იტალიის სუპერთასი 23 დეკემბერს შედგება

იტალიის სუპერთასის მატჩი, რომელიც ტურინის „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის გაიმართება, 23 დეკემბერს შედგება. ქართველებისა არ იყოს, იტალიელებმაც საკმაოდ უცნაურ დროს დანიშნეს სუპერთასის შეხვედრა, თუმცა მათი ეს გადაწყვეტილება ნეაპოლელთა თხოვნით არის გათვალისწინებული. „ნაპოლის“ სურს, რომ ზაფხულის დამლევს სრული კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააკეთოს. ამიტომ, ნეაპოლელთა თხოვნით ქვეყნის სუპერთასი წლის მიწურულს შედგება. შეხვედრის ჩატარების ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „ბებერი ქალბატონი“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ნეაპოლიტანურმა კლუბმა კი თასი მოიგო.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ იტალიის სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გაიხსნება, გათამაშების დასკვნითი შეხვედრა კი 2015 წლის 31 მაისს შედგება.

ბექა დოგრაშვილი