მარიან ვაიდა: „ნოვაკმა რწმენა დაკარგა“

ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა მარიან ვაიდამ სერბი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალთან „როლან გაროსის“ ფინალურ მატჩში წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ნადალმა შეხვედრა ოთხ სეტში 3:6, 7:5, 6:2, 6:4 მოიგო.

„მატჩი უცნაური გამოდგა. რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რაფამ დღეს ნოვაკს აჯობა. ნოვაკმა თამაში კარგად დაიწყო და პირველ სეტში ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა შემდეგ სეტებში ბალანსის შენარჩუნება ვერ შეძლო, თანაც რაფამ სისწრაფეს მოუმატა. ამის გამო ჯოკოვიჩს ბურთს მოგერიება სულ უფრო და უფრო უჭირდა. არ ვიცი, მიხვდნენ თუ არა ამას მაყურებლები.

შემდგომ ნოვაკმა რწმენაც დაკარგა და ამასთან ერთად მას კუჭის პრობლემაც ჰქონდა. როდესაც ნადალის წინააღდეგ თამაშობ და თამაშის სადავეებს ვერ აკონტროლებ, სიტუაციის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. მეოთხე სეტში ნოვაკმა უკუბრეიკი გააკეთა, მაგრამ რაფამ სეტის მოგება მაინც შეძლო. „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში წაგება ორმაგად არასასიამოვნოა, თუმცა ეს სპორტია“, – განუცხადა ვაიდამ საფრანგეთიას ღია პირველობის ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი