საქართველოში დაბრუნების და ლანჩხუთის “გურიაში” თამაშის შემდეგ ნუგზარ კვირტიამ კარიერის გაგრძელება კვლავ საზღვარგარეთ გადაწყვიტა და მიმდინარე სეზონის სტარტზე ტუნისს მიაშურა, სადაც ადგილობრივი “ზარზისის” მოთამაშე გახდა. 30 წლის ნახევარმცველს ტუნისური ამბების გასაგებად დავუკავშირდით, თუმცა მოთამაშემ საკმაოდ უსიამოვნო ფაქტების შესახებ გვიამბო.
– საინტერესოა როგორ აღმოჩნდა ქართველი ფეხბურთელი ტუნისში და რისი თქმა შეგიძლიათ ადგილობრივ ფეხბურთზე?
– ტუნისში მოხვედრა ჩემი ფრანგი ახლობლის დახმარებით მოვახერხე. “გურიიდან” წასვლის შემდეგ ბაქოში წავედი ოჯახთან, როდესაც ტუნისის ვარიანტი გამოჩნდა, რაზეც დავთანხმდი და ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.
შთაბეჭდილებები თავიდან ძალიან კარგი იყო. ტუნისში ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზეა. ჩემი გუნდი მეორე ლიგიდან წელს გადმოვიდა და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა კარგად დავიწყეთ – 15 მატჩში მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით. თუმცა, 31 დეკემბერს გუნდთან კონტრაქტი გავწყვიტე და იძულებული ვიყავი ტუნისი დამეტოვებინა. ბოლოს საქმე მუქარამდეც კი მივიდა…
– რა გახდა მოვლენათა ასეთი განვითარების მიზეზი?
– პრობლემა ის იყო, რომ პრეზიდენტს კონტრაქტის გაფორმებიდან მალევე ჩემი გაყიდვა სურდა, რათა ფინანსურად ეხეირა. მაგრამ, ტრანსფერი არ შედგა და მასაც ჩემთვის ხელფასის გადახდა აღარ უნდოდა. კონტრაქტში წლიური ბონუსები და პრემიალურებიც იყო გათვალისწინებული, რაც საკმაოდ დიდი თანხა გამოდიოდა. ხელფასს 4 თვე არ მიხდიდნენ… ორი ადვოკატი დავიქირავე, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩასვლის დროს 5-დღიანი ვიზა მქონდა. კლუბში მითხრეს, რომ გახანგრძივება საჭირო არ იყო. სიტუაცია, რომ აირია საელჩოში დავრეკე და მითხრეს, რომ ვიზა აუცილებელი იყო და მე მისი არქონის გამო ჯარიმა მქონდა გადასახდელი. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას გამუდმებით ვეუბნებოდი, თუმცა ისინი ყურადღებას არ მაქცევდნენ.
– ფიფაში ჩივილზე ხომ არ გიფიქრიათ?
– ფიფაში რომ მეჩივლა თანხას ტუნისურ დინარებში მომცემდნენ და სავიზო პრობლემების გამო ფულს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვერ გავიტანდი. ამიტომ დალოდება და პრობლემის მოგვარება ვამჯობინე. პრეზიდენტმა ისიც მითხრა, რომ სჯობს კონტრაქტი შეგვეწყვიტა და გამაფრთხილა რომ, ქალაქში უკმაყოფილოები არიან ჩემი ხელფასის ოდენობით, ჩემი მისამართიც იციან და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მომცემდა. ეს მუქარა და ჩემთან ჩხუბში გადაიზარდა, რაც დიქტოფონზეც მაქვს ჩაწერილი… საბოლოოდ, ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი. თანხის ნაწილი ხელზე ავიღე, 4 თვის ხელფასი კი პარიზში იყო, სადაც ჩემი ახლობელი ჩავიდა ბარსელონიდან და ფული შემდეგ მე ბაქოში გამომიგზავნა.
ბოლოს კლუბის პრეზიდენტმა პოლიციას დაურეკა და შეატყობინა, რომ მეორე დღეს მივფრინავ და ვიზა არ მაქვს. ბილეთი შევცვალე და დედაქალაქში გავიპარე, სადაც კორეელი ქრისტიანები ცხოვრობდნენ მეზობლად. მადლობა უფალს, რომ ეს ხალხი შემახვედრა… საბოლოოდ, “ზარზისთან” ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე და ტუნისიდან წამოვედი.
– ახლა რას აპირებთ?
– ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ და ახალ კლუბს ვეძებ.
– საქართველოდან თუ დაგიკავშირდათ რომელიმე კლუბი?
– “გურიას” ველაპრაკე, როცა პრობლემები მქონდა და პასუხი ვერ გავეცი. სიტუაციის დალაგების შემდეგ მეორედ დავუკავშირდი, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.