ტონი ადამსი: „ინგლისის ნაკრები ასეთი მცველებით კარს მშრალად ვერ შეინახავს“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა კაპიტანმა ტონი ადამსმა ინგლისის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი გააკრიტიკა. კერძოდ, ადამსის შეშფოთებას „სამი ლომის“ დაცვითი ხაზი იწვევს.

„ინგლისის ნაკრების დაცვა მაშფოთებს. ეს მცველები არ არიან იმ დონისანი, რომ ტოპ-გუნდების წინააღმდეგ მატჩებში კარი მშრალად შეინახონ.
დაცვითი ხაზი ჩვენი სისუსტეა და ეს მაშფოთებს. განაცხადში ჯონ ტერი უნდა შეეყვანათ“, – ციტირებს ადამსის სიტყვებს „თოქსპორტი“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვა „ჩელსის“ კიდევ ერთი მცველი ეშლი კოული.

„ჰოჯსონმა შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადში ეშლი კოული არ შეიყვანა. ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია. შესაძლოა, სეზონის განმავლობაში ის უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობდა, მაგრამ ბოლო შვიდ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ეშლი კოული დიდებული მცველია. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოცდილება აუცილებელი ფაქტორია. ჩემი აზრით, მისი სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვება შეცდომაა“, – აღნიშნა ტონი ადამსმა.

ბექა დოგრაშვილი