ევროპაში პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა?

ლისაბონის “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში აცხადებს, რომ ევროპულ ფეხბურთში პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ.

ჟეზუშმა ეს განცხადება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურში “მონაკოსთან” გამართული მატჩის (0:0) შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში “ბენფიკას” ცენტრალური მცველი ლისანდრო ლოპესი გააძევეს მოედნიდან.

“მსაჯმა მატჩის პირველ 20 წუთში ორი ყვითელი ბარათი გვიჩვენა, რამაც ჩვენს გეგმებზე გავლენა იქონია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პორტუგალია კოეფიციენტთა ცხრილში იტალიას და საფრანგეთს ეპაექრება.

“შალკეს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ანალოგური რამ გაუკეთეს “სპორტინგსაც” (33-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს). მსაჯები სპეციალურად უჩვენებენ პორტუგალური გუნდის ფეხბურთელებს ბარათებს, რათა შემდეგ მოედნიდან იოლად გააძევონ. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული საკითხების წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ”, – ციტირებს ჟორჟე ჟეზუშის სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა A Bola.

 

ჟორჟე ჟეზუში: „საუკეთესო გუნდმა ევროპის ლიგის ფინალი ვერ მოიგო“

„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ევროპის ლიგის ფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ გოლები ვერ ვიხილეთ, საოცარი ფინალი გამოვიდა. გახსნილი თამაში მიმდინარეობდა. „სევილიამ“ უკეთ დაიწყო, მაგრამ ჩვენ თამაშის გამოსწორება მოვახერხეთ და მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც. ჩვენი სიძლიერე ვაჩვენეთ, შევქმენით საგოლე მომენტები, რომელთა რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში, უძლიერესმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა. ჩემს ფეხბურთელებს მაინც ვულოცავ, გასაკრიტიკებელი არაფერი აქვთ. ტურინს აწეული თავით ვტოვებთ. კვირას კიდევ ერთი ფინალი გველის (პორტუგალიის თასის ფინალი).

საიდუმლო არაა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლდნენ. სხვა შემთხვევაში, სულეიმანის ტრავმის შემდეგ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. ყველა ცვლილება იძულებითი ხასიათისა იყო, თუმცა მახარებს ის ფაქტი, როგორ რეგირებს ჩემი გუნდი სიძნელეებზე. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ მოიგებს. პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. სხვადასხვა ემოციები გამოვცადეთ, თუმცა ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და ლისაბონში გასამართი ფინალისთვის მოვემზადოთ. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა „სევილიამ“ და მე მათ ვულოცავ“, – ჟეზუშის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ჟორჟე ჟეზუში: „ფინალში ფავორიტი არ არსებობს“

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში თვლის, რომ ევროპის ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში „ბენფიკა“ ესპანურ „სევილიას“ დაუპირისპირდება.

„ვფიქრობ, ფინალში ფავორიტი არცერთი გუნდი არ იქნება. ორივე მხარეს წარმატების თანაბარი შანსი აქვს. ფინალში ძლიერი გუნდები გადიან. ამიტომ, „სევილიას“ დიდი პატივისცემით ვუდგებით“, – ჟეზუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ევროპის ლიგის ფინალური მატჩი 14 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ტურინში შედგება. მატჩს ფელიქს ბრიხის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი