უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში “ზუგდიდმა” საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერი, ბათუმის “დინამო” დაამარცხა. შეხვედრის შესახებ ზუგდიდელთა კარის დარაჯს, მინდია ბობღიაშვილს გავესაუბრეთ.
– დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ლოგიკური არ იქნებოდა. ბათუმის “დინამო” ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დღეს ჩვენი დღე იყო.
– უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად საკმაოდ მნიშვნელობანი ნაბიჯი გადადგით…
– მეორე წრეში “ზუგდიდი” სულ სხვა გუნდია. 2015 წლის მონაცემებით მეორე ადგილზე ვართ. ახლა პირველი ეტაპი რომ ყოფილიყო, ჩემპიონატის ბოლოს საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებდით.
– რის ხარჯზე მიაღწია “ზუგდიდმა” ასეთ პროგრესს?
გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ბიჭებს საკუთარ თავში რწმენა დაუბრუნდათ, რაც მთავარი მწვრთნელის, ბესიკ შეროზიას დამსახურებაა. ამ მხრივ ის საქართველოში საუეკთესოა.
დიდ ყურადღებას ვგრძნობთ ქალაქისა და კლუბის ხელმძღვანელობისგანაც. ზუგდიდი ფეხბურთით ცხოვრობს, რასაც ახალი სტადიონის მშენებლობაც ადასტურებს.
12 წელია უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ნიჭიერი თანაგუნდელები ჯერ არ მყოლია. უმაღლესში ადგილის და არსებული შემადგენლობის შენარჩუნებას შევძლებთ, მომდევნო სეზონში მაღალი მიზნები გვექნება.