ლევან კობიაშივილი და სფფ-ს სხვა წარმომადგენლები სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდნენ (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. რიგით მესამე შეხვედრა, რომელიც წინა შეხვედრების მსგავსად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, 2 საათს გაგრძელდა და მისი მთავარი თემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები, უკვე განხორციელებული, ახალი პროექტები და სამომავლო გეგმები იყო.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და მედიის წარმომადგენლებმა ფეხბურთის მასობრიობის მიმართულებით უკვე ჩატარებულ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის მოყვარულთა თასის, 13-წლამდელთა რეგიონთა თასისა და კოკა-კოლას მხარდაჭერით განხორციელებული ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის „კოკა-კოლას თასის“ შესახებ ისაუბრეს, რომლის ახალი სეზონი მაისის თვეში აიღებს სტარტს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე – დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უკვე განახლებულ მინდვრის საფარსა და ახალ სადრენაჟე სისტემაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ამავე სტადიონსა და გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე განათების ახალი სისტემის დამონტაჟების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ეროვნული ლიგის გაშუქების საკითხებზეც იმსჯელეს. მედიის წარმომადგენლებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა რეგიონულ და ლიგის გაშუქებით დაინტერესებულ ცენტრალურ ტელევიზიებთან შეხვედრის შედეგები გააცნო.

მედიასთან შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შეაჯამა: „უპირველესად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს ინტერესისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოკლე ანალიზი გავაკეთეთ იმ პროექტების, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განვახორციელეთ. მედიის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. იყო ბევრი კითხვა, რაც ძალიან კარგია და მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ამ კითხვებს პასუხი გავცეთ. ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას,“-აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

Gff.Ge

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჟურნალისტს: “რატომ ლაპარაკობ?”

30 იანვარს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “რენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მთავარ არბიტრს არ დაუჯერა და მასთან არ მივიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კიდევ უფრო საინტერესო რამ მოხდა.

ჟურნალისტმა შვედ ფეხბურთელს უთხრა, რომ ზლატანსა და ედინსონ კავანის შორის ურთიერთობაზე ბევრი ადამიანი საუბრობდა, ეს კი იბრაჰიმოვიჩს არ ესიამოვნა.

ჟურნალისტი: “თქვენსა და ედინსონ კავანის შორის ურთიერთობაზე ბევრი ადამიანი საუბრობს.”

იბრაჰიმოვიჩი: “ბევრი ადამიანი თუ შენ?”

ჟურნალისტი: “ეს ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ.”

იბრაჰიმოვიჩი: “ფეხბურთი ჩემზე კარგად გესმის?”

ჟურნალისტი: “არა.”

იბრაჰიმოვიჩი: “აბა, რატომ ლაპარაკობ?”

იბრაჰიმოვიჩი: “ჟურნალისტი ხარ თუ ვიდეო ოპერატორი?”

ჟურნალისტი: “მე ჟურნალისტი ვარ.”

იბრაჰიმოვიჩი: “მაშინ კამერა რატომ გიჭირავს?”

„დინამომ“ დავით აღმაშენებლის სახელობის თასი მოიგო?

დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, „კურიერის” სპორტულმა კორესპონდენტმა დავით ერაძემ პირდაპირი ჩართვის დროს მექანიკური შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ „დინამო თბილისმა“ ჩემპიონობას დავით აღმაშენებლის სახელობის თასიც დაამატა, რაზეც დიმიტრი ობოლაძისგან საკადრისი პასუხი მიიღო.

გთავაზობთ ამ კურიოზული ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

 

ლორან ბლანი სექსიზმში დაადანაშაულეს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი  ლორან ბლანი ჟურნალისტ იოჰანა ფრანდენის მიმართ ნათქვამი ფრაზის გამო სექსიზმში დაადანაშაულეს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელშიც საუბარი იყო 4-4-2 ტაქტიკის 4-3-3-ით შეცვლის შესახებ, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა ასე უპასუხა:

„ქალი საფეხბურთო ტაქტიკას განიხილავს. შესანიშნავია! უბრალოდ ფანტასტიკაა. საერთოდ იცით, რა არის 4-3-3?“

ბლანმა სწორედ ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რის გამოც სოციალურ ქსელებში ფრანდენის კოლეგებმა ის სექსიზმში დაადანაშაულეს.

ბექა დოგრაშვილი