დღეს 18 ივნისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა „დილას“ უკვე მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის მასმედიისა და გულშემატკივრის წინაშე წარდგენა. გთავაზობთ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ დიალოგს.
უჩა სოსიაშვილი („დილას“ მთავარი მწვრთნელი): „ბოლო პერიოდში ამ გუნდმა დაიწყო აღორძინება, მოიგო საქართველოს თასი, გავიდა მეორე საპრიზო ადგილზე და ევრო ტურნირებზეც მშვენივრად იასპარეზა. ჰყავს ძალიან კარგი გულშემატკივარი რაც ძალიან მახარებს და ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებ ამ კლუბის წარმატებისთვის.“
ვანო ხორგუაშვილი („დილას“ სპორტული დირექტორი): „პირველ რიგში მინდა წარმატება ვუსურვო უჩას ამ თანამდებობაზე, ამბიციური მწვრთნელია და მჯერა რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს.“
თუ შეგიძლიათ გვითხრათ კონტრაქტის ვადის შესახებ და კლუბის სამომავლო მიზნებზე
ვანო ხორგუაშვილი: „მინდა გითხრათ რომ 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა კლუბსა და სოსიაშვილს შორის.
ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს შედგენილი და დარწმუნებული ვარ ამ გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას.“
უჩა სოსიაშვილი: „ერთი ისაა აღსანიშნავი რო მოხდა და გაფორმდა ორწლიანი ხელშეკრულება. ყველამ კარგად იცის რომ კლუბში ჩამოყალიბებული იყო ასეთი ტენდენცია, ყოველ ახლად დანიშნულ მწვრთნელსა თუ ფეხბურთელს უფორმდებოდა ნახევარწლიანი ხელშეკრულებები. იმის თქმა მინდა, რომ კლუბს აქვს განვითარების გეგმა და უბრალოდ ფინანსებზე არის აქ ყველაფერი დამოკიდებული შემდგომში რა და როგორ გავაკეთოთ. იმედია იქნება შესაბამისი თანხები რათა კლუბსა და საფეხბურთო სკოლას მაქსიმალურად მივაქციოთ სათანადო ყურადღება.“
„სამტრედია“ და გორის „დილა“ განსხვავდება ერთმანეთისგან და საინტერესოა რის გაკეთებას აპირებთ ამ კლუბში.
უჩა სოსიაშვილი: „ბევრი ითქვა და ალბათ ბევრიც ითქმება და მე ერთს ვიტყვი, რომ 23 წლის ვიყავი როდესაც „სამტრედიაში“ დამნიშნეს მთავარ მწვრთნელად. რათქმაუნდა, განსხვავდება ქვეყნის პირველი ლიგა და უმაღლესი ლიგა ერთმანეთისგან და ეს კარგად მესმის, მაგრამ აქ არის მთავარი ერთი რამ, მე ვარ პროფესიონალი მწვრთნელი, რომელსაც აქვს „A“ კატეგორია, მაქვს დაგროვილი გარკვეული გამოცდილება და მზად ვარ გამოვიდე და ვიმუშავო უმაღლეს ლიგაში. ჩემთვის ასაკი ბარიერი ნამდვილად არ არის და ფეხბურთელებისთვისაც დარწმუნებული ვარ რომ არ იქნება, რადგან ისინი პროფესიონალები არიან, ჩვენც პროფესიონალები ვართ და უნდა ვაკეთოთ ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ფეხბურთში.“
თუ გაქვთ უკვე რაიმე მონახაზი ვინ დატოვებს გუნდს და ვის დაიმატებთ.
„რათქმაუნდა უკვე მონახაზიც არის და გარკვეულიცაა ვინ დატოვა გუნდი, ისიც გარკვეულწილად ცნობილია ვის დავიმატებთ, უბრალოდ ამ ეტაპზე არ შემიძლია ეს რომ გავახმაურო იქიდან გამომდინარე რომ კიდევ რაღაც საკითხები ირკვევა და შეიძლება ხელი შეგვეშალოს იმ ფეხბურთელების მოყვანაში ვინც ჩვენ გვჭირდება.“
არის ინფორმაცია რომ ირაკლი მოდებაძე გორის „დილაში“ დაბრუნდება.
„ნამდვილად იყო საუბარი, მე პირადად არ მილაპარაკია მასთან, თუმცა ჩემი პირადი მოთხოვნა იყო ხელმძღვანელობასთან, რომლებიც შეხვდნენ და თანხმობაც არის, მაგრამ იგივეს ვიტყვი აქ ყველაფერი არის ფინანსებზე დამოკიდებული, რადგან თუ მოგცეს იმის უფლება რომ მოვიყვანოთ ამ გუნდში ასეთი დონის ფეხბურთელები აუცილებლად მოდებაძე იქნება ჩვენთან და დაეხმარება კლუბს მიზნების მიღწევაში.“
საინტერესოა ალბათ ყველასთვის და გულშემატკივრისთვისაც როგორი სტილის ფეხბურთს ითამაშებს გუნდი დაცვით ფეხბურთს თუ შეტევითს.
„ყველას შეტევა გვიყვარს, გოლების გატანა და სანახაობრივი ფეხბურთი გვიზიდავს და ჩვენც შევეცდებით მაქსიმალურად ეს შევასრულოთ, მაგრამ მაინც გააჩნია გუნდს, მოწინააღმდეგეს და ჩვენს მდგომარეობას.“
მწვრთნელების გუნდის ჩამოყვანას ხო არ აპირებთ „დილაში“.
„არა. უბრალოდ ჩვენთან ერთად იმუშავებს ფიზ მომზადების მწვრთნელი მილოვან მატიესევიჩი,ეს გახლავთ წარმოშობით სერბი, რომელიც აქამდე მუშაობდა რუსთავის „მეტალურგში“. მასთან სხვა კლუბებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუმცა მატიესევიჩს პირადად ვიცნობ და მაქვს მასთან ახლო ურთიერთობა, მაგრამ ბოლოს მაინც ფინანსებთან მივდივართ და იმედი მაქვს რომ ყველაფერი მოგვარდება და ეს კაცი ჩვენთან გააგრძელებს მუშაობას.“
„დილას“ პრესსამსახური