ფოთის „კოლხეთი“ – “ტორპედოს” პირველი მეტოქე 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში

შაბათს, 9 აგვისტოს, ახალი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ნიშნად სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს ქალაქებში 26-ედ აღმართავენ ეროვნულ დროშას. ეს პირველობა წინამორბედებისაგან განსხვავებული იქნება, რადგან მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამრიგად, მის მიმართ ინტერესი დიდია.

პირველი წრის პირველ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ ერთწლიანი დაქვეითების შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ სტუმრად იასპარეზებს. ფოთში ფაზისის სტადიონზე დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეხვედრა ლანჩხუთში ევგრაფის შევარდნაძის სახელობის სტადიონზე შედგება და 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

ცოტა რამ დღევანდელ „კოლხეთზე“ – გასული ჩემპიონატის პირველ ლიგაში ფოთელთა წარმატებული გამოსვლის შემდეგ გუნდის ძირითადი ბირთვი უცვლელი დარჩა. ზაზა ინაშვილის სახით იგივეა მთავარი მწვრთნელიც. ზღვისპირელებმა, გარდა საქართველოში ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპისა, თურქული შეკრებაც ნაყოფიერად გაიარეს, რომლის ფარგლებში 4 ამხანაგური მატჩი გამართეს. რაც შეეხება ახალწვეულებს, მათ შორის არიან: კონსტანტინე სეფიაშვილი(მეკარე), ლუკა გუგუჩია, ნიკა სიჭინავა,ნიგერიელი ჩარლზ ნევუჩე და განელი იბრაჰიმ ადამი.

ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის 3 ჩემპიონატში იგი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) ფოთის “კოლხეთს“ უმაღლეს ლიგაში 56-ჯერ (კიდევ ერთი მატჩი არ ჩატარდა, 1994 წლის 10 სექტემბერს ფოთში ქუთაისელთა ჩაუსვლელობის გამო), ხოლო თასის გათამაშებაში 6-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 29 მატჩი მოიგო, “კოლხეთმა” 15, ფრედ კი, 18 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობაზე მეტყველებს – 97:65.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 26 მოიგო, 16 ფრედ ითამაშა და 14 წააგო (ბურთები 88:59), ხოლო თასზე 3 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო (ბურთები 9:6).

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით „ტორპედომ“ „კოლხეთი“ 2002 წლის 11 სექტემბერს დაამარცხა – 6:1, ხოლო ფოთელებმა კი უდიდესი სხვაობით 1993 წლის 6 დეკემბერს მოგვიგეს -7:2.
ქვემოთ გაგაცნობთ “კოლხეთთან“ შეხვედრებში იმ ფეხბურთელთა ვინაობებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს 1 და მეტი გოლი აქვთ გატანილი.

19 გოლი – ზურაბ იონანიძე,

9 გოლი – გიორგი მეგრელაძე,

5 გოლი – დავით ჯანაშია, კახა კვეტენაძე

4 გოლი – გივი დიდავა

3 გოლი – მამუკა ხუნდაძე, მიხეილ აშვეთია, რობერტ ზირაქიშვილი, რევაზ გოცირიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა საბანაძე 59

2 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე, მერაბ მეგრელაძე, კონსტანტინე მეტრეველი, ვახტანგ ხვადაგიანი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ნერგაძე, სულიკო დავითაშვილი 75

1 გოლი – გრიგოლ თევზაძე, ემზარ ხურცილავა, თამაზ კიკლიაშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი შენგელია, გიორგი ლომიძე, ირაკლი ვაშაკიძე, გრიგოლ იმედაძე, მიხეილ ბობოხიძე, მიხეილ ქობულაძე(საკ. კარში), ზვიად ქუთათელაძე, ლევან სილაგაძე, ანდრეი პოროშინი, ალექსანდრე კოშკაძე, მიხეილ სოსელია, ხარებავა, ქიმუცაძე, ვახტანგ კვარაცხელია, გრიგოლ დოლიძე, ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი.

როგორც ხედავთ, გამოკვეთილი მეგოლე ზურაბ იონანიძეა, რომელსაც ფოთელთა წინააღმდეგ ყველა შედეგიანი მატჩის ჯამში 4 დუბლი და 2 ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული.

FCTorpedo.GE

კოლხეთმა ბოლო სპარინგი ჩაატარა

თურქულ შეკრებაზე ფოთის “კოლხეთმა” გუშინ ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართული გუნდის მეტოქე აზერბაიჯანული “აზალი” გახლდათ.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოო ჯამში ლოგიკური შედეგით, ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
“კოლხეთი 1913” 30 ივლისს დილით კიზილჯაჰამამში ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს და ფოთში გამოემგზავრება.

კოლხეთი ნიგერიელ ფორვარდს აკვირდება

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის “კოლხეთი” ძლიერდება. კოლხებმა უკვე დაიმატეს გამოცდილი მეკარე კოკა სეფიაშვილი, რომელიც ბოლოს რუსთავის “მეატლურგში” თამაშობდა.

ასევე ფოთელთა გუნდში ისინჯება ნიგერიელი ფორვარდი ჩარლზ ნაემეკა ნევუჩე, რომელიც ბოლო სეზოში მოლდოვურ “ტირასპოლში” ასპარეზობდა და 13 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ნევუჩე 29 წლის არის და “ტირასპოლამდე” სამი სეზონის განმავლობაში უკრაინული “ჰოვერლას” ღირსებას იცავდა.

„ლელოს“ ჟურნალისტს „კოლხეთი“ სპეციალური განცხადებით პასუხობს

გაზეთი „ლელოს“ დღევანდელ ნომერში ჟურნალისტ კობა ინასარიძის  პუბლიკაციას – სათაურით „ამათ უნდათ 16 გუნდი?!“ – საფეხბურთო კლუბი ფოთის „კოლხეთი“ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

პუბლიკაციაში ჟურნალისტი წერს, რომ გუნდი სხვადასხვა ფირმის ეკიპირებით არის შემოსილი:

„დააკვირდით ფეხბურთელთა სამოსს და დარწმუნებულნი ვართ, სხვაობასაც აღმოაჩენთ. კარგად ჩანს, რომ 8 ფოთელი ფეხბურთელი „უმბროთია“ შემოსილი, დანარჩენებისთვის კი… სამი მაისური „კოლხეთს“ „სალერის“ კომპლექტიდან აუღია და კიდევ კარგი, ფერი მაინც „დაუსვია“…

კლუბი „ლელოს“ პუბლიკაციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს:

„2014 წლის 16 მაისს გაზეთმა ლელომ ჟურნალისტ კობა ინასარიძის რუბრიკაში სათაურით: „ამათ უნდათ 16 გუნდი“ გამოაქვეყნა ფოთის „კოლხეთი 1913“–ის, 2012 წლის ზაფხულში ერთ–ერთ ვარჯიშზე გუნდის ორმხრივი თამაშის დროს გადაღებული ფოტო, რომელიც პირველი ლიგის ჩემპიონატის ერთ–ერთ მატჩის წინა ფოტოდ გაასაღა, სადაც ფეხბურთელთა ნაწილი „სალერის“ ფირმის ხოლო ნაწილი „უმბროს“ ფირმის ეკიპირებით ვარჯიშობდა. ს/კ ფოთის „კოლხეთი 1913“–ს საბედნიეროდ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ ყოველწლიურად შეიმოსოს ახალი ეკიპირების სრული კომპლექტით, რომლის შეძენასაც უზრუნველყოფს კლუბის ოფიციალური სპონსორი „აი–პი–ემ“ ტერმინალი და ეს ვალდებულება ამ კომპანიას აღებული აქვს 2011 წლიდან, 2017 წლის ბოლომდე. 2011-2012 წელს ზემოთ აღნიშნულმა კომპანიამ კლუბი შემოსა „სალერის“ ფირმის ეკიპირებით, ხოლო 2013 წელს ის ჩაანაცვლა „უმბროს“ ფირმით, 2014 წლის თებერვალში გუნდმა მიიღო „უმბროს“ ფირმის ახალი სრული კომპლექტი, ხოლო ძველი ეკიპირება დაურიგდათ ფეხბურთელებს სავარჯიშოდ, ხოლო ნაწილი კი ინახება კლუბის საწყობში იმავე დანიშნულებისათვის, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ კლუბის ნებისმიერ ფეხბურთელს. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე არის რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც 2012 წელს დატოვეს გუნდი , ამავე სურათზე უკან მოჩანს ცარიელი ტრიბუნები, რომელიც ერთი წელია უკვე დანგრეულია, რაც ადასტურებს ფოტოს სიძველეს და არამგონია ვინმემ დაიჯეროს, რომ ფოთის „კოლხეთი 1913“–ის საშინაო მატჩს ერთი გულშემატკივარიც კი არ ესწრებოდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ფოტო გადაღებულია ვარჯიშზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჟურნალისტის ცინიკური ტონი ჩვენი კლუბისადმი, გასაგებია რომ ბატონი კობა არ ემხრობა 16 გუნდიან ჩემპიონატს ეს მისი ნება და უფლებაა, მაგრამ ცოტა არ იყოს უხერხულია შეურაცყოფა მიაყენო კლუბს და აპელირება გააკეთო იმ ნაწილზე, სადაც მას წლების განმავლობაში არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ელემენტარულად ამ კამპანიაში ჩვენი კლუბის ასეთ კონტექსტში მოხსენიება არამართებულად მიგვაჩნია.

ს/კ „კოლხეთი 1913“–ის დირექტორატი, ადმინისტრაცია, ფეხბურთელები, თანამშრომლები და გულშემატკივრები თავს შეურაცყოფილად გრძნობენ გამოქვეყნებული სტატიის გამო, იმ ქალაქის გუნდს, სადაც ქართული ფეხბურთის აკვანი დაირწა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ასეთი დამოკიდებულება არ ეკუთვნის, მითუმეტეს იმ დროს როდესაც გუნდი ემზადება პლეი ოფის მატჩებისათვის, რომელიც სავარაუდოდ ამ დღეებში ქ. თბილისში უნდა გაიმართოს.
ბატონო კობა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ამ მატჩებზე და თქვენი თვალით იხილოთ ჩვენი ვიზუალური მხარე და პირობას გაძლევთ ერთ ფორმას ჩვენი კლუბის სახელით თქვენც გისახსოვრებთ.

პატივისცემით,
ფოთის „კოლხეთი 1913“–ის პრესსამსახური“