დავით ქაცარავა: “თბილისის მერიამ გვითხრა, თანხები არ გვაქვს და არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო”

საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ვრცელ და საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

“ჩემო მეგობრებო!!!
ძალიან შევეცადე ეს პოსტი დამეწერა ცივი გონებით და მინიმალური ემოციით, არ ვიცი რამდენად გამომივა, თუმცა შევეცდები.
ბოლო წლების განმავლობაში ვინც თვალყურს ადევნებით ჩემს პოსტებს კანოესა და ჯომარდობასთან დაკავშირებით, შეამჩნევდით, რომ ჩემი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, შეფასებები და ზოგადი მიდგომა ძალიან ლოიალური, პოზიტიური და ფაქტიურად 0 – ვანი კრიტიკის შემცველი იყო. ალბათ იმიტომ რომ ყოვეთვის ვცდილობ ვეძებო ყველაფერში პოზიტივი და ნეგატივზე უარს ვამბობ, ვცდილობ ყოველთვის რაიმე გამართლება ვუპოვო ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენას, გაგებით მოვეკიდო უარებს. არ ვიცი ეს რამდენად სწორია…ყოველივე ეს შესავლის ნაცვლად..
ალბათ ყველას გახსოვთ რიოს ოლიმპიადა, ზაზა ნადირაძის გამოსვლა,სიხარული, სიამაყე, გულდაწყვეტა და მომავლის იმედი, საყოველთაო ეიფორია და მთავრობის ხმამაღალი დაპირება – კანოეს ამიერიდან სხვანაირად მივხედავთო!!!!ჩვენც, ფედერაციის წევრები,მწვრთნელები, სპორტსმენები ძალიან დაიმედებულები და ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ხომ შევძელით და ეს არაჩვეულებრივი სპორტის სახეობა გამოვიყვანეთ ღრმა კრიზისიდან და შევძელით სრულიად დამსახურებულად საზოგადოების და მთავრობის ყურადღების მიპყრობა, შევძელით დაგვერწმუნებინა ყველა რომ აქაც დიდი პერსპექტივები გვაქვს და ჩავთვალეთ რომ პრემიერ მინისტრის სიტყვები ჩვენი სახეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველამ მკაფიოდ გაიგო.
მ/წ – ის 22 სექტემბერს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ შეიტანა წერილი ქ.თბილისის მერიაში ამავე წლის 21–23 ოქტომბერს ქ. ფოთში ჩასატარებელ საქართველოს თასზე თბილისის კანოე–კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა – 2 350 ლარი. გუნდის შემადგენლობა – 10 სპორტსმენი, 3 მწვრთნელი. ტურნირის ძირითადი მიზანი – ახალგაზრდული ნაკრების ფორმირება, რომელიც მზადებას დაიწყებს მომავალ წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს ახალგაზრდული ნაკრები კანოეს მომავალია, არის შანსი, რომ კიდევ მრავალი ზაზა ნადირაძე გამოჩნდება ასპარეზზე.
გუშინ, 18 ოქტომბერს ჩვენ მივიღეთ პასუხი თბილისის მერიიდან – ალბათ არ არის საჭირო ახსნა რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მაინც დავწერ – უარი.თანხების არ არსებობის გამო. არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო.
მსურს დაგამშვიდოთ – 13 კაციანი შემადგენლობა მაინც გაემგზავრება ამ შეჯიბრზე და ამ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ ახალგაზრდულ ნაკრებში მოსახვედრად.
ეს თანხა გადახდილი იქნება ჩემი პირადი სახსრებიდან, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე დახარჯულა ჩემი და ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კახა ლომიშვილის ჯიბიდან. ეხლა არ დავიწყებ ჩამოთვლას, რა თანხხები იყო ეს. ამიერიდან არც ერთ ასეთ შემთხვევას არ გავატარებ.
ნუთუ ეს არის ის დაპირებული სხვანაირი მხარდაჭერა????ნუთუ არჩევნები შეიძლება იყოს მიზეზი სპორტსმენების არ დაფინანსების???? რატომ გვაცნობეს ასე გვიან, 18 ოქტომერს ფულის არარსებობის შესახებ, რომელიც თურმე არჩევნების მეორე ტურზე არის მიმართული????ესე გვინდა სპორტი განვავითაროთ???ესეთი მიდგომით არაფერი გამოვა!!!!!ეს ჩემთვის და ვფიქრობ მთელი სპორტული სამყაროსთვის ძალიან ცუდი სიგნალია!!!მე მართლა ძალიან შეშფოთებული ვარ ასეთი სიტუაციით!!!
ის იმედი, მუხტი,სიხარული, რწმენა იმისა რომ აწი სხვანაირი მხარდაჭერა გვექნება, ძალიან შეირყა დღევანდელი ფაქტის შემდეგ. მე არ ვიშვერ ხელს კონკრეტული პიროვნებების მიმართულებით, იმედი მაქვს რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ იყო. ეს არის სისტემის ნაკლოვანება, რომელიც მთელი თავისი რესურსით მომართულია პოლიტიკურ ბრძოლაზე და ნაკლებად აინტერესებს სპორტის განვითარება თუ კონკრეტულ მოცემულ მომენტში პარლამენტში დამატებითი ხმა ჭირდება.
ძალიან გაკვირვებული ვარ ასევე სახელმწიფოს გულგრილობით, რომელიც მან გამოიჩინა ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 22–28 მაისს ბორჯომში, მდინარე მტკვარზე. სრული იგნორი!!!!რატომ ბატონებო, ჩაიარა არჩევნებმა და მხოლოდ 2019 წელს გახდება აქტუალური ჩვენი ხმები?????
ყველამ ძალიან კარგად იცის რომ მე 100% აპოლიტიკური ადამიანი ვარ!!!!!მე ვაკეთებ ჩემ საქმეს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად და უკეთესად წარმოჩენაში ეხმარება ჩვენს მთავრობას. ხაზს ვუსვამ – ეს პოსტი ჩემი გულისტკივილის გამოძახილია და არავითარ შემთხვევაში არც ერთი პარტიის ინტერესებს არ ემსახურება, არავისი მხარდამჭერი არ ვარ გარდა ჩემი ქვეყნისა!!!!!
ყველას, ვინც წაიკითხა ეს პოსტი ბოლომდე, გთხოვთ გაავრცელოთ და არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პრობლემა!!!!
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს წერილი ადრესატამდე მივა.ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გახდება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის “შავ სიაში” შეყვანის მიზეზი!!!!!!!!!!
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
დავით ქაცარავა”

დავით ქაცარავა კალათბურთის შესახებ

დავით ქაცარავას ქართული საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს. ის ხალხმა ჯერ როგორც რაფტინგის ანუ ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი, ისე გაიცნო,  შემდეგ კი მსახიობის და ტელეწამყვანის ამპლუაში მოგვევლინა. დათო ძალიან აქტიური პიროვნებაა და თავისი საქმიანობით მუდმივად უწევს პოპულარიზაციას ცხოვრების ჯანსაღ წესს.  სპორტი მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანი ნაწილია და არაერთ სახეობას საკმაოდ კარგ ფლობს, მათ შორის, კალათბურთსაც. დათო სპორტის სასახლეში სუპერლიგის ფინალური სერიის თამაშს დაესწრო და შემდეგ სპორტულ და საკალათბურთო თემებზე საკმაოდ საინტერესოდ გვესაუბრა.

 

 

სპორტი

ბავშვობაში  ვოცნებობდი პროფესიონალი სპორტსმენი გავმხდარიყავი  და პრინციპში, ცუდი მონაცემები არ მქონია, მაგრამ მამაჩემმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროფესიონალი  არ გამოვსულიყავი და  აბსოლუტურად ყველა სპორტზე მატარა. J  სპორტის ყველა სახეობაზე ვგიჟდებოდი,  კალათბურთს  რომ ვითამაშებდი, მერე ფეხბურთის დრო დგებოდა, შემდეგ  ჩოგბურთის. დავდიოდი  კარატეზეც.

ვფიქრობ კარგია, რომ ეს ასე მოხდა. სპორტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და ჩემთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ  ჩემი ცხოვრებით და საქმიანობით პროპაგანდას ვუწევ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ძალიან ბევრ სახეობაში ვართ ჩართული, ზოგში როგორც მოყვარული, ზოგიერთში კი როგორც  პროფესიონალი.

 

ჯომარდობა

ჩემს ცხოვრებაში ჯომარდის აღმოჩენა ჯერ ქვეცნობიერში  მოხდა,  რეალიზება  კი – წლების შემდეგ. 13-14 წლის ვიყავი, როცა  ჩვენს კომუნისტურ ბავშვობაში ერთ-ერთი გადაცემიდან დამამახსოვრდა  საჯომარდო კადრი, მაშინ ის საერთაშორისო ტერმინით, რაფტინგით იყო ცნობილი.  გავიფიქრე, ამ ნავში ალბათ ცხოვრებაში ვერ ჩავჯდები-მეთქი, მაგრამ ოცნებად მაინც დამრჩა.  ეს ფაქტი შემდეგში აღარც მახსოვდა, მაგრამ 11 წლის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე საქართველოში ამის  შესაძლებლობა. მეგობარს,  მამუკა ბურდულს რამოდენიმე საჯომარდო  ახალი შემოტანილი ჰქონდა საქართველოში. უბრალოდ ჩავჯექი ნავში და იქ ჩემი თავი ვიპოვე. მივხვდი, რომ ამის გარეშე აღარ შემეძლო ცხოვრება. მე და ჩემს მეგობრებს  უზომოდ შეგვიყვარდა ეს სახეობა და ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ სიტყვა ჯომარდობა  პოზიტივთან, ცხოვრების ჯანსაღ წესთან და გართობასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

 

კალათბურთი

კალათბურთი ერთ-ერთი ულამაზესი სახეობაა საყურებლადაც და სათამაშოდაც. ვგიჟდები ამ სპორტზე.  მთელი ბავშვობა ვთამაშობდი კალათბურთს.  ვერ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ ჩემი კუმირი იყო ჯორდანი. იმდენად მიყვარდა, რომ როცა ჯორდანი სპორტიდან წავიდა, ჩემთვის კალთბურთი მოკვდა. ჯორდანის შემდეგ კალათბურთს ისე ვეღარ ვუყურებ.  ერთადერთი გამონალისი ეროვნული ნაკრების თამაშებია, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვესწრები. ჯორდანის კალათბურთიდან წასვლის ფაქტორმა დაამთავრა ჩემთვის კალათბურთის აქტიური ყურება და ღამეების თენება. თუმცა თამაშისთვის დროს ყოველთვის ვპულობდი. პროფესიონალურად არ გავყოლილვარ ამ სპორტს,  მაგრამ 90-იან წლებში ორი სეზონი სტუდენტურ ლიგაში ვთამაშობდი სტუ-ს შემადენლობაში. მახსოვს ფინალში უნივერსიტეტთან დავმარცხდით და  მეორე ადგილი ავიღეთ. ეს იყო გია კაზანჯიანის, ზვიად ბაბიაშვილის პერიოდი და  ერთად გვიწევდა თამაში.

შემდეგ,  თუ არ ვცდები, 1999 წელს,  საქართველოში ჩატარდა ერთ-ერთი პირველი ტურნირი  ქუჩის კალათბურთში. იქ შემთხვევით მოვხდი და ‘’ფორტუნა+’’-ის სახელით ვიასპარეზე. გუნდმა ვერ აჩვენა განსაკუთრებული  შედეგი, მაგრამ იმას მივაღწიე, რომ  ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და ბომბარდირიც გავხდი. ეს იყო ჩემი „საკალათბურთო კარიერის“ ერთგვარი დაგვირგვინება.

შარშანაც გავიხსენე ახალგაზრდობა და მონაწილოება მივიღე Red Bull King of the Rock-ის ტურნირში, სადაც ახალგაზრდა თაობისთვის ალბათ უცნაური და მოულოდნელი იყო ჩემი მოედანზე გამოჩენა და კალათბურთთან ასეთი მჭიდრო კავშირი.  არ ვიყავი სათანადო ფორმაში და ამ ტურნირიდან მალევე  გამოვვარდი, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში ძალიან მაგარი გუნდი შეიქმნა – „კაკტუსი“ და  და ქუჩის კალათბურთის ტურნირიც მოვიგეთ. რომ არაფერი ვთქვა ორგანიზებაზე, მხოლოდ შემადგენლობის გამო ღირდა იქ თამაში.

ისე გამოდის,  თითქოს მხოლოდ შედეგებზე ვსაუბრობ,  მაგრამ ვცდილობ, უფრო კარგად წარმოვაჩინო ჩემი დამოკიდებულება კალათბურთის მიმართ. მე ამაყი ვარ ქართული კალათბურთით და იმით, რომ ასეთ რთულ პირობებში გვყავს ძალიან მაღალი დონის კალათბურთელბი. ბიჭები მართლა ძალიან მაგრები  არიან და იმ შედეგს, რასაც აჩვენებენ, დამატებითი სტიმული და წახალისება სჭირდება.

სუპერლიგა

სუპერლიგა უკვე კარგი სახელია, ძალიან სწორად შერჩეული.  ბოლო დროს აქტიურად ვერ ვადევნებდი  ჩემპიონატს თვალს, მაგრამ ერთი პერიოდი ხშირად დავდიოდი „სოხუმის“ თამაშებზე და  ვგულშემატკივრობდი  ამ  კარგ და ჯანსაღად ამბიციურ გუნდს.  სიმართლე გითხრათ,  მომწონს სუპერლიგის ორგანიზება, მაგრამ არ მომწონს გულშემატკივრების გულგრილობა. როცა თამაშებზე მოვდივარ, მსურს რომ  ნახევარად სავსე დარბაზს მაინც ვხედავდე, რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება.  ისმის  წუწუნი, რომ კალათბურთელები ვერ თამაშობენ, მაგრამ  გაავსონ  გულშემატკივრებმა დარბაზი და ნახავენ, როგორ  იასპარეზებენ  ბიჭები. უდიდესი სტიმულია, როცა გყავს მაყურებელი, სულ  სხვანაირად თამაშობ და ეს არის უმნიშველოვანესი ფაქტორი. გულგრილობა  კი ძალიან სერიოზული პრობლემაა.  მერე რა, რომ ვერ ვაჩვენებთ  ნბა-ს ან წამყვანი ევრიპული ჩემპიონატის დონეს.  უნდა გაიზარდო, შენი მოსვლით  და ბილეთის შეძენით უნდა შეუქმნა  მოთამაშეებს სტიმული და პირობები, შენი მცირე ინვესტიცია ჩადო განვითარებაში.  სუპერლიგა უკვე დიდი ხანია  არსებობს და მისი განვითარება სრულიად ნათელია.

შარშანდელი სეზონიდან კარგად მახსოვს ,,ოლიმპის“ გუნდი.  იმ პერიოდში სპორტკომოპლექს „არენას“ დირექტორი ვიყავი და ძალიან მომწონდა  ამ კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობის და გუნდის განვითარების სტილი. „ოლიმპმა“ აქცენტი ფიზიკურ კონდიციებზე გააკეთა,  რაც დიდი პრობლემაა ზოგადად ქართულ სპორტში. ამის გარეშე სპორტი ვერ იარსებებს. გუნდს შესანიშნავი ფიზ.მომზადების მწვრთნელი ჰყავდა – რეი გაეტანო, რომელმაც  სერიოზული სამუშაო ჩაატარა და მშვენიერ შედეგსაც აჩვენებდა. ზოგადად, ქართველი კალათბურთელები ხშირ შემთხვევაში საეთაშორისო დონეს ვერ აკმყოფილებენ, მაგრამ რამოდენიმე თვეში გაეტანოს დახმარებით ბიჭები სპორტულ და   ევროპულ სტანდარტებზე მოვიდნენ. შესაბამისად, კარგ თამაშებსაც აჩვენებდნენ.

ასევე, ძალიან მომწონს „დინამოს“, ამ უდიდესი ტრადიციების და ტიტულის მქონე კლუბის სერიოზული მიდგომა საქმისადმი, მაგრამ, ზოგადად, დონემ უნდა აიწიოს. მოხდეს  გულშემატკივრის, სპორტული მენეჯმენტის დონის ამაღლება.  ვთვლი, რომ კალათბურთი პოპულარულია და  კარგ შედეგაც ვაჩვენებთ, მაგრამ ბუნებრივია, უფრო დიდი შედეგი გვინდა, ამისთვის კი  ბევრი რამ არის დასალაგებელი. მხოლოდ  მენეჯმენტის ხარჯზე ვერ მოხდება ეს.  ამ ყველაფერს, სახელმწიფოს, ბიზნესმენების და უბრალო მოქალაქეების  გვერდში დგომა სჭირდება.

 

ეროვნული ნაკრები

ნაკრებისგან  ყოველთვის მაგარ თამაშს  ველოდები. ამას  უკვე შეგვაჩვიეს ჩვენმა კალთბურთელებმა, ისევე როგორც „ბორჯღალოსნებმა“. რომც აგებდნენ, ვერასდროს ვიტყვი, რომ   ბოლომდე არ დაიხარჯნენ ან თავი დაზოგეს. ამიტომაცაა, რომ  ნაკრები ყოველთვის იმსახურებს სავსე არენას და   ყოველთვის გადაჭედილია დარბაზი.  ის სიხარული, რაც  ევროპის ჩემპიონატზე მოგვანიჭეს ბიჭებმა, დიდი სტიმული იყო ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის და მსურს წარმატებები ვუსურვო ჩვენს მაგარ ნაკრებს.  დარწმუნებული ვარ, წლევანდელი ასპარეზობა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

 

ემოციები

ნაკრების თამაშებიდან ყველა ემოციური იყო და კონკრეტულად ვერცერთს ვერ გამოვყოფ.  უამრავ  ძლიერ გუნდთან მოუწიათ ბიჭებს ასპარეზობა და პირადად რასაც დავესწარი, მარტივად არცერთი მატჩი არ დასრულებულა და დაძაბულობა ყოველთვის იყო.

ყველაზე ემოციურად  მახსოვს 90-იან წლებში  „ვითა“ – „დინამოს“ დაპირისპირებები.  ძნელია იმის გადმოცემა, რა ხდებოდა სპორტის სასახლეში.  ისეთი დაძაბულობა იყო საკლუბო დონეზე, რომ სანატრელად მახსენდება და მსურს, მალე დაბრუნდეს ის დრო და არა მხოლოდ ნაკრებზე,  სუპერლიგაზეც გვქონდეს ასეთი ბრძოლები. არანორმალური გულშემატკივრობა და დაძაბულობა იყო თამაშებზე. არ ვიცი, ,,ვითა’’ – ,,დინამოს’’ თამაშები რას შევადარო. ეს იყო საკალათბურთო გულშემატკივრობის პიკი.

 

პრობლემები

საქართველოს ნაკრების თამაშებზე დავდივარ და როცა ვახერხებ სუპერლიგასაც ვესწრები.   ვისურვებდი, რომ უფრო მეტად მოხდეს  თამაშების გრაფიკის გაჟღერება და  ინფორმაციის მოწოდება.  მე დიდად არ ვმეგობრობ ინტერნეტთან და ტელევიზიასთან, მაგრამ მეტად რომ იყოს,  სასურველია.

ვფიქრობ, დიდი  პრობლემა  გვაქვს  სპორტულ მენეჯმენტში, რომელიც გადასაწყვეტია სისტემურად და  არა ცალკეული ფედერაციების და კლუბების დონეზე. მიმაჩნია, რომ სპორტული მენეჯმენტის სპეციალობაა შემოსაღები და ამ დარგში  უცხოელ სპეციალისტებს ვისურვებდი, რადგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.

სპორტში ძალიან კარგად  ვარ ჩახედული, ჯომარდობის ფედერაციის  პრეზიდენტი ვარ და საკმაოდ  დიდ სირთულეებთან მიწევს გამკლავება. სპორტს  ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება,  რაც ცოტა პრობლემატურია ჩვენს პრობებში. სპორტის სხვა სახეობებს მოვუწოდებ, რომ უფრო მეტად მოინდომონ, ბოლომდე დაიხარჯნონ, მიბაძონ კალთბურთს, რაგბს, ჭიდაობას. რადგან ქართველებს ნამდვილად დიდი პოტენციალი გვაქვს.

 

მიმართვა გულშემატკივარს

უნდა დავუდგეთ  გვერდში არა მხოლოდ კალათბურელებს, არამედ ერთმანეთს და სუპერლიგაც  ძლიერი და მაგარი  იქნება. მიეცით ბიჭებს  სტიმული, რათა უფრო  მაგრად ითამაშონ. როცა დაინახავენ, რომ მაყურებელი  მათ თამაშებზე დადის,  შეუძლებელს გააკეთებენ და გაჩუქებენ ძალიან კარგ თამაშს.

 

რჩევები დამწყებ სპორტსმენებს

აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა. თუ გინდა პროფესიონალი სპორტსმენი გახდე და გარკვეულ კლასს მიაღწიო,  ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი, იმ სიამოვნების უდიდეს ნაწილზე,  რასაც  ყოველდღიურად ვიღებთ ცხოვრებისგან.  გართობა,  სიამოვნება და პროფესიონალური სპორტი  ერთად არ გამოვა. სამწუხაროდ, მე ხშირად  ვხედავ, რომ  სპორტსმენები ისე იქცევიან, როგორც მოყვარულები.  საკუთარ თავზე მუშაობა  და იმ საქმის სერიოზულად, ბოლომდე აღქმა, რასაც აკეთებ, ძალიან რთულია, მაგრამ უნდა მოახერხო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლოს ნახევრად პროფესიონალი და ნახევრად მოყვარული  იქნები, ,,ბირჟაზე’’ ერთ ხელში ლუდით, მეორე ხელში სიგარეტით და იტყვი,  როგორ არ გაგიმართლა ცხოვრებაში.

superleague.ge