New Era Basketball კემპი დასრულდა

დღეს დასრულდა სლოვენიელი მწვრთნელების მიერ 10 დღის მანძილზე მიმდინარე საკალათბურთო კემპი „New Era Basketball”, რომელიც კალათბურთის ევროვნული ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და რომლის ფარგლებშიც 60-მდე ახალგაზრდა თანამედროვე საკალათბურთო ვარჯიშებს ეზიარა.

 

 

კემპი 2 ეტაპად ჩატარდა. 19-დან 23 მაისის ჩათვლით თბილისის „დინამოს“ ბაზაზე 18 წლის და ზემო ასაკის კალათბურთელები შეიკრიბნენ და კომბინირებული ვარჯიშების კურსი გაიარეს. სლოვენიელი სპეციალისტები – ლუკა კრიჟაი, ჟიგა მრავლიაკი, მატიც მრავლიაკი და უროშ ნინიჩი – ახალგაზრდები პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა კომპონენტში ავარჯიშებდნენ.

 

 

უშუალოდ კომბინაციებთან ერთად მიმდინარეობდა ვარჯიშები ფიზმომზადებაში, ორიენტაციასა და სხვადასხვა კომპონენტებში.

 

23 მაისს პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის შემდეგაც ასპარეზი 15-17 წლის ახალგაზრდებს დაეთმოთ, რომლებიც 5 დღის განმავლობაში ემზადებოდნენ სლოვენიელმა მწვრთნელებმა ახალგაზრდებისთვის დამატებითი მოტოივაციის მისაცემად გამოაცხადეს, რომ კემპის საუკეთესო ორ მონაწილეს სლოვენიაში ორკვირიან მოსამზადებელ კურსს გაატარებდნენ.

 

 

უცხოელ მწვრთნელთა გადაწყვეტილებით სლოვენიაში გოგა ბითაძე და რეზი ჩიქოვანი გაემგზავრებიან.

 

ვლადიმერ ბოისა: ჩვენ მიერ  ჩატარებული კემპით ყველა კმაყოფილია. მთლიან ჯამში სულ  50 ბავშვმა ივარჯიშა. კემპს დაესწრო ძალიან ბევრი  მწვრთნელი და  და როგორც აღნიშნეს, დიდი  ცოდნა შეიძინეს.  სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ  მწვრთნელების მიერ არჩეული  მოთამაშეები,  რეზი ჩიქოვანი და გოგა ბითაძე სლოვენიაში გაემგზავრებიან და იქაც გააგრძელებენ ვარჯიშს.

ზაზა ფაჩულია: ძალიან წარმატებული კემპი  ჩატარდა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი მასშტაბური და სერიოზული ღონისძიება და სასიხარულოა, რომ  ბავშვებს მიეცათ კარგი  შანსი კვალიფიციურ  მწვრთნელებთან ევარჯიშათ. მეც სიამოვნებით მივიღე მონაწიელობა როგორც მწვრთნელმა ამ კემპში და  ბავშვებს რამდენიმე ვარჯიშიც ჩავუტარე.  იმედია, ეს მათ  მნიშვნელოვან  შედეგს  მოუტანს  და დიდად წაადგებათ  საკალათბურთო კარიერაში.

უროშ ნინიჩი: ძალიან ვისიამოვნეთ ბიჭებთან მუშაობით და დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვნახეთ საქართველო, შევიძინეთ ახალი მეგობრები. ძალიან მომეწონა თბილისი და ზოგადად, ქართველი ხალხით აღფრთოვანებული ვარ. რა შეეხება ჩვენ მიერ არჩეულ ბავშვებს, ისინი ნამდვილად იმსახურებდენ ამას. მათში დიდი მოტივაცია და მონდომება დავინახეთ და სლოვენიაშიც გავაგრძელებთ მათთან მუშაობას.

გოგა ბითაძე: ძალიან კარგი კემპი ჩატარდა.  მწრთნელებსაც და მოთამაშეებსაც კარგი საშუალება აქვთ კვალიფიკაცია აიმაღლონ. ყველა გახარებულები  ვართ, რაც შეგვიძლია  ვვარჯიშობთ და მოტივაციაც დიდი გვაქვს.

 

რეზი ჩიქოვანი: მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება და ასეთ კარგ კემპზე მივიღეთ მონაწილეობა.  მწვრთნელების გადაწყვეტილებით, სლოვენიაში გავემგზავრები და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩვენთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა.

superleague.ge

“New Era Basketball”: პირველი ეტაპი დასრულდა

“დინამოს” ბაზაზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე საკალათბურთო კემპი “New Era Basketball”-ის პირველი ეტაპი დასრულდა. 5 დღის განმავლობაში სლოვენიიდან მოწვეული სპეციალისტები 18 წლისს და ზევით ასაკის კალათბურთელებს კომპლექსურ ვარჯიშებს უტარებდნენ.

4 მწვრთნელისგან შემდგარი გუნდი პერსპექტიულ ქართველ კალათბურთელებს ყველა კომპონენტში ავარჯიშებდნენ. ბურთით ვარჯიშთან ერთად კალათბურთელები ფიზიკურად ემზადებოდნენ.

ხვალიდან კემპში 15-17 წლის ახალგაზრდები ჩაერთვებიან. პროფესიული წინსვლისთვის აუცილებელი ვარჯიშების პარალელურად ახალგაზრდებს დიდი მოტივაციაც აქვთ. როგორც ცნობილი გახდა, კემპის საუკეთესო 2 ახალგაზრდას სლოვენიელი მწვრთნელები საკუთარ სამშობლოში მიიწვევენ და ერთკვირიან ვარჯიშებს ჩაუტარებენ.

დღევანდელ ვარჯიშს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ვლადიმერ ბოისა და კახა შენგელია დაესწრნენ. კემპზე მოვიდა და ვარჯიშებში მონაწილება მიიღო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, “მილუოკი ბაქსის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ზაზა ფაჩულიამ. ცნობილმა კალათბურთელმა ახალგაზრდა სპორტსმენებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

ვლადიმერ ბოისა: დღეს დასრულდება კემპი 18-დან 20-წლამდე მოთამაშეებისთვის, ხვალ საღამოს 8 საათიდან კი დაიწყება 15-17 წლების ასაკობრივ ჯგუფებთან ვარჯიშები. ძალიან კარგი კემპი გამოვიდა, კმაყოფილები არიან მწვრთნელები და, რაც მთავარია, მოთამაშეები. სამწუხაროა, რომ კემპს მწვრთნელთა მცირე რაოდენობა ესწრება, რადგან მსგავსი კემპებისგან ისინი ბევრს ისწავლიდნენ. დასწრება და ვარჯიშების ყურება ყველა მოთამაშისთვის და მწვრთნელისთვის თავისუფალია, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, “დინამოს” ბაზაზე მოვიდნენ. კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ძალიან მაღალი დონის კემპი ჩაატარა და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. სლოვენიელი მწვრთნელები ვარჯიშების პერიოდში 2 საუკეთესო მოთამაშეს აარჩევენ და სლოვენიაში 1 კვირით წაიყვანენ, სადაც ცხოვრებით, კვებით და ვარჯიშებით უზრუნველყოფენ. ეს დამატებითი სტიმულია კალათბურთელებისთვის.

ზაზა ფაჩულია: ძალიან მაღალი დონის კემპია.  მწვრთნელები ზუსტად ისე ავარჯიშებენ ბიჭებს, როგორც ეს ყველაზე ძლიერ ქვეყნებში ხდება. კარგია, რომ ახალგაზრდა კალათბურთელებს ასეთი მაღალი დონის კემპში მონაწილეობის საშუალება მიეცათ. იმედია, დაიმახსოვრებენ ყველაფერს, რაც ამ დღეებში ისწავლეს და მომავალში გააგრძელებენ ასეთ ვარჯიშებს. მწვრთნელებსაც კარგი შანსი ჰქონდათ დაენახათ, თუ როგორი ვარჯიშები სჭირდებათ მოთამაშეებს.

უროშ ნინიჩი: ძალიან ვისიამოვნეთ. არაჩვეულებრივი ბიჭები არიან, ყოველ ვარჯიშზე ძალიან მოტივირებულები და მონდომებულები იყვნენ. ამ 5 დღის განმავლობაში ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, ბევრი რამ ისწავლეს და ხვალიდან უკვე უფრო პატარა ასაკობრივ ჯგუფებთან დავიწყებთ მუშაობას. იმედი მაქვს, ამ ვარჯიშებისგან ბიჭები ბევრ სასიკეთოს შეითვისებენ, მწვრთნელები კი ამ კომპონენტების გახვეწაში დაეხმარებიან.

არჩილ ჟღენტი (მწვრთნელი): მივესალმები ფედერაციის ინიციატივას და ასეთი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში.  საკმაოდ კარგი მწვრთნელები ჩამოვიდნენ, რომლებიც  ჩვენს მოთამაშეებს  დიდი ცოდნას გადასცემენ და ეს დიდად წაგვადგება მწვრთნელებსაც. რაც უფრო ხშირად ჩატარდება ასეთი ღონისძიება,  მით უფრო სასარგებლო  იქნება ქართული კალათბურთისთვის.

ბექა დარახველიძე (კემპის მონაწილე): ფედერაციის მხრიდან ასეთი  კარგი კემპის ჩატარება კარგი გადაწყვეტილება იყო. დიდი გამოცდილება მივიღეთ მოთამაშეებმა,  საინტერესო ვარჯიშები ჩაგვიტარდა,  ბოლომდე დავიხარჯეთ და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ძალიან კვალიფიციური მწვრთნელები არიან და  თავისი საქმე უმაღლეს დონეზე იციან. ორი მწვრთნელი ბურთთან, ორი კი ფიზიკურ მომზადებაზე ავარჯიშებს. იმედია, ეს კემპი მომავალშიც დაგვეხმარება იმაში, რომ უკეთესი კალათბურთელები გავხდეთ.

თორნიკე ქიტოშვილი: ძალიან სერიოზული კემპი იყო. სამწუხაროა, რომ მხოლოდ 5 დღე გამოგვივიდა ვარჯიში. თუმცა ამ 5 დღეშიც ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ – ფიზიკური მომზადებიდან და ბურთის სროლით დაწყებული, პატარა დეტალების და წვრილმანების ჩათვლით. ყველაფერი გვასწავლეს, ყველაფერზე მიგვითითეს და ვეცდებით, მომავალში გამოვასწოროთ ის მინუსები, რაც გვქონდა. დაინახეს ჩვენი პლიუსები და ამაზეც გვამუშავეს. ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები არიან და მადლობელი ვარ მათი. კარგი იქნება, თუ მსგავსი კემპები ხშირად ჩატარდება, ეს კალათბურთის განვითარებისთვის და ჩვენთვის, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

superleague.ge

New Era Basketball – ის კემპი საქართველოში

19-28 მაისს, თბილისში დიდი საკალთბურთო კემპი გაიმართება. სლოვენიიდან ჩამოსული მაღალკვალიფიციური მწვრთნელები ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს, რომლებიც ძირითადად ასაკობრივი ნაკრებების წევრები იქნებიან, 10 დღის განმავლობაში ჩაუტარებენ ვარჯიშებს.ეს არის კალათბურთის სპეციალისტთა გამოცდილი ჯგუფი, რომელიც საკალთბურთო კემპებს ბრენდული სახელწოდებით  “New Era Basketball” სხვადასხვა ქვეყნებში ატარებენ.

კემპი “დინამო” ბაზაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას 18-წლამდე და ზევით ასაკის ახალგაზრდებთან ერთად 15-17 წლამდე მოზარდებიც მიიღებენ.

აღნიშნული პროექტი ვლადიმერ ბოისას მხარდაჭერთ განხორციელდა.

უცხოელ მწვრთნელებთან ერთად კემპში მონაწილეობას ქართველი სპეციალისტებიც მიიღებენ.

უროს ნინიჩი(სლოვენიელი მწვრთნელი): საქართველოში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწვევით ჩამოვედით და მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. ახალგაზრდა კალათბურთელებს 10 დღის განმავლობაში ვარჯიშებს ჩავუტარებთ და შევეცდებით დავეხმაროთ მათ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში.  ისინი გაივლიან როგორც ძირითად პრაქტიკულ ვარჯიშებს, რაც კალათბურთელის კარიერაში უმნიშვნელოვანესია, ასევე ფიზიკურ მომზადებას და თეორიულ მეცადინეობებს.

გიორგი ნიკოლაძე (შსს-აკადემია): მოხარულები ვართ ამ შესანიშნავი პროექტის წამოწყებით. დიდი მადლობა ვლადიმერ ბოისას. საკმაოდ საინტერესო უდნა გამოვიდეს. ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ და ცოდნასაც გავიღრმავებთ. იმედია ასეთი ღონისძიებები მომავალშიც ხშირად გაიმართება. 

IMG_4900IMG_4903

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები