„ლელოს“ ჟურნალისტს „კოლხეთი“ სპეციალური განცხადებით პასუხობს

გაზეთი „ლელოს“ დღევანდელ ნომერში ჟურნალისტ კობა ინასარიძის  პუბლიკაციას – სათაურით „ამათ უნდათ 16 გუნდი?!“ – საფეხბურთო კლუბი ფოთის „კოლხეთი“ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

პუბლიკაციაში ჟურნალისტი წერს, რომ გუნდი სხვადასხვა ფირმის ეკიპირებით არის შემოსილი:

„დააკვირდით ფეხბურთელთა სამოსს და დარწმუნებულნი ვართ, სხვაობასაც აღმოაჩენთ. კარგად ჩანს, რომ 8 ფოთელი ფეხბურთელი „უმბროთია“ შემოსილი, დანარჩენებისთვის კი… სამი მაისური „კოლხეთს“ „სალერის“ კომპლექტიდან აუღია და კიდევ კარგი, ფერი მაინც „დაუსვია“…

კლუბი „ლელოს“ პუბლიკაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს:

„2014 წლის 16 მაისს გაზეთმა ლელომ ჟურნალისტ კობა ინასარიძის რუბრიკაში სათაურით: „ამათ უნდათ 16 გუნდი“ გამოაქვეყნა ფოთის „კოლხეთი 1913“–ის, 2012 წლის ზაფხულში ერთ–ერთ ვარჯიშზე გუნდის ორმხრივი თამაშის დროს გადაღებული ფოტო, რომელიც პირველი ლიგის ჩემპიონატის ერთ–ერთ მატჩის წინა ფოტოდ გაასაღა, სადაც ფეხბურთელთა ნაწილი „სალერის“ ფირმის ხოლო ნაწილი „უმბროს“ ფირმის ეკიპირებით ვარჯიშობდა. ს/კ ფოთის „კოლხეთი 1913“–ს საბედნიეროდ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ ყოველწლიურად შეიმოსოს ახალი ეკიპირების სრული კომპლექტით, რომლის შეძენასაც უზრუნველყოფს კლუბის ოფიციალური სპონსორი „აი–პი–ემ“ ტერმინალი და ეს ვალდებულება ამ კომპანიას აღებული აქვს 2011 წლიდან, 2017 წლის ბოლომდე. 2011-2012 წელს ზემოთ აღნიშნულმა კომპანიამ კლუბი შემოსა „სალერის“ ფირმის ეკიპირებით, ხოლო 2013 წელს ის ჩაანაცვლა „უმბროს“ ფირმით, 2014 წლის თებერვალში გუნდმა მიიღო „უმბროს“ ფირმის ახალი სრული კომპლექტი, ხოლო ძველი ეკიპირება დაურიგდათ ფეხბურთელებს სავარჯიშოდ, ხოლო ნაწილი კი ინახება კლუბის საწყობში იმავე დანიშნულებისათვის, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ კლუბის ნებისმიერ ფეხბურთელს. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე არის რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც 2012 წელს დატოვეს გუნდი , ამავე სურათზე უკან მოჩანს ცარიელი ტრიბუნები, რომელიც ერთი წელია უკვე დანგრეულია, რაც ადასტურებს ფოტოს სიძველეს და არამგონია ვინმემ დაიჯეროს, რომ ფოთის „კოლხეთი 1913“–ის საშინაო მატჩს ერთი გულშემატკივარიც კი არ ესწრებოდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ფოტო გადაღებულია ვარჯიშზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჟურნალისტის ცინიკური ტონი ჩვენი კლუბისადმი, გასაგებია რომ ბატონი კობა არ ემხრობა 16 გუნდიან ჩემპიონატს ეს მისი ნება და უფლებაა, მაგრამ ცოტა არ იყოს უხერხულია შეურაცყოფა მიაყენო კლუბს და აპელირება გააკეთო იმ ნაწილზე, სადაც მას წლების განმავლობაში არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ელემენტარულად ამ კამპანიაში ჩვენი კლუბის ასეთ კონტექსტში მოხსენიება არამართებულად მიგვაჩნია.

ს/კ „კოლხეთი 1913“–ის დირექტორატი, ადმინისტრაცია, ფეხბურთელები, თანამშრომლები და გულშემატკივრები თავს შეურაცყოფილად გრძნობენ გამოქვეყნებული სტატიის გამო, იმ ქალაქის გუნდს, სადაც ქართული ფეხბურთის აკვანი დაირწა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ასეთი დამოკიდებულება არ ეკუთვნის, მითუმეტეს იმ დროს როდესაც გუნდი ემზადება პლეი ოფის მატჩებისათვის, რომელიც სავარაუდოდ ამ დღეებში ქ. თბილისში უნდა გაიმართოს.
ბატონო კობა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ამ მატჩებზე და თქვენი თვალით იხილოთ ჩვენი ვიზუალური მხარე და პირობას გაძლევთ ერთ ფორმას ჩვენი კლუბის სახელით თქვენც გისახსოვრებთ.

პატივისცემით,
ფოთის „კოლხეთი 1913“–ის პრესსამსახური“