, რომლის ღირსებასაც გურამ ბლუაშვილი, თენგო საური, ლევან გოდერძიშვილი და დიმიტრი გოდერძიშვილი იცავდნენ. შესაბამისად, BLOW UP-მა შიდა ქართლის რეგიონიდან  საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

მეორე ადგილის მფლობელი BLACK WINGS-ი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ქერდიყოშვილმა და შიდა ქართლის კალათბურთის განვითრების ცენტრის დირექტორმა თამაზ ხაჩიურმა დააჯილდოვეს. გორის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო მოთამაშისთვის პრიზი დააწესა, რომელიც თენგო საურს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა თეა კეჩხუაშვილმა გადასცა. პირველ ადგილზე გასული BLOW UP გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, პაპუნა კობერიძემ მედლებით, სიგელებით და საჩემპიონო თასით დააჯილდოვა

ბოლო შესარჩევი ტური ქვემო ქართლის იქნება და ის 9 ივლისს, რუსთავში გაიმართება.

gbf.ge

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის რაჭის ტური ონელებმა მოიგეს

ამბროლაურმა რაჭა–ლეჩხუმის შესარჩევ ტურს უმასპინძლა. რაჭის მთავარ ქალაქში თავი მხოლოდ ოთხმა გუნდმა მოიყარა. გამარჯვებული „ონუკა“ გახდა, რომლის ღირსებასაც აკაკი ლომოური, ზურა მაისურაძე და ლუკა ჭუმბაშვილი იცავდნენ. შესაბამისად, 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში რაჭა–ლეჩხუმის რეგიონის ღირსებას ონის გუნდი „ონუკა“ დაიცავს.

ონელებმა ფინალში AND1 დაამარცხეს, გუნდი, რომელმაც მანამდე 3 შესარჩევი ტური მოიგო მცხეთაში, თელავსა და ბათუმში. ფინალამდე ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფში შეხვდნენ და ის მატჩში AND1–მა მოიგო, რომლის ღირსებასაც ამბროლაურში დავით ეძგვერაძე, ზუკა მაჩალაძე, თორნიკე ვარდოსანიძე და ქუთაისელი დიტო დვალიშვილი იცავდნენ. ჯგუფური ეტაპის მატჩი AND1-მა 21:14 მოუგო ონელებს, თუმცა ფინალში რაჭველებმა ტაქტიკა შეცვალეს და ძალისმიერი, აგრესიული თამაშის ხარჯზე მრავალგზის გამარჯვებულ გუნდს 16:9 სძლიეს.

ტურნირის დასრულების შემდეგ პრიზიორი გუნდები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი ტური ბორჯომში გაიმართება.  

gbf.ge

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთიდან ბორჯომი იასპარეზებს

დასრულდა საქართველოს 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტური, რომელსაც 4 ივლისს, ბორჯომმა უმასპინძლა. სამცხე–ჯავახეთის რეგიონის შესარჩევ ტურში 10 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც 2 თბილისის იყო, 1 –  შიდა ქართლის, დანარჩენები კი – ადგილობრივები. საგანგებოდ სართველოს ჩემპიონატისთვის ამერიკიდან ჩამოტანილი ულტრათანამედროვე საკალათბურთო მოედანი საქვეყნოდ ცნობილ ბორჯომის პარკის შესასვლელში გაიშალა და ტურნირის თვალის დევნება უამრავ ადამიანს, მათ შორის უცხოელ ტურისტს შეეძლო.

ფინალში თბილისური გუნდები გავიდნენ – AND1-მა საჩემპიონო მატჩში „საკაკტუსე“ (დავით გაფრინდაშვილი, მიხეილ ამაშუკელი, კირილე ტატუნაშვილი, გიორგი ბოხუა) 9:6 დაამარცხა და ტურის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი მედლების, სიგელების და თასთან ერთად კომპანია „IDS ბორჯომისგან“ დაწესებული მობილური ტელეფონებიც ჩაიბარა. გამარჯვებული გუნდის წევრებს – დავით ეძგვერაძეს, გიორგი ვახანიას, ზუკა მაჩლაძეს და თორნიკე ვარდოსანიძეს კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენელმა ირაკლი სტეფნაძემ „HUAWEI”-ს ფირმის მობილური ტელეფონები გადასცა. რაც შეეხება თასს, მედლებს და სიგელებს, გამარვებულებს აღნიშნული პრიზები ბორჯომის სპორტსკოლის დირექტორმა, გოგა მელიქიძემ გადასცა.

მცხეთაში, თელავში და ბათუმში გამარჯვებების შემდეგ AND1-მა ბორჯომში, საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტური მეოთხედ მოიგო. მიუხედავად ამდენი გამარჯვებებისა, ამ გუნდს არ აქვს მოპოვებული საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტპის საგზური. ბორჯომის ტურში სამცხე–ჯავახეთის გუნდებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი „ბორჯომმა“ აჩვენა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ერგო.

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი ტური ქვემო ქართლში ჩატარდებადა მას 6 ივლისს გორი უმასპინძლებს.

gbf.ge

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში იმერეთს “ქუთაისი” წარადგენს

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში იმერეთის რეგიონს გუნდი „ქუთაისი“ – დიმიტრი დვალიშვილის, გიორგი კილაძის, უჩა გამრეკლიძის და ირაკლი მაცაბერიძის შემადგენლობით წარმოადგენს. ამ გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მორიგ, ქუთაისში გამართული ტურის ფინალში „ქორები“ (ბექა ქორიძე, ავთო ლომინაშვილი, რომა ტუკვაძე, თორნიკე ვარდოსანიძე) დაამარცხა.
ქუთაისში თავი 8 გუნდმა მოიყარა, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდა. თითო ჯგუფიდან ნაევარფინლში 2–2 გუნდი გავიდა: „ა“ ჯგუფიდან AND1 და „ქუთაისი“, „ბ“–დან „ქორები“ და „ბრატები“. ამ უკანასკნელმა წინა დღეს, ზუგდიდში გამართული ტური მოიგო, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა. ქუთაისში კი „ბრატებს“ შანსი ჰქონდათ, გამარჯვების შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე გასულიყვნენ, რადგან თავის რეგიონ – იმერეთის ტურში იღებდნენ მონაწილეობას.
„ბრატებს“ ნახევარფინალში „ქუთაისი“ გადაეღობა, ხოლო მეორე, ასევე დაძაბულ ნახევარფინალში „ქორებმა“AND1 13:12 დაამარცხეს. ფინალური მატჩი ნაკლებად საინტერესო გამოდგა. „ქუთაისმა“ „ქორებთან“ თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. ფინალის საბოლოო ანგარიშია 17:12 „ქუთაისის“ სასარგებლოდ.
მეორე ადგილზე გასული „ქორები“ და ჩემპიონი „ქუთაისი“ ქუთაისის სასპორტო გაერთიანების მმართველმა ზვიად ცერცვაძემ და სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვანო ბუაჩიძემ დააჯილდოვეს.
superleague.ge

სამეგრელოს რეგიონიდან 3X3 ჩემპიონატის ფინალში L.R.G. გავიდა

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურს გუშინ ზუგდიდმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ თავი 17-მა გუნდმა მოიყარა. გუნდები, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონებს წარმოადგენდნენ (ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი, ფოთი, სენაკი, ჩხოროწყუ), თუმცა ზუგდიდში სათამაშოდ ქუთაისური გუნდი ,,ბრატებიც’’ ჩავიდა. სწორედ ერთადერთი ქუთაისური გუნდი (გიორგი კილაძე, ვიქტორ კოღუაშვილი, ზურა ლომიძე, საბა სვანიძე) გახდა ტურის გამარჯვებული, ფინალურ მატჩში მათ  ‘’L.R.G’’    (გიორგი ბოხუა, კირილე თათუნაშვილი, მიხეილ ფანჩულიძე) 13:11 დაამარცხეს.

მიუხედავად წაგებისა,12 ივლისის საქართველოს ფინალის საგზური სწორედ ‘’L.R.G’’-ს ერგო. დებულების თანახმად, ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება მხოლოდ ამ რეგიონის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ გუნდს აქვს. 

17 გუნდი 6 ქვეჯგუფში გადანაწილდა. ფინალში საუკეთესო ორმა გუნდმა ისპარეზა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, ზუგდიდის ტურის ჩემპიონის ტიტული ,,ბრატებმა’’ მოიპოვა.

გუნდები მედლებითა და სიგელებით სამეგრელოს გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლევან ციცავამ დააჯილდოვა. გამარჯვებულ ,,ბრატებს’’ მედლებთან და სიგელებთან ერთად საჩემპიონო თასიც გადაეცათ.

ჩემპიონატის მორიგი ტური 2 ივლისს ქუთაისში გაიმართება. 

gbf.ge