დანი ალვესის მამამ ბანანის მოშენება გადაწყვიტა

„ბარსელონას“ მცველ დანი ალვესის მამამ, რომელიც საკუთარ ფერმას ფლობს, ბანანის მოშენება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (2:3) მიმდინარეობისას დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ფეხბურთელის მშობლებმა მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენ მანგო, ქოქოსი, ნესვი და საზამთრო მოგვყავს. ახლა ბანანსაც მოვიყვანთ. ასეთი იდეა აქამდეც მქონდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სტადიონზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ მივიღე. სხვათა შორის, დანის ვუთხარი, რომ ტრიბუნიდან გადმოგდებული ბანანი აღარ შეჭამოს. იქნებ, მოწამლული ბანანი გადმოაგდონ?!“ – ფეხბურთელის მამის, დომინგუს ალვესის სიტყვებს „გლობო“ ციტირებს.

„ჩემი შვილის ქმედებით კმაყოფილი ვარ. ყოველთვის ვასწავლიდი, რომ პროვოკაციებს არ უნდა უპასუხოს, რადგან პროვოკატორის მიზანი შენი ნერვების მოშლაა“, – განაცხადა ფეხბურთელის დედამ ლიუსია რიბეირუმ.

ბექა დოგრაშვილი