რუმენიგე: „ასეთ მომენტებში უმჯობესია, ხმა არ ამოიღო“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

პირველი შეხვედრის შემდეგ ბავარიული კლუბის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე კი იქადნებოდა, „ალიანს არენაზე“ „რეალს“ ჯოჯოხეთს მოვუწყობთო, თუმცა ანგარიშიდან გამომდინარე, კუპრში დამწვარს „ბაიერნი“ უფრო ჰგავდა.

„ასეთ მომენტებში უმჯობესია, ხმა არ ამოიღო. მეტოქემ აშკარად გვაჯობა, ნამდვილი ფიასკო განვიცადეთ.

არის თუ არა პეპ გვარდიოლა დამნაშავე? ჩვენ კომპეტენტური მწვრთნელი გვყავს. კი ბატონო, მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „რეალმა“ დიდებულად ითამაშა“, – რუმენიგეს სიტყვები „ასმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი