ანრი ფაბრეგასზე პირველი შეხვედრისას: “ეს ვინ ოხერია?”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ სესკ ფაბრეგასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ესპანელი ნახევარმცველი “მეთოფეთა” რიგებში 2003 წელს გადავიდა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო.

“მახსოვს მასთან პირველი ვარჯიში. მაშინ საკმაოდ ცუდი ვარცხნილობა მქონდა, თუმცა ფაბრეგასის ვარცხნილობა კიდევ უფრო უარესი იყო. დიდი ზომის ფორმებით გვიწევდა ვარჯიში, ყველას დიდი გვქონდა, მაგრამ სესკს კაბასავით ეცვა.

მივედი ვენგერთან და ვკითხე: “ეს ვინ ოხერია?” არსენმა მიპასუხა, რომ ამ ბიჭმა 17 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ჩემთვის ეს საკმარისი არ იყო და დავინტერესდი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი ან რამე მსგავსი ხომ არ გახდა.

ვარჯიშზე ის პარტიკ ვიეირასა და ჟილბერტო სილვას მოწინააღმდეგე გუნდში მოხვდა და მივხვდი, რომ განწირული იყო, გულში კი წარმატება ვუსურვე, თუმცა… დაიჭირა ბურთი და წაიღო. პატრიკმა და ჟილბერტომ ვერაფერი მოუხერხეს და მივხვდით, რომ ჩვენთან ერთად სათამაშოდ მზად იყო. შემდეგ ინგლისის ლიგის თასის მატჩში გოლიც გაიტანა (გახდა “არსენალის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე – ავტ).

ხალხს ავიწყდება ეს ყველაფერი. ახლა ყველა კევინ დე ბრეინესა და დავიდ სილვას შესახებ ლაპარაკობს. მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სესკი მათი დონის არის. მე ყოველთვის მომწონდა გონიერი მოთამაშეები და ფაბრეგასი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “მირორი”.

ანრი: “მინდა, რომ ოდესმე “არსენალი” ჩავიბარო”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელიც დღესდღეობით “მონრეალს” თავკაცობს, გამოტყდა, რომ სურს, ოდესმე “მეთოფეებს” ჩაუდგეს სათავეში.

“დიახ, “არსენალის” თავკაცობასა და კალათბურთის მოედანზე გასვლასა და სლემ-დანქის გაკეთებაზე ვოცნებობ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი სურვილის ახდენა აუცილებლობა არ არის, თუმცა სანამ მოვკვდები “არსენალის” მთავარ მწვრთნელად მუშაობა მართლაც მინდა”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “კანალ პლუსი”.

ანრიმ “მონაკოში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

“მონაკოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ანრიმ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში იმ ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც სანაკრებო პაუზის დროს ეროვნულ გუნდებში გამოძახებულნი არ არიან.

როგორც მოგეხსენებათ, ტიერი ანრის დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერაში “მონაკო” პირველი გუნდია. მანამდე 41 წლის სპეციალისტი ბელგიის ნაკრების თავკაც რობერტო მარტინესს ეხმარებოდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ცხრა ტურის შემდეგ “მონაკოს” ექვსი ქულით მე-18 პოზიცია უკავია.

ტიერი ანრის სამი კლუბი ეპატიჟება

ბელგიის ნაკრების თავკაცის თანაშემწე ტიერი ანრი დამოუკიდებელ სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, დამდეგი სეზონიდან შეუდგეს.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ ფრანგ სპეციალისტს ერთდროულად სამი კლუბი ეპატიჟება, მათ შორის ერთ-ერთი ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე გუნდი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრიმ სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად ტელეკომპანია “სქაი სპორტსი” დატოვა, სადაც ექსპერტის რანგში მუშაობდა.

როგორც მოგეხსენებათ, ანრი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ.

ტიერი ანრი ბელგიის ნაკრებში გამომუშავებულ ხელფასს ქველმოქმედებაში დახარჯავს

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თანაშემწე ტიერი ანრი ამ პოსტზე მუშაობისას გამომუშავებული ხელფასის სრულ ნაწილს ქველმოქმედებაში დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ახალბედა ფრანგი სპეციალისტის წლიური ჯამაგირი 50 ათას ევროს შეადგენს.

როგორც მოგეხსენებათ, ტიერი ანრი “სქაი სპორტსის” ექსპერტიც გახლავთ. იგი ამ პოზიციაზე მუშაობით წელიწადში ოთხ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ვენგერის სიტყვების შემდეგ ანრიმ “არსენალის” ახალგაზრდული გუნდი დატოვა

ტიერი ანრიმ ლონდონის “არსენალის” 18 წლამდე გუნდის სამწვრთნელო შტაბი დატოვა.

ლონდონური კლუბის თავკაცმა არსენ ვენგერმა ანრის ამცნო, რომ შეუძლებელია ერთდროულად მწვრთნელობა და “სქაი სპორტსზე” ექსპერტად მუშაობა და გუნდის ფეხბურთელების გაკრიტიკება. ამის შემდეგ ანრიმ კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ტიერი ანრის მიზანს უეფას A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მიღება წარმოადგენდა. კურსის დასასრულებლად ფრანგს ახალი გუნდის მოძიება მოუწევს.

ანრი: “ცხოვრებაში ყველაზე ფასეული რჩევა ვენგერმა მომცა”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული რჩევა არსენ ვენგერისგან მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი ანრის 1999-დან 2007 წლამდე თავკაცობდა.

“ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული რჩევა ვენგერმა მომცა. ხანდახან ვწუწუნებდი, რომ თანაგუნდელები კარგ პასებს არ მაძლევდნენ, ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფს ვერ მამჩნევდნენ, თუმცა ვენგერმა ასეთი რამ მითხრა: “მოეშვი სხვების დადანაშაულებას. კითხვა ყოველთვის საკუთარ თავს დაუსვი. საკუთარ თავს ჰკითხე, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ თანაგუნდელებმა კარგი პასი მოგცენ”. ეს რჩევა დღემდე მადგება სასიკეთოდ”, – ციტირებს ანრის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ანრი: “გვარდიოლა ყავის მიმტანთანაც კი მომთხოვნია”

ლონდონის “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, რომელიც ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტად მუშაობს, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა. ფრანგი გვარდიოლას მომთხოვნ სპეციალისტად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ კატალონიელი სპეციალისტი ზაფხულში მიუნხენის “ბაიერნს” დატოვებს და “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.

“გვარდიოლა არამხოლოდ ფეხბურთელებთან, არამედ მასთან მომუშავე ნებისმიერ ადამიანთან მომთხოვნია, თვით ყავის მიმტანთანაც კი. ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს. ეს ყველაფერი ძალისხმევასა და სამუშაო ეთიკას მოითხოვს.

პეპ გვარდიოლას ცვლილებების არ ეშინია. თუ იგი ხედავს, რომ ფეხბურთელი მის სქემას ვერ ერგება, ამას პირდაპირ ეუბნება. იგი მხოლოდ გამარჯვებისთვისა და წარმატებებისთვის იღწვის”, – ციტირებს ანრის სიტყვებს EPSN.

 

ანრიმ A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია აიღო (ფოტო)

ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი სამწვრთნელო მუშაობის დაწყებაზე ფიქრობს.

ფრანგმა A კატეგორიის ლიცენზია აიღო, რომელიც ევროთასებზე მოასპარეზე კლუბებში მუშაობის უფლებას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი “სქაი სპორტსში” საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს.

Henry

ანრი: “მესისა და სუარესის პენალტი უპატივცემულობის გამოხატვა იყო?”

“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტმა ტიერი ანრიმ ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში კატალონიურ გუნდსა და “სელტას” შორის გამართულ მატჩში (6:1) ლიონელ მესისა და ლუის სუარესის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“მესისა და სუარესის პენალტი უპატივცემულობის გამოხატვა იყო? პირველ რიგში, ეს დაშვებულია. მეორე რიგში კი, ფანები ფულს იხდიან, რათა ასეთი გენიალური მოქმედებები იხილონ”, – აღნიშნა ანრიმ.

 

ანრი: “დროა, “არსენალმა” ითამაშოს ისე, როგორც ჩემპიონმა”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტმა” ტიერი ანრიმ აღნიშნა, რომ დროა, “მეთოფეები” საჩემპიონოდ ათამაშდნენ და პრემიერლიგა მოიგონ.

“დროა, გუნდმა იმოქმედოს ისე, როგორც ჩემპიონმა, ითამაშოს ისე, როგორც ჩემპიონმა და გახდეს ჩემპიონი. მინდა, რომ პრემიერლიგა “არსენალმა” მოიგოს”, – დაწერა თავის მიკრობლოგზე ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “არსენალს” მესამე პოზიცია უკავია და ლიდერ “ლესტერ სიტის” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

 

ანრიმ პრემიერლიგის ფავორიტები დაასახელა

ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტი ტიერი ანრი ფიქრობს, რომ ინგლისის ჩემპიონობისთვის ოთხი კლუბი იბრძოლებს. ფრანგის თქმით, “ლესტერ სიტის”, “არსენალს”, “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” პრემიერლიგის მოგების ყველანაირი შანსი აქვთ.

“ტოტენჰემი” არსაიდან გამოჩნდა. მასზე მანამდე არავინ საუბრობდა, როგორც ერთ-ერთ ფავორიტზე. “დეზები” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის”. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მათ ერთ-ერთ ფავორიტად დავასახელებდი, თუმცა რეალობა ასეთია. ეს ოთხი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის.

“არსენალმა” “ჩელსის” ისევ ვერ მოუგო. ეს უკვე ერთგვარი წნეხია. უკვე ყოველ ჯერზე ვკითხულობთ, საერთოდ შეუძლიათ თუ არა “მეთოფეებს” “ლურჯების” დამარცხება. ექნება თუ არა ამ მარცხს გავლენა საჩემპიონო ბრძოლაზე? ვფიქრობ, რომ ექნება. შეცდომას ყველა გუნდი უშვებს და ამ შეცდომას მეტოქეები ერთმანეთს არ პატიობენ”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.