“მანჩესტერ იუნაიტედმა” ფინალურ მატჩში “ლივერპული” დაამარცხა

მაიამიში მდებარე “სან ლაიფ სთეიდიუმზე” “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის Guinness International Champions Cup-ის ფინალური მატჩი გაიმართა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოედანზე ორივე გუნდი შესაძლებლობის ფარგლებში საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა, თუმც მერსისაიდელებს მთავარი მეგოლე დანიელ სტარიჯი აკლდათ. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და საყურებლად თვალსასეირო გამოდგა.

ანგარიში მე-14 წუთზე მერსისაიდელებმა გახსნეს. ბრენდან როჯერსის გუნდის ერთ-ერთი შეტევის დროს ფილ ჯონსმა საკუთარ საჯარიმოში რაჰიმ სტერლინგი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი სტივენ ჯერარდმა უნაკლოდ შეასრულა — 0:1.

 

გაშვებული გოლის შემდეგ “წითელი ეშმაკები” ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდათ, “ლივერპული” კი კონტრშეტევებზე თამაშის აგებით ცდილობდა ხეირის ნახვას. მერსისაიდელთა მხრიდან აქტიური იყო სტერლინგი, რომლის განეიტრალებაც მანჩესტერლებს შესამჩნევად უჭირდათ. სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში “იუნაიტედის” დაცვის ხაზი ნამდვილად არ ჩანდა თავდაჯერებული, რამდენჯერმე ელემენტარული შეცდომაც დაუშვეს. პირველი ტაიმი “ლივერპულის” მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

მეორე ნახევრის პირველი სახიფათო მომენტი კვლავ მანჩესტერელთა კართან შეიქმნა: 50-ე წუთზე სტერლინგს უპირატესობის გაზრდის კარგი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში “მანჩესტერ იუნაიტედმა” თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და მეტოქეც აშკარად დაჯაბნა.

55-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. “იუნაიტედის” შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჩიჩარიტომ მეტოქის საჯარიმოში უეინ რუნის ჩაუწოდა, ინგლისელი მცველი მარტინ შკრტელს ჰყავდა აყვანილი, თუმცა სლოვაკმა მცველმა პოზიციური ორთაბრძოლა წააგო, ბურთი “წითელი ეშმაკების” ლიდერს ფეხზე დააჯდა და მანაც ახლო მანძილიდან დარტყმით შეარხია სიმონ მინიოლეს კარის ბადე. “წითელმა ეშმაკებმა” მომენტით ისარგებლეს და ორ წუთში მეორე გოლიც გაიტანეს: საგოლე პასი ამჯერად შეტევის მარცხენა ფრთიდან გაკეთდა, ლიუკ შოუმ საჯარიმოში მყოფი ხუან მატა მოძებნა, ამ უკანასკნელმა დაახლოებით 17 მეტრის მანძილიდან დაარტყა, ბურთს მამადუ სახომ მცირეოდენ შეუცვალა მიმართულება, მინიოლე მოტყუვდა და “იუნაიტედი” დაწინაურდა — 2:1.

მატჩის 65-ე წუთზე საინტერესო რამ მოხდა: ეშლი იანგმა შორი მანძილიდან ე.წ. “პარაშუტი” შეასრულა, ბურთი კარის ზედა ნაწილში არსებულ ბადეს გარედან მოხვდა, მოედანზე გადმოვარდა და უყურადღებოდ დარჩენილ რუნის მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში შეაგორა. ინგლისელმა ფეხბურთელმა თანაკლუბელებთან ერთად გოლი აღნიშნა, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მსაჯებს ყურსასმენების საშუალებით აცნობეს, რომ ბურთს მოედნის ფარგლები დატოვებული ჰქონდა და გოლი უნდა გაუქმებულიყო. 2:1 ძალაში დარჩა.

დარჩენილ დროში მერსისაიდელები ანგარიშის გათანაბრებას კი შეეცადნენ, თუმცა გოლი აქეთ მიიღეს: 88-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა შემცვლაზე შემოსულმა ჯესი ლინგარდმა დააგვირგვინა — 3:1. “მანჩესტერ იუნაიტედი” საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის გამარჯვებული გახდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” — “ლივერპული” 3:1 (0:1)

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ევანსი (კლევერლი 46′), ფლეტჩერი (ბლექეტი 46′), ერერა (ლინგარდი 78′), ვალენსია (შოუ 8′), მატა (კაგავა 69′), იანგი, რუნი, ჩიჩარიტო (ნანი 69′).
მთავარი მწვრთნელი: ლუი ვან გაალი.

“ლივერპული”: მინიოლე, კელი, შკრტელი, სახო (კოლო ტურე 74′), ჯონსონი, ალენი (ემრე ჯანი 62′), ჯერარდი (ლუკას ლეივა 62′), ჰენდერსონი, კოუტინიო (პეტერსონი 77′), სტერლინგი, ლამბერტი (აიბი 67′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

გოლები: რუნი 55′, მატა 57′, ლინგარდი 88′ — ჯერარდი 14′ (პენ).

დიეგო სიმეონე — მატჩის შემდეგ თქმული

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში დამარცხების გამო სინანული არ ღირს, რადგან წინა ახალი სეზონია, რომელსაც გუნდი ასეთივე შემართებით უნდა შეხვდეს.

„რეზულტატი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. „რეალმა“ მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, ჩვენს ნახევარზე დამკვიდრდა, რასაც ვერ გავექეცით. ფეხბურთი სწორედ ამიტომ არის მშვენიერი. ხალხი ამბობს, რომ მთავარი გამარჯვებაა, თუმცა იმ ადამიანების შემხედვარე, რომლებიც ჩვენ გვქომაგობდნენ, ადასტურებს, რომ სხვა ფასეულობებიც არსებობს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ასეთი თამაშის შემდეგ ცხვირი არ ჩამოეშვათ, რადგან მომდევნო სეზონზე ფიქრი უნდა დავიწყოთ.

ან წააგებ, ან მოიგებ – ამჯერად დავმარცხდით, თუმცა ვიცით, რომ ძალ-ღონე არ დავიშურეთ. ხალხი აფასებს იმას, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ. ეს შემდგომი პროგრესის იმედს გვაძლევს.

დასევდიანებული არ გეგონოთ. უფრო გამწარებული ვარ, რომ მიზანს ვერ მივაღწიე. გამარჯვება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით. ამასაც გადავიტან. მესმის, რომ სხვა

ფეხბურთელებიც მეყოლება და სხვა მატჩებიც მექნება, თუმცა ერთი რამ  უცვლელი დარჩება – შენს საქმეში ძალისხმევა არ უნდა დაიშურო. ცხოვრებაში, ისევე როგორც ფეხბურთში, არსებობს დღეები, როდესაც ყველაფერი გეძლევა, თუმცა მეორე დღეს ვეღარაფერს იღებ. მთავარია, რომ წინსვლა განაგრძო.

დიეგო კოსტას თამაშის გადაწყვეტილება მე მივიღე და აშკარაა, რომ შევცდი, რადგან თავიდანვე მომიწია მისი შეცვლა. ის მოედანზე თავს ისე კარგად ვერ გრძნობდა, როგორც წინა დღეს. რაც არ უნდა იყოს, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და ყველაფერი ნათელი გახდა. არ გვინდოდა, რომ მატჩის დანარჩენი ნაწილი ერთი მოთამაშით ნაკლებს გვეთამაშა.

ქომაგებმა ამ დიდებული სეზონით უნდა იამაყონ. მწუხარებისთვის წამიც არ უნდა დავკარგოთ. ჭრილობები დიდხანს არ უნდა დავიტოვოთ.  მომდევნო სეზონში დავბრუნდებით და ვეცდებით, ნებისმიერი მეტოქისთვის კვლავ საშიში ოპონენტი ვიყოთ.

ახლა იმავე საქმის გაკეთებას ვაპირებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ორშაბათს ახალი სეზონისთვის მზადებას შევუდგებით. ვნახოთ, ვინ მოვა და ვინ წავა. მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობასთან ყველა საქმე მოგვარდება, გუნდი შვებულებას გამოაცხადებს. დროის ოჯახთან გატარების და მსოფლიოს ჩემპიონატის ხილვის საშუალება მოგვეცემა. შემდეგ კი ახალი სეზონისთვის მზადების სასიამოვნო შფოთვა შეგვიპყრობს“, – აღნიშნა სიმეონემ.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

კარლო ანჩელოტი — მატჩის შემდეგ თქმული

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სეზონის დაწყებამდე კლუბის პრეზიდენტს ჩემპიონტა ლიგის თასს შეპირდა და სიტყვა სეასრულა კიდეც.

„უზომოდ ბედნიერი ვარ. როგორც იქნა, „რეალთან“ ერთად ეს ტიტული მოვიგეთ. თითოეული ჩვენგანი მთელი სეზონის განმავლობაში მუყაითად მუშაობდა, ვამაყობთ მიღწეულით. ბედნიერია ყველა, ვინც ყოველდღიურად გვიჭერდა მხარს. „რეალის“ ქომაგები უზომოდ ბედნიერები არიან, რაც ჩვენ გვახარებს.

ყველაზე რთული ანგარიშის გათანაბრება იყო. თავისუფალი ზონა არ გვქონდა, „ატლეტიკო“ თავს ძალიან კარგად იცავდა, თუმცა ჩვენ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას  ვცდილობდით და მიზანს მივაღწიეთ კიდეც, შემდეგ კი თამაში მთლიანად შევცვალეთ. გატანილმა გოლმა დიდი ენერგია შეგვძინა და გამარჯვების წყურვილი გაგვიძლიერა.

გამიმართლა, თუმცა არა ამ მატჩის გამო. შეიძლება თქვათ, რომ გამიმართლა, შეიძლება სხვამ თქვას, რომ ბოლო წამამდე ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ეს ფეხბურთია. ხან გაგიმართლებს, ხანაც – არა.

შესვენებაზე ვთქვი, რომ უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, შეტევითი პოტენციალი უფრო მეტად უნდა გამოგვეყენებინა. იგივე გავიმეორე 90 წუთის შემდეგ, რათა მეტოქე გუნდს შეტევის საშუალება არ მისცემოდა. ასე შევუქმნიდით „ატლეტიკოს“ უსიამოვნებებს.

პირველივე დღეს, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ სატიტულო ოთახში შევაბიჯე, კლუბის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ იქაურობას ერთი თასი აკლდა და მის მოგებას ამავე სეზონში ვეცდებოდით. ჩვენ ეს გამოგვივიდა. ნდობას მთელი კლუბისგან ვგრძნობდი, რაც გამარჯვებებში დაგვეხმარა.

ყველა ფინალი რთულია და არც ეს იყო გამონაკლისი. მძიმე სეზონი გამოვიდა, თუმცა ამავე დროს – კარგი. ეს „რეალში“ ჩემი პირველი წელი იყო, სტილის შეცვლას შევეცადეთ, გუნდმა თავი ფანტასტრიურად წარმოაჩინა: მოთამაშეები დიდ პროფესიონალიზმს და თამაშის სურვილს ავლენდნენ. მარსელო უკმაყოფილო იყო იმით, რომ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა მოედანზე გავიყვანეთ და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლიც შეასრულა.

მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგეთ. ძალიან გრძელი სეზონი გამოვიდა, „ბაიერნთან“ ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გამარჯვების სურვილი კიდევ უფრო გაგვიძლიერდა. ფანტასტიური სეზონი გვქონდა.

სიმეონეს ვესაუბრე. ამ მატჩამდე ჩემპიონატში გამარჯვება მივულოცე, იგივე გავაკეთე მატჩის შემდეგ. გუნდი, რომელიც ვერ იგებს, თუმცა ბოლომდე იბრძვის, დასაფასებელია. ჩემი აზრით, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-20 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეოცე ნომერი, რომელიც მთლიანად ჩემპიონთა ლიგის თემას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

გვ. 2-5 — Décima
გვ. 6-7 — მატჩის შემდეგ თქმული;
გვ. 8 — ბომბარდირი   რონალდუ

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

25 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონამ“ „რეალს“ მიულოცა

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ დრამატულ ბრძოლაში თანაქალაქელი „ატლეტიკო“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

„რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ვულოცავთ. დიდებულად ჩატარებულ სეზონს „ატლეტიკოსაც“ ვულოცავთ“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში „ბარსელონას“ ოფიციალურ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონას“ სწორედ „ატლეტიკომ“ სძლია.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დი მარია დასახელდა

მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „სამეფო კლუბის“ არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა. მეორე დამატებით ტაიმში სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა გარეტ ბეილმა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გოლი. დი მარიამ ჯილდო სერ ალექს ფერგიუსონისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში ანგარიში დიეგო გოდინმა გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სერხიო რამოსმა თავური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, ბეილმა გაიტანა. თავი გამოიჩინა შეცვლაზე შემოსულმა მარსელომაც, კრიშტიანუ რონალდუმ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ტურნირზე მე-17 გოლი გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა – 4:1.

 

რა მოხდა სიმეონესა და ვარანს შორის მატჩის მიწურულს?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „რეალის“ ახალგაზრდა მცველ რაფაელ ვარანზე გაიწია. ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა არგენტინელი სპეციალისტის მიმართულებით ბურთი ისროლა, წაგებისთვის განწირულმა სიმეონემ კი ეს ვერ მოითმინა და ბურთი რაფაელის მიმართულებით დამიზნებით დაარტყა. ამის შემდეგ მოედანზე მხარეებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, სიმეონე მინდორზე შეიჭრა და ვარანთან მისვლას შეეცადა. საბოლოო ჯამში, არგენტინელი მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს, ვარანი კი ყვითელი ბარათით დასაჯეს.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

„რეალი“ vs „ატლეტიკო“ (შედარებითი მონაცემები)

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2013-2014 წლების გათამაშების ფინალური მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთს ორი მადრიდული კლუბი – „რეალი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირება. ეს შეხვედრა იმითაც გამორჩეულია, რომ ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ფინალში ერთი ქალაქის ორი გუნდი გავიდა. მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს და მას ბიორნ კეიპერსის ხელმძღვანელობით ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

გთავაზობთ ფინალის მონაწილე გუნდების შედარებით მონაცემებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი

დღეს

22:45 სთ.

მადრიდის რეალი“      მადრიდის ატლეტიკო

მთავარი მსაჯი:  ბიორნ კეიპერსი  (41 წლის, ჰოლანდია; 2006 წლიდან ფიფას მსაჯია. ნაიმეგენის რადბუდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად ოლდენზალში სუპერმარკეტების ქსელისა და თმის სალონის თანამფლობელი იყო.
 

 

მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი (54 წლის)

„ეშტადიუ და ლუჟი“, ლისაბონი

ეტევა 61 ათასი მაყურებელი

 

 

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (44 წლის)

ურთიერთშეხვედრები:

„ატლეტიკო“ 2:2 „რეალი“ (პრიმერადივიზიონი, 02.03.2014);

„ატლეტიკო“ 0:2 „რეალი“ (თასი, 12.02.2014);

„რეალი“ 3:0 „ატლეტიკო“ (თასი, 05.02.2014);

„რეალი“ 0:1 „ატლეტიკო“ (პრიმერადივიზიონი, 29.09.2013);

„რეალი“ 1:2 „ატლეტიკო“ (თასი, 17.05.2013)

ადგილი უეფას რეიტინგში: 1-ელი

„რეალის“ ბოლო მატჩები:

„რეალი“ 3:1 „ესპანიოლი“ (პრიმერადივიზიონი, 17.05.2014);

„სელტა“ 2:0 „რეალი“ (პრიმერადივიზიონი, 11.05.2014);

„ვალიადოლიდი“ 1:1 „რეალი“ (პრიმერადივიზიონი, 07.05.2014);

„რეალი“ 2:2 „ვალენსია“ (პრიმერადივიზიონი, 04.05.2014);

„ბაიერნი“ 0:4 „რეალი“ (ჩემპიონთა ლიგა, 29.04.2014)

ადგილი უეფას რეიტინგში: მე-7
გუნდის საერთო ღირებულება: 502,83 მლნ. ევრო

„ატლეტიკოს“ ბოლო მატჩები:

„ბარსელონა“ 1:1 „ატლეტიკო“ (პრიმერადივიზიონი, 17.05.2014);

„ატლეტიკო“ 1:1 „მალაგა“ (პრიმერადივიზიონი, 11.05.2014);

„ლევანტე“ 2:0 „ატლეტიკო“ (პრიმერადივიზიონი, 04.05.2014);

„ჩელსი“ 1:3 „ატლეტიკო“ (ჩემპიონთა ლიგა, 30.04.2014);

„ვალენსია“ 0:1 „ატლეტიკო“ (ჩემპიონთა ლიგა, 27.04.2014)

გუნდის საერთო ღირებულება: 248,16 მლნ. ევრო
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (100.000.000 ევრო)

ამინდი:

მოღრუბლული

+ 16

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი: დიეგო კოსტა (35.000.000 ევრო)

 

ვინ არის და რას ამბობს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, რომელიც მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გაიმართება, 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კეიპერსი განსჯის. კეიპერსი 2006 წლიდან ფიფას მსაჯია. ნაიმეგენის რადბუდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად ოლდენზალში სუპერმარკეტების ქსელისა და თმის სალონის თანამფლობელი იყო.

2013 წელს ლონდონის „ჩელსისა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართულ უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში იმსაჯა. იმავე წელს ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ჩატარებული ფიფას კონფედერაციის თასის ფინალური შეხვედრა განსაჯა.

2013 წელს კეიპერსი ევროპელ მსაჯთა სპეციალიზირებული ვებ-გვერდის football refereeing-ის გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო არბიტრად დაასახელეს.

ბიორნ კეიპერსმა დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. ფინალში მონაწილე გუნდების მატჩები ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ვიხილე. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის ესპანეთის თასზე და პრიმერადივიზიონში გამართულ შეხვედრებს. ასე რომ, მზად ვართ. ჩვენ ვიდეოანალიტიკოსი გვყავს, რომელიც დიდ დახმარებას გვიწევს. გვირჩევს სასურველ მატჩებს, ცალკე გამოყოფს საჭირო კადრებს, მისი რჩევით ყურადღებას ვაქცევთ ამა თუ იმ მოთამაშეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის განსჯა დიდი პატივია. ამაყი და მოხარული ვარ, რომ ამ ფანტასტიური მატჩის გაძღოლა მე დამევალა. ჩემი ბრიგადით ვამაყობ და მოუთმენლად ველოდები ფინალურ შეხვედრას“, – 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

ფინალური მატჩი „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაისურზე არაგონესის სახელი ეწერება

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურის შიდა ნაწილზე ლუის არაგონესის სახელი ეწერება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ არაგონესი ამა წლის 1-ელ თებერვალს, მადრიდის კლინიკაში გარდაიცვალა.

ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტი ისეთ კლუბებს თავკაცობდა, როგორებიცაა: „ატლეტიკო“ (1974-1980, 1982-1987, 1991-1993, 2002-2003), „ბეტისი“ (1981-1982, 1997-1998),  „ბარსელონა“ (1987-1988), „ესპანიოლი“ (1990-1991), „სევილია“ (1993-1995),  „ვალენსია“ (1995-1997), „რეალ ოვიედო“ (1999-2000), „მალიორკა“ (2000-2001) და „ფენერბაჰჩე“ (2008-2009).

ლუის არაგონესის თავკაცობით ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

მორიენტესი: „ალონსოს არყოფნა „რეალისთვის“ სერიოზული დანაკლისია“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი თვლის, რომ „სამეფო კლუბისთვის“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ჩაბი ალონსოს არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბასკი ნახევარმცველი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

„ალონსო გუნდის თამაშს აბალანსებს და „რეალის“ მამოძრავებელ ძალად ითვლება. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მისი არყოფნა კლუბისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება“, – მორიენტესის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრა ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი