“ზესტაფონის” მატჩი რეგიონალური ლიგის წარმომადგენელთან

2014 წლის 15 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის დაწყებისათვის ემზადება, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი რეგიონალური ლიგის წარმომადგენელს, თანაქალაქელ ”მარგვეთი-2006”-ს დაუპირისპირდა.

მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდი ორი შემადგენლობით ათამაშა. შესვენებისას “ზესტაფონის” რიგებში ერთბაშად 10 ცვლილება განხორციელდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშეც არ ჩაუვლია – სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ გუნდს თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა, ბოიან პავლოვიჩი, თედო გრიგალაშვილი და ბექა კაკუშაძე ვერ ეხმარებოდნენ.

როგორც მოგახსენეთ, შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მატჩს, საკმაოდ მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, 250-მდე ადგილობრივი ქომაგი და ფეხბურთის სპეციალისტი დაესწრო. ქვეყნის ორგზის ჩემპიონებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

”ზესტაფონი”: მეშველიანი (კუპატაძე, 46), სარდალიშვილი (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ჭელიძე (გურული, 46), გაგოშიძე, ენდელაძე (ტუღუში, 46), ჭანკოტაძე ( კუხიანიძე, 46), შარიქაძე (გვალია, 46), დოლიძე (ფანცულაია, 46), გეწაძე (ჭანტურიშვილი, 46), კაპანაძე (დვალი, 46), ტატანაშვილი (საბანაძე, 46).

შეხვედრა უმაღლესლიგელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით 9-0 დასრულდა. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობაზე დეტალური საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში გატანილი გოლებით თავი თორნიკე კაპანაძემ (3-ჯერ), გიორგი ჭანკოტაძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა, გრიგოლ დოლიძემ, გიორგი ფანცულაიამ, ლაშა გვალიამ და ნიკა საბანაძემ გამოიჩინეს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური