იტალიის სერია B-ში მოასპარეზე “მოდენამ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერნან კრესპო გაათავისუფლა.
შაბათს “მოდენამ “კალიარი” მიიღო და მეტოქეს 93-ე წუთამდე ამარცხებდა, თუმცა შემდეგ ორი ბურთი გაუშვა და მიმდინარე გათამაშებაში მორიგი, რიგით მე-18 მარცხი იგემა.
წაგებული შეხვედრის შემდეგ “მოდენას” ტიფოზები სტადიონის პრესცენტრში შეიჭრნენ და კლუბის პრეზიდენტ ანტონიო კალიენდოსთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ეს უკანასკნელი ადგილზე არ იმყოფებოდა.
საბოლოო ჯამში, “მოდენას” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერნან კრესპოს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში.
“მოდენას” სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიცია უკავია და მხოლოდ 1 ქულა აშორებს გასავარდ ზონას.